სპორტი

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „სპორტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები დააინიცირა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „სპორტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები დააინიცირა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე სპორტში კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვის მიზნით, „სპორტის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაინიცირდა.

კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით, თელავში, გასვლითი საკომიტეტო სხდომის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ის ძირითადი პრინციპები და მიდგომები მომზადდა, რაც სპორტში კარგი მმართველობის დანერგვას ემსახურება.

„სპორტში კარგი მმართველობა მოწინავე ადგილს იკავებს მთავრობათაშორისი ორგანიზაციების, ეროვნული მთავრობებისა და სპორტული მოძრაობების დღის წესრიგში. კარგი მმართველობა არ არის შედეგი, ეს არის პროცესი, რომელსაც სასურველ შედეგამდე მივყავართ. 2019-2020 წლებში, კომიტეტის მხარდაჭერით, სპორტული ორგანიზაციების მიერ კარგი მმართველობის პრინციპების გამოყენებაზე შესაბამისი კვლევები ჩატარდა, რომლის შედეგადაც გამოვლინდა, რომ სამიზნე ორგანიზაციები კარგი მმართველობის პრინციპებს „სუსტად ასრულებენ“. სპორტული ორგანიზაციების მიერ კარგი მმართველობის პრინციპების უგულებელყოფას კი მნიშვნელოვანი პრობლემები ახლავს თან“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა. მისივე შეფასებით, აღნიშნული პრობლემები სპორტული ფედერაციების არჩევნებთან დაკავშირებულ დავებს, ძალაუფლების მონოპოლიზაციას, ინტერესთა შეუთავსებლობასა და ნეპოტიზმს, სახელმწიფო სახსრების არაეფექტიან გამოყენებასა და კორუფციას უკავშირდება.

მიხეილ ყაველაშვილმა საკანომდებლო ცვლილებების მიღების შემთხვევაში მის შესაძლო შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კანონპროექტის ეფექტიანი აღსრულება სპორტზე გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსების ეფექტიანობისა და შედეგიანობის ზრდაზე დადებით გავლენას მოახდენს და ასევე განამტკიცებს სპორტული ორგანიზაციების ავტონომიურობას და გაზრდის მათ შესაძლებლობებს.

რაც შეეხება კანონპროექტის ძირითად არსს – ცვლილებებით სპორტის სფეროში კარგ მმართველობასთან დაკავშირებული მარეგულირებელი სისტემა ჩამოყალიბდება და განისაზღვრება ძირითადი დაინტერესებული სუბიექტების ფუნქციები და მათი პასუხისმგებლობა. ცვლილებებით ასევე გათვალისწინებულია სპორტში კარგი მმართველობის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები.

კომიტეტის მიერ დაინიცირებული კანონპროექტი, პარლამენტის ბიუროს წარედგინება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close