დღის ამბები

ჰიტლერის საათი აუქციონზე იყიდება

ჰიტლერის საათი აუქციონზე იყიდება

აუქციონის სახლმა, Alexander Historical Auctions-მა გასაყიდად გამოიტანა საათი, რომელიც ნაცისტური გერმანიის ლიდერს, ადოლფ ჰიტლერს ეკუთვნოდა. ინფორმაციას The Times ავრცელებს.

აუქციონის სახლის მფლობელს, ბილ პანაგოპულოსს ლოტიდან 2-დან 4 მლნ დოლარამდე მიღება სურს. მისი თქმით, ამ ნივთს, როგორც მტკიცებულებას, ისტორიული მნიშვნელობა აქვს. აუქციონის სახლის მფლობელმა ჰიტლერის საათი იმ ფრანგი ჯარისკაცის შორეული ნათესავისგან მიიღო, რომელმაც ის 1945 წლის მაისში ნაცისტური გერმანიის ლიდერის ბავარიული სახლიდან მოიპარა. ჯარისკაცს რობერ მინიო ერქვა.

გადმოცემის თანახმად, ფრანგული სატანკო დივიზიის ჯარისკაცებმა სახლი გაჩხრიკეს და იქ ვერავინ იპოვეს, თუმცა აღმოაჩინეს გვირაბებისა და სამალავი ადგილების ქსელი, რომელთაგან ერთ-ერთში საათი იყო შენახული.

ომიდან დაბრუნებისთანავე მინიომ საათი ნათესავს მიჰყიდა, რომელმაც ის თავის შთამომავლებს დაუტოვა. 2019 წელს ნათესავის შვილთაშვილი პანაგოპულოსის აუქციონის სახლს დაუკავშირდა და მისი ყიდვა შესთავაზა.

ბილ პანაგოპულოსი ამბობს, რომ ჰიტლერი საათს ხშირად არ ატარებდა და ამის ამსახველი ფოტოც ვერ მოიპოვა, თუმცა, მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ მას საათი არასდროს გაუკეთებია.

თავად ბილ პანაგოპულოსს შეძენილი აქვს იმ გერმანელი სამხედრო ოფიცრის ქუდი და ხიშტი, რომელიც საბერძნეთში, ბილის მამის მშობლიური ქალაქის მცხოვრებთა მკვლელობაზე იყო პასუხისმგებელი.

2019 წელს მიუნხენის აუქციონზე ადოლფ ჰიტლერის კუთვნილი ნივთები 600 000 ევროდ ლიბანელმა ბიზნესმენმა შეიძინა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close