საზოგადოება

მინისტრის მოადგილე – წისქვილების დიდი ნაწილის მუშაობა შეჩერებულია, მაგრამ მათი უმრავლესობა გადაერთო ფქვილის შემოტანაზე და ეს პრობლემა კომპლექსურადაა გადაჭრილი

მინისტრის მოადგილე - წისქვილების დიდი ნაწილის მუშაობა შეჩერებულია, მაგრამ მათი უმრავლესობა გადაერთო ფქვილის შემოტანაზე და ეს პრობლემა კომპლექსურადაა გადაჭრილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი ხანიშვილის განცხადებით, „ხორბლისა და ფქვილის ასოციაციასთან“ კომუნიკაცია ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს და სახელმწიფოს ინტერესია, რომ წისქვილკომბინატები ამუშავდეს.

კითხვაზე, ხომ არ არის რაიმე გადაწყვეტილება მიღებული „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ მიერ მთავრობის ადმინისტრაციაში ფქვილის იმპორტისა და ხორბლის იმპორტის გადასახადებს შორის არსებულის სხვაობის ნიველირების შესახებ, ხანიშვილი ამბობს, რომ „საუბარია პარიტეტზე, რის შესახებაც გადაწყვეტილების მიღებაც შეიძლება“.

მისი თქმით, „პრიორიტეტია, რომ საზოგადოებას ჰქონდეს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი პური და ქვეყანაში შემოვიდეს მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იაფი ფქვილი“.

„როდესაც ლევან სილაგავამ წერილი შემოიტანა, მაშინაც იმართებოდა ეს კომუნიკაციები, პარალელურ რეჟიმში მანამდეც ვმუშაობდით და შემდგომაც. ლევან სილაგავასთან კომუნიკაცია გვაქვს ყოველდღიური რეჟიმში. ამ პროცესში პულსზე გვიდევს ხელი, ვხედავთ, რა ხდება. სახელმწიფოს ინტერესია, რომ წისქვილკომბინატები ამუშავდეს და ქვეყანაში დამატებითი ღირებულება შეიქმნას. ჩვენ ვაკვირდებით მსოფლიო ბაზრებზე მიმდინარე მოვლენებს და ვიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს.

რაც შეეხება წისქვილკომბინატებს, წისქვილების დიდი ნაწილის მუშაობა შეჩერებულია, მაგრამ ხორბლის მცირე რაოდენობა დღესაც შემოდის ქვეყანაში, რაც წისქვილების მუშაობას ნაწილობრივ უზრუნველყოფს. ახალი ხორბლის მოსავალიც მოდის. ამავე დროს ვფიქრობთ, რომ წისქვილების აბსოლუტური უმრავლესობა ასევე გადაერთო ფქვილის შემოტანაზე, ასე რომ კომპლექსურადაა ეს პრობლემა გადაჭრილი, თუმცა, რა თქმა უნდა, არსებული სიტუაციის გაუმჯობესებაზე მუდმივ რეჟიმში ვმუშაობთ როგორც ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციასთან, ისე პურის მწარმოებელ ორგანიზაციებთან“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

ცნობისთვის, „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ“ რამდენიმე კვირის წინ მთავრობის ადმინისტრაციაში კიდევ ერთი წერილი შეიტანა. ასოციაციის დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, სექტორის მთავარი წინადადება ისაა, რომ ფქვილის იმპორტისა და ხორბლის იმპორტის გადასახადებს შორის არსებული სხვაობის ნიველირება მოხდეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close