საზოგადოება

„ელექტრონული რეცეპტის მიღება საყოველთაო ჯანდაცვის პაციენტებისთვის უფასოა“ – სამინისტრო

„ელექტრონული რეცეპტის მიღება საყოველთაო ჯანდაცვის პაციენტებისთვის უფასოა“ - სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ეკა ადამიას განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პაციენტებისთვის ექიმთან ვიზიტი და ელექტრონული რეცეპტის მიღება უფასოა. ამის შესახებ მან ფარმაცევტულ სექტორში მიმდინარე რეფორმების შეფასებისას განაცხადა.

„როდესაც პაციენტს ესაჭიროება ელექტრონული რეცეპტის გამოწერა და შესაბამისად ექიმთან ვიზიტი, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ეს ვიზიტი ყველა ბენეფიციარისთვის უფასოა, მათ შეუძლიათ ისარგებლონ ოჯახის ექიმის უფასო კონსულტაციით და ასევე მიიღონ შესაბამისი სამკურნალო მედიკამენტის ელექტრონული რეცეპტი“, – თქვა ეკა ადამიამ.

მისი თქმით, ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე ცვლილებები ფარმაცევტული სექტორის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე დანახარჯების შემცირებას ისახავს მიზნად.

„აღნიშნული მედიკამენტები თვითნებურად მისაღები საშუალება არ არის. თვითნებურად მიღებამ შეიძლება, პაციენტს ზიანი მიაყენოს. ამიტომ, აუცილებელია, ექიმის და ბენეფიციარის კონტაქტი აღდგეს, რისი კულტურაც საქართველოში არც ისე მაღალია.

გვაქვს მედიკამენტებიც, რომელიც გამოწერას არ ექვემდებარება, ანუ ისინი შეიძლება, ბენეფიციარმა აფთიაქში თავისუფლად იყიდოს. მეორე ჯგუფის და ხაზგასმით, ფსიქოტროპული წამლები ზუსტად ის მედიკამენტებია, რომელთა არასწორმა დოზირებამ, ან არასწორ შემთხვევაში მიღებამ შესაძლოა, პაციენტს ზიანი მიაყენოს. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ სახელმწიფომ ამ თემას ხაზი გაუსვას და ამ მიმართულებით გარკვეული წესები დააწესოს. ექიმების და პაციენტების ურთიერთობა უნდა აღდგეს. პაციენტი ექიმთან ვიზიტზე აუცილებლად უნდა მივიდეს, რათა სწორი დანიშნულებით სწორი, ხარისხიანი და იაფი მედიკამენტი მიიღოს იმისათვის, რომ იმკურნალოს“, – განაცხადა ეკა ადამიამ.

ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ყველა ექიმს, აქვს შესაძლებლობა მედიკამენტების ელექტრონული რეცეპტი გამოწეროს ხანგრძლივი ვადით, რის შედეგადაც პაციენტს, რეცეპტის მისაღებად ექიმთან ყოველთვიურად ვიზიტი არ დაჭირდება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close