საზოგადოება

საქართველოში 2 ახალი – ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიები შეიქმნება

საქართველოში 2 ახალი - ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიები შეიქმნება

საქართველოში 2 ახალი დაცული ტერიტორია დაარსდება. ამის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

კანონპროექტი შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, ტანასა და თეძამის ხეობებში, 32 850 ჰექტარ ფართობზე, ტანას აღკვეთილისა (საერთო ფართობია 10 986 ჰექტარი) და ტანასა და თეძამის დაცული ლანდშაფტის (საერთო ფართობია 21 864 ჰექტარი) დაარსებას ითვალისწინებს.

„გორის მუნიციპალიტეტში მდებარე ტანასა და თეძამის ხეობებს, თავისი მდებარეობის გამო, მნიშვნელოვანი კონსერვაციული ფუნქცია აქვს, კერძოდ, ეს ორი ხეობა წარმოადგენს საქართველოს ორი ეროვნული პარკის ბორჯომ-ხარაგაულის და ალგეთის ეროვნული პარკების დამაკავშირებელ დერეფანს. ტანასა და თეძამის ხეობების ტყეები და სუბ-ალპური მდელოები მრავალი ძუძუმწოვრისთვის ბუნებრივი სამიგრაციო დერეფანია და ამგვარად, ის ხელს უწყობს ბორჯომ-ხარაგაულისა და ალგეთის ეროვნული პარკების ფაუნის პოპულაციების მდგრადობას.

ტანასა და თეძამის ხეობები წარმოადგენს მნიშვნელოვან ადგილს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის. ახასიათებს ფლორისა და ფაუნის სახეობების მრავალფეროვნება. აქ გავრცელებულია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ფლორისა და ფაუნის შემდეგი სახეობები: ფოცხვერი, წავი, დათვი, ფასკუნჯი, მაღალმთის მუხა, შიშველი თელადუმა, უხრავი, ყამბრო, ტანა გლერძი. ხეობებში წარმოდგენილია მაღალი კონსერვაციული ღირებულების მქონე შემდეგი სახეობები – კავკასიური იორდასალამი (Paeonia caucasica) და აწყურული მიხაკი (Dianthus azkurensis). ამასთან, ტანასა და თეძამის ხეობები წარმოადგენს საკვანძო ტერიტორიას ირმის კონსერვაციისთვის,“ – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close