განტვირთვა

როგორ შევინარჩუნოთ ვიტამინები და მინერალები გაყინულ პროდუქტებში?

როგორ შევინარჩუნოთ ვიტამინები და მინერალები გაყინულ პროდუქტებში?

0

თუ გინდათ, რომ გაყინულ ხილსა და ბოსტნეულში ვიტამინები მაქსიმალურად შენარჩუნდეს,ისინი უბრალოდ არ „შეტენოთ“ საყინულეში. პროდუქტების სწორად გაყინვა გარკვეული წესების დაცვას საჭიროებს.

გახსოვდეთ, რომ გაყინვის უპირატესობა ხანგრძლივად შენახვაა. თუ თერმული რეჟიმი არ დაირღვა, საყინულეში ხილისა და ბოსტნეულის შენახვა მთელი წლის მანძილზე შეიძლება.

სწორად შენახული გაყინული პროდუქტი – ხილი და ბოსტნეული – ვიტამინებს და მინერალებს სრულად ინარჩუნებს, ასევე მათში არ გროვდება ნიტრატები. კონსერვირებული პროდუქტებისგან განსხვავებით, გაყინული პროდუქტი არ შეიცავს მარილს, შაქარსა და კონსერვანტებს.

სწორად გაყინვის წესები

გახსოვდეთ, რომ გასაყინად უნდა შეარჩიოთ მწიფე, მაგარი და დაუზიანებელი ხილი, ბოსტნეული და კენკრა.

უმჯობესია, პროდუქტი მცირე დოზებად დააფასოოთ.

გაყინვის წინ ნებისმიერი პროდუქტი კარგად გადაარჩიეთ, მოაცილეთ ყუნწები და დაზიანებული ნაყოფი. ამის შემდეგ კარგად გარეცხეთ გამდინარე წყლით და ქაღალდის პირსახოცზე გააშრეთ. გაითვალისწინეთ, რაც უფრო „მშრალად“ გაყინავთ პროდუქტს, მით ხარისხიანი იქნება ის!

უმჯობესია, თუ გასაყინ პროდუქტს ერთ ფენად დააწყობთ ლანგარზე და ასე გაყინავთ. ამის შემდეგ ლანგარი გამოიღეთ და უკვე გაყინული პროდუქტი ერთად მოათავსეთ კონტეინერში. ასე ნაყოფი ერთმანეთს არ მიეკრობა და გადნობისას გაცილებით ბუნებრივი იერი ექნება.

არ დაგავიწყდეთ, რომ პროდუქტის მოთავსების შემდეგ პაკეტიდან უნდა გამოუშვათ ჰაერი და თავი მჭიდროდ მოუკრათ.

გაყინული პროდუქტები მაცივარში -180C. ტემპერატურაზე უნდა ინახებოდეს.

რომელ კონტეინერში ჯობს პროდუქტების გაყინვა?

ყველაზე იდეალური ვარიანტი პლასტიკური პაკეტია. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც მცირე ტევადობის საყინულე აქვს. პაკეტებში მშვენივრად ინახება ბოსტნეულის ნაზავი და მყარი ხილი.

თავსახურიანი პლასტიკური კონტეინერები კარგია სოკოს, კენკრისა და რბილი ხილისა თუ ბოსტნეულის, ანუ ყველა იმ პროდუქტის შესანახად, რომელმაც შეიძლება დეფორმაცია მიიღოს.

პლასტიკური ბოთლები შესანიშნავი საშუალებაა პიურესა და ბულიონების შესანახად. იმის ნაცვლად, რომ თერმულად დაამუშაოთ და ყველა ვიტამინი და მინერალი დაუკარგოთ, შეგიძლიათ მარწყვი, ხენდრო, ჟოლო, მოცხარი და ხურტკმელი, ცალ-ცალკე ან შერეული, გახეხოთ, სურვილის შემთხვევაში, ცოტაოდენი შაქარი დაუმატოთ, ჩაასხათ პლასტიკატის ბოთლებში და გაყინოთ.

პროდუქტი გამოყენებამდე 10-15 წუთით ადრე უნდა გამოიღოთ საყინულიდან და ოთახის ტემპერატურაზე გაალღოთ. ბოთლის შერჩევის დროს უპირატესობა მინერალური წყლისთვის განკუთვნილ 0,5 ან 1-ლიტრიან ბოთლებს მიანიჭეთ.

მინა ან მეტალი გაყინული პროდუქტების შესანახად არ გამოგადგებათ.

გახსოვდეთ, რომ, პლასტიკისგან განსხვავებით, ისინი რეაგირებენ ტემპერატურის ცვლილებაზე.

ერთხელ გამდნარი პროდუქტი ხელმეორედ აღარ გაყინოთ. განმეორებითი გაყინვა, გარეგნული ფორმის გარდა, ვიტამინებისა და მინერალების მარაგსაც დააზარალებს.

ნებისმიერი პროდუქტის გაყინვა შეიძლება, თუმცა გახსოვდეთ, რომ გალღობის შემდეგ ყველა პროდუქტი ერთნაირად ვერ შეინარჩუნებს გარეგან იერს. ხილი შეიძლება შეინახოთ მთლიანიც და დაჭრილიც. განსაკუთრებით, თუ საქმე ისეთ კურკოვან ხილს ეხება, როგორებიცაა ატამი, ქლიავი და ა.შ.

ბოსტნეულის, მაგალითად, ბადრიჯნის, გაყინვა შესაძლებელია კუბიკებად ან რგოლებად დაჭრილის.

წვრილი („ჩერის“ ჯიშის) პომიდვრების გაყინვა შესაძლებელია დაუჭრელად.

მსხვილი ჯიშის პომიდვრები შეგიძლიათ რგოლებად დაჭრათ, ერთ ფენად გაყინოთ და შემდეგ ერთიანად მოათავსოთ პოლიეთილენის პარკში. ასეთი პომიდვრები განსაკუთრებით პიცისა და „ჩიჟი-ბიჟის“ მოყვარულებს გამოადგებათ.

გაითვალისწინეთ, რომ გაყინვის შემდეგ პომიდორი სიმკვრივეს კარგავს, სამაგიეროდ, წვრილად დაჭრილი და გაყინული პომიდვრის გამოყენება ზამთარში ტომატ-პასტის ნაცვლად შეგიძლიათ.

მოსახარში სიმინდი საყინულეში თავისივე მწვანე საფარით შეინახეთ. როცა მოხარშული სიმინდი მოგინდებათ, უბრალოდ გამოიღეთ საყინულიდან და 5 წუთით მიკროტალღურ ღუმელში დაატრიალეთ.

კარგად იყინება ქლიავი, ატამი, ალუბალი, მარწყვი და ა.შ.

რეკომენდებული არ არის ბანანის, ნესვისა და ციტრუსების გაყინვა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close