ეკონომიკამსოფლიო

Bloomberg: უჩვეულო სიცხის ტალღები ევროპის ენერგოკრიზისს კიდევ უფრო ამძაფრებს

Bloomberg: უჩვეულო სიცხის ტალღები ევროპის ენერგოკრიზისს კიდევ უფრო ამძაფრებს

ევროპაში ტემპერატურა რეკორდულად მატულობს. სიცხის ტალღები აშრობს მდინარეებს და კიდევ უფრო ზრდის მოთხოვნას ელექტროენერგიაზე სახლების გასაგრილებლად. ეს ხდება მაშინ, როდესაც კონტინენტზე ისედაც შეფერხებულია ენერგორესურსების მიწოდება და ფასები რეკორდულადაა გაზრდილი.

ევროპის რიგ ქვეყანაში ზაფხული ჩვეულებრივზე ადრე დაიწყო და რეკორდული ტემპერატურა უკვე ივნისიდან ფიქსირდება. ცხელი და მშრალი ამინდი ისედაც გაზრდილ ელექტროენერგიის ფასებს კიდევ უფრო ზემოთ წევს იტალიაში, სადაც მყინვარებმა დნობა დაიწყო და ძლიერმა გვალვამ სოფლის მეურნეობაც დააზიანა.

ტემპერატურა იზრდება სამხრეთ ინგლისში, პორტუგალიასა და საფრანგეთშიც, ესპანეთის ნაწილში კი შესაძლოა, რეკორდულ ნიშნულს, 45 ცელსიუს გრადუსს მიუახლოვდეს.

„ევროპაში უჩვეულო სიცხე ზაფხულის ხანგრძლივობიდან გამომდინარეა და სავარაუდოდ, კიდევ ერთი ან ორი კვირა გაგრძელდება“, – ამბობს ბრიტანეთის მეტეოროლოგური ოფისის მეტეოროლოგი, გრეგ დევურსტი.

სიცხის გამო მდინარეების დონე იკლებს, ეს კი, თავის მხრივ, გამომუშავებას არა მხოლოდ ჰიდროელექტროსადგურებში ამცირებს, არამედ ბირთვულ სადგურებშიც. საფრანგეთის ელექტროენერგიის პროვაიდერი კომპანიის (EDF) თანახმად, შესაძლოა ზოგიერთ ატომურ ელექტროსადგურში გამომუშავება შემცირდეს, რადგან, გვალვის გამო, მდინარეების დონე იკლებს, წყალი კი გასაგრილებლადაა საჭირო. ჰესების გამომუშავება იტალიაში და ესპანეთშიც შემცირებულია მშრალი კონდიციების გამო.

წყლის დონე მდინარე რაინზე სულ მცირე 2007 წლის შემდეგ ყველაზე მეტადაა შემცირებული:

ტემპერატურასთან ერთად ფასებიც იზრდება. ბრიტანეთში ელექტროენერგიის ფასმა 1 მგვტ.სთ-ზე 197.9 ბრიტანულ სტერლინგს მიაღწია, რაც აპრილის შემდეგ ყველაზე მაღალი ფასია. საფრანგეთში ფასმა 148 ევროს გადააჭარბა მგვტ.სთ-ზე.

არადა, ჰიდროენერგია ევროპისთვის ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჰიდროელექტროსადგურები გამომუშავებით ევროპაში მეოთხე ადგილზეა.

მაღალი ტემპერატურა სიმინდის ნათესებსაც აზიანებს ევროპის მასშტაბით, რაც მათი ფასების ზრდასაც იწვევს.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close