ეკონომიკა

ნავთობის ღირებულება $93-მდე შემცირდა – ომამდელ ნიშნულს 3 დოლარი გვაშორებს

ნავთობის ღირებულება $93-მდე შემცირდა - ომამდელ ნიშნულს 3 დოლარი გვაშორებს

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასების შემცირების ტენდენცია გრძელდება – გასულ 24 საათში ბარელი ბრენტის ღირებულება 97 დოლარამდე დაეცა; WTI Crude-ის ფასი კი 93 დოლარამდე შემცირდა, რაც მოკლე პერიოდში ფასების ვარდნის 2.5%-იანი მაჩვენებელია.

აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომამდე დაფიქსირებულ ფასებს ამჟამად მხოლოდ 3 დოლარი გვაშორებს. შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალს ბარელი WTI-ს ფასი 92 დოლარს შეადგენდა, ბრენტის კი – 94 დოლარს.

ბოლო პერიოდში ნავთობის ფასების შემცირება აშშ-ის სტატისტიკის ფედერალური ბიუროს მიერ გასაჯაროებულ მონაცემებთან პირდაპირ კავშირშია, რომლის მიხედვით, ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონემ 9.1% შეადგინა, რაც 1981 წლის შემდეგ დაფიქსირებული უმაღლესი მაჩვენებელია.

ექსპერტების შეფასებით, მოსალოდნელზე მეტად გაზრდილი ინფლაციის მოსათოკად ფედერალური რეზერვი მონეტარულ პოლიტიკას, სავარაუდოდ, დამატებით 100 საბაზო პუნქტით გაამკაცრებს. როგორც წესი, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა ნეგატიურად აისახება ეკონომიკური ზრდის ტემპზე, რეცესიის ისედაც მაღალი რისკების პირობებში კი, FED-ის ხისტი პოლიტიკა, სავარაუდოდ, აშშ-ის ეკონომიკურ ზრდას კიდევ უფრო მეტად შეანელებს, რასაც, თავის მხრივ, საწვავზე მოთხოვნასა და ნავთობის ფასებზე ნეგატიურ გავლენა ექნება.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ევროზონის მაკროეკონომიკური პროგნოზის გაუარესების ფაქტორიც. მიმდინარე კვირას ევროკომისიამ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.3%-იანი ნიშნულიდან 1.4%-მდე შეამცირა; ხოლო ინფლაციის პროგნოზი 2023 წლისთვის 4%-დან 7.6%-მდე გაზარდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ევროზონასთან დაკავშირებით ნეგატიური მოლოდინები არა მარტო საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებსა და ჰეჯ-ფონდებს, არამედ თავად ევროკავშირის წარმომადგენლებსაც აქვთ.

გლობალური ეკონომიკების შეფერხება, ბუნებრივია, ნეგატიურ გავლენას ახდენს ენერგორესურსების ფასებზე, გეოპოლიტიკური არასტაბილურობა კი კიდევ უფრო მეტად ზრდის რეცესიის განვითარების რისკებს, რაც აგრეთვე გარკვეულ ასახვას პოვებს საერთაშორისო ბირჟებზე.

მიმდინარე ფასების პარალელურად, დაღმასვლის ტენდენცია ფიქსირდება ფიუჩერსულ კონტრაქტებთან მიმართებითაც, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ტრეიდერები მომავალში ენერგორესურსების კიდევ უფრო მეტად გაუფასურებას პროგნოზირებენ.

ბარელი ნავთობის ფიუჩერსების ფასები თვეების მიხედვით:

2022 წლის აგვისტო – $94.0
2022 წლის სექტემბერი – $91.5
2022 წლის ოქტომბერი – $89.0
2022 წლის ნოემბერი – $87.0
2022 წლის დეკემბერი – $85.3
2023 წლის იანვარი – $84.3
2023 წლის თებერვალი – $83.0
2023 წლის მარტი – $81.7
2023 წლის აპრილი – $80.9

საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის ფასების შემცირების ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზი აზიის მასშტაბით COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევების გავრცელებაცაა. აღნიშნული მოვლენა ზრდის იმის რისკის, რომ ჩინეთის მთავრობამ უმსხვილეს ქალაქებში კიდევ ერთხელ დააწესოს მკაცრი რეგულაციები და ლოკდაუნები, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის მასშტაბით მობილობას და საწვავზე მოთხოვნას შეამცირებს.

ენერგორესურსებით მოვაჭრეთათვის ნეგატიურ ფაქტორად სახელდება მიმდინარე კვირას აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შეხვედრა OPEC-ის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან. იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება და საუდის არაბეთი ნავთობის მიწოდების გაზრდის გადაწყვეტილებას მიიღებს, სავარაუდოდ, ნავთობის ფასებზე ნეგატიური ზეწოლა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close