განტვირთვა

მილიარდერები, რომლებმაც ქონება მემკვიდრეობით ან განქორწინებით მიიღეს

მილიარდერები, რომლებმაც ქონება მემკვიდრეობით ან განქორწინებით მიიღეს

0

ამერიკულმა „ფორბსმა“ იმ ადამიანების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლებიც განქორწინების ან მემკვიდრეობის მიღების შემდეგ გამდიდრდნენ. სიაში მოხვდნენ Walmart-ისა და Mars-ის ბიზნეს-იმპერიის მემკვიდრეები, სტივ ჯობსის ქვრივი და Amazon-ის დამფუძნებლის ყოფილი ცოლი.

პირველი ადგილი გაინაწილეს ჩარლზ და ჯულია კოხებმა, კომპანია Koch Industries-ის მფლობელებმა. ჩარლზ კოხის ქონება 59.6 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, მდგომარეობა მან მამის, ფრედ კოხის გარდაცვალების მერე, მემკვიდრეობით მიიღო, რომელმაც 1940 წელს დააარსა ნავთობგადამამუშავებელი კომპანია Koch Industries. მემკვიდრეობის ნაწილის მფლობელიც მაშინვე გახდა მისი ძმა, დევიდ კოხიც. „ფორბსი“ აღნიშნავს, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ, ძმებმა ის ამერიკის მეორე ყველაზე შემოსავლიან კომპანიად აქციეს, წლიური 115 მილიარდი დოლარის შემოსავლით.

კოხებს რეიტინგში მოსდევენ უოლტონების ოჯახის წევრები. Walmart-ის ქსელის დამაარსებლის უმცორსი ძმა, ჯიმ უოლტონი რეიტინგის მესამე პოზიციაზეაა, 58.3 მილიარდი დოლარით. სემ უოლტონის ერთადერთი ქალიშვილი 57.5 მილიარდით მეოთხე ადგილზე მოხვდა, უფროსი ვაჟი რობ უოლტონი – 57.2 მილიარდით მეხუთე პოზიციაზე განთავსდა.

კომპანია Amazon-ის დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის ყოფილი მეუღლე, მაკენზი სკოტი, მილიარდერების სიას განქორწინების მერე შეუერთდა. ყოფილმა ქმარმა მას Amazon-ის მეოთხედი წილი გადასცა და შესაბამისად, მაკენზის ქონება 30.7 მილიარდი დოლარი გახდა. აქციების მეოთხედი, 12 მილიარდის ოდენობით, ბეზოსის ყოფილმა ცოლმა ქველმოქმედებაში დახარჯა.

საკონდიტრო ფირმის, Mars-ის მემკვიდრეები, და-ძმა ჯონ და ჟაკლინ მარსები მეშვიდე პოზიციაზე განთავსდნენ 29.7 მილიარდით.

მე-12 ადგილი 17.7 მილიარდით დაიკავა რუპერტ მერდოკმა, მედიაიმპერია News Corp.-ის დამფუძნებელმა, რომელშიც ისეთი რეიტინგული მედიასაშუალებები შედის, როგორიც არის: Fox News, The Wall Street Journal, The New York Post და ბრიტანული ტაბლოიდი The ​​Sun.

კომპანია Apple-ის დამაარსებლის, სტივ ჯობსის ქვრივი, ლორენ პაუელ ჯობსი, 13.9 მლრდ.-ით რეიტინგის მე-14 ადგილზე განთავსდა.

რეიტინგის ყველა მონაწილის მდგომარეობა ჯამში 568 მილიარდ დოლარს შეადგენს. „ფორბსის“ შეფასებით – ეს ამერიკის 701 მილიარდერის ქონების დაახლოებით 13.5%-ს შეადგენს, სრულად კი, ეს თანხა 4.2 ტრილიონ დოლარს აღწევს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close