ეკონომიკა

ყაზახეთი ხორბლის ექსპორტს ზრდის – საქართველო პრიორიტეტულ მიმართულებებშია

ყაზახეთი ხორბლის ექსპორტს ზრდის - საქართველო პრიორიტეტულ მიმართულებებშია

ყაზახეთის მთავრობა მარცვლეულის, კერძოდ კი, ხორბლისა და ფქვილის ექსპორტის გაზრდას გეგმავს და ახალი ბაზრების მოსაძიებლად მუშაობს. ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება კი კავკასიის რეგიონი და შესაბამისად, საქართველოც იქნება.

„სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს ექსპორტის გასაზრდელად ჩინეთში, კავკასიის ქვეყნებში, მათ შორის, აზერბაიჯანსა და საქართველოში, ასევე პაკისტანში, თურქეთში, ირანსა და სხვა ახალ ევროპულ ბაზრებზე“, – განუცხადეს ადგილობრივ მედია Kazinform-ს ყაზახეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

ყაზახური ხორბლის მთავარი შემსყიდველები, როგორც წესი, ავღანეთი და ცენტრალური აზიის ქვეყნები არიან, თუმცა, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ გეოპოლიტიკური მდგომარეობა შეიცვალა – ორივე ქვეყანა ხორბლის უმსხვილესი ექსპორტიორია, თუმცა ახლა ბაზრებს მარცვლეული შეფერხებით მიეწოდება, ყაზახეთში კი შექმნილ ვითარებაში ახალ შესაძლებლობებს ხედავენ.

აპრილიდან ყაზახეთში ხორბლისა და ფქვილის ექსპორტზე კვოტა მოქმედებს. თავდაპირველი გადაწყვეტილებით, შეზღუდვა 15 ივნისამდე იმოქმედებდა და ქვეყნიდან მხოლოდ 1 მლნ ტონა ხორბლისა და 300,000 ტონა ფქვილის გატანა იქნებოდა დაშვებული. მოგვიანებით, გადაწყვეტილება შეიცვალა და კვოტა პირველ სექტემბრამდე გახანგრძლივდა, თუმცა გაიზარდა საექსპორტო რაოდენობა – ახლა ქვეყნიდან 1.55 მლნ ტონა ხორბლისა და 670,000 ტონა ფქვილის გატანაა შესაძლებელი.

ხორბლისა და ფქვილის ექსპორტი ქვეყანაში მას შემდეგ შეზღუდეს, რაც რუსეთმა დროებით აკრძალა ხორბლის, მესლინის, ჭვავის, ქერისა და სიმინდის მიყიდვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირისთვის ბელარუსის გამოკლებით. ორი კვირის შემდეგ გადაწყვეტილება შეიცვალა და კავშირის წევრებს (სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი) იმპორტი მხოლოდ რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან ნებართვის მიღების შემდეგ შეუძლიათ.

ყაზახეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი ქვეყნებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ყიდულობს რუსულ ხორბალს, ამიტომაც მასზე წვდომის შეზღუდვა რისკების შემცველი იყო – წისქვილებს მარაგები შეუმცირდათ და ხარჯები გაეზარდათ, რადგან რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქცია უფრო იაფია, ვიდრე ადგილობრივად წარმოებული ხორბალი.

ხორბლის ექსპორტით ყაზახეთი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანია. მარცვლეულის საერთაშორისო საკონსულოს (ICG) თანახმად, 2020-2021 წლების სეზონზე ყაზახეთმა 8.1 მილიონი ტონა ხორბალი გაიტანა ექსპორტზე. მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში კი ქვეყნიდან 3 მლნ ტონაზე მეტი ხორბალი და 780,000 ტონაზე მეტი ფქვილი გავიდა.

რაც შეეხება საქართველოს, 2022 წლის 6 თვეში საქართველომ სულ 44,433 ტონა ხორბალი იყიდა და 14.6 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. ქვეყანაში ხორბლის მთავარი შემომტანი კვლავ რუსეთია 37,461 ტონით – მიუხედავად უკრაინაში სამხედრო აგრესიისა, საქართველოს მთავრობა რუსულ ხორბალზე უარს არ ამბობს. მეორე ადგილზე 3,703 ტონით ყაზახეთია, მესამეზე კი სომხეთი, რომლისგანაც წელს 3,269 ტონა ხორბალი ვიყიდეთ.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close