სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე პასუხისგებაში 4 პირი მისცა

საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე პასუხისგებაში 4 პირი მისცა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მოტყუებით, სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში ოთხი პირი მიეცა. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2019-2021 წლებში, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, საქონლის ფიქტიური მიწოდების ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები დაამზადეს და გამოიყენეს, რა გზითაც 270 000 ლარზე მეტი ოდენობის ყალბი აქტივი შეიქმნეს, რომელიც შემდგომში ბიუჯეტის მიმართ არსებული ვალდებულებების დასაფარად გამოიყენეს.

ბრალდებულებმა, ამავე კომპანიების საგადასახადო შემოწმებასთან დაკავშირებით, მოსალოდნელი დარიცხვებისაგან თავის არიდების მიზნით, აღურიცხავ საქონელზე საქონლის შეძენის დამადასტურებელი ყალბი შესყიდვის აქტები დაამზადეს და მაკონტროლებელ ორგანოს წარუდგინეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებითა და 185-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გრძელდება, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close