საზოგადოება

სურსათის ნიმუშებში ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა არ გამოვლინდა – რომელი პროდუქტები მოიკვლია სეს-მა

სურსათის ნიმუშებში ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა არ გამოვლინდა - რომელი პროდუქტები მოიკვლია სეს-მა

სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველური და მცენარეული წარმოშობის სურსათსა და წყალში აქტიურად იკვლევს მძიმე მეტალების, მათ შორის ტყვიის შემცველობას. ინფორმაციას სეს-ი ავრცელებს.

უწყების ცნობით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სააგენტოს ინსპექტორებმა დედაქალაქსა და 5 რეგიონში – გურიაში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში ნიმუშები აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს. შედეგად, გამოკვლეულია ხორცისა და ხორცპროდუქტების, რძისა და რძის ნაწარმის, თევზისა და თევზის პროდუქტების, ბავშვთა კვების 118 ნიმუში, საიდანაც ტყვიის შემცველობა ყველა შემთხვევაში ნორმას შეესაბამებოდა.

„დარღვევების მინიმუმამდე შემცირება ბოლო წლებში გააქტიურებული კონტროლის, სააგენტოს მიერ მიღებული სპეციალური ზომებისა და ბიზნესსექტორთან აქტიური კომუნიკაციის შედეგია“, – აღნიშნავენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

სააგენტოს ინფორმაციით, 2017 წელს, სხვადასხვა დასახელების სურსათის 712 ნიმუშიდან, ნორმასთან შეუსაბმობა 97 შემთხვევაში აღინიშნა, ხოლო 2021 წელს გამოკვლეულ 500-მდე ნიმუშში, ტყვიის შემცველობა დასაშვებ ზღვარს არცერთ შემთხვევაში არ აღემატებოდა. სააგენტო, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ნიმუშების აღებასა და კვლევას განაგრძობს.

ცნობისთვის: ტყვია მძიმე ლითონია, რომელიც შესაძლოა ადამიანისა და ცხოველის ორგანიზმში საკვებისა და წყლის გზით მოხვდეს, ჭარბი რაოდენობით იგი მომწამვლელია. სწორედ ამიტომ, ტყვიის შემცველობა სურსათსა და წყალში დასაშვებ ზღვარს არ უნდა აღემატებოდეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close