საზოგადოება

გივი მიქანაძე პანკისის ხეობის სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

გივი მიქანაძე პანკისის ხეობის სკოლის მოსწავლეებს შეხვდა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრი, ახალგაზრდობის მიმართულების ხელმძღვანელი პარლამენტში, გივი მიქანაძე თბილისში, სასწავლო ვიზიტად მყოფ, პანკისის ხეობის სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. საქართველოს პარლამენტის გაცნობითი ტურის შემდეგ, ახალგაზრდები სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის საქმიანობას და ახალგაზრდობის მხარდამჭერ ინიციატივებს გაეცნენ, – ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გივი მიქანაძემ ახალგაზრდებს პარლამენტის ფუნქციები გააცნო და ყურადღება გაამახვილა საკანონმდებლო ორგანოს როლზე როგორც ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების, ასევე მისი ზედამხედველობის კუთხით. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდების გააქტიურება ადგილობრივ, მუნიციპალიტეტების დონეზე, მათი ჩართულობით და პროცესებში მონაწილეობით წარიმართოს.

პარლამენტის წევრმა ახალგაზრდებთან კომიტეტის მიერ მომზადებული კონცეფციის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდობის მხარდასაჭერად და მათ წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად, პარლამენტი და შესაბამისი კომიტეტი, სამინისტროსთან და ახალგაზრდობის სააგენტოსთან ერთად მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებენ. ეს შეეხება როგორც საკანონმდებლო ინიციატივებს, ასევე ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებულ პროექტებსა და პროგრამებს.

პანკისის ხეობის სკოლის მოსწავლეების საქართველოს პარლამენტში სტუმრობა საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში განხორციელდა, რომელიც აშშ-ს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტი პანკისის ხეობის, წეროვანის, ხულოსა და ადიგენის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების უფროსკლასელების სამოქალაქო ცნობიერების გაძლიერებას, არაფორმალური განათლებისა და სხვადასხვა აქტივობის გზით მათი შესაძლებლობების გაზრდას ისახავს მიზნად.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close