ეკონომიკა

საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტი გაუძვირდა – სად რამდენად ვყიდულობთ დენს

საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტი გაუძვირდა - სად რამდენად ვყიდულობთ დენს

საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტი გაუძვირდა. კერძოდ, თუ 2021 წლის აპრილში ქვეყანამ ერთი კვტ/სთ დენი საშუალოდ 6 ცენტად იყიდა, წელს აპრილში გადახდილი თანხის მოცულობამ 7 ცენტი შეადგინა.

უფრო კონკრეტულად, საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკოს) სტატისტიკის მიხედვით 2021 წლის აპრილში საქართველომ აზერბაიჯანში, რუსეთსა და თურქეთში ჯამში 259.600 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია იყიდა, აქედან – თურქეთში – 50.065 მლნ კვტ/სთ, აზერბაიჯანში კი 36.153 მლნ კვტ/სთ. რაც შეეხება რუსეთს, შარშან აპრილში საქართველოში ჩრდილოეთიდან 173.382 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, საიდანაც 170.643 მლნ კვტ/სთ ოკუპირებულ აფხაზეთს მიეწოდა. (აფხაზეთისთვის იმპორტის თანხას საქართველოს არ იხდის). შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას რუსული დენის მხოლოდ მცირე ნაწილი – 2.739 მლნ კვტ/სთ მოხმარდა. საბოლოო ჯამში, შარშან აპრილში საქართველომ 88.957 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია იყიდა, რაც 4,397 მლნ დოლარი დაიჯდა, კილოვატის საშუალო ღირებულება კი 5 ცენტი იყო.

რაც შეეხება 2022 წლის აპრილს, წელს იმპორტირებული იქნა 70.611 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია, ჯამში 4,275 მლნ დოლარის ღირებულების, საშუალო ფასი კი 6 ცენტი იყო. შესყიდული ელექტროენერგიის უდიდესი წილი მოვიდა რუსეთზე, კერძოდ, წელს აპრილში საქართველომ რუსეთში იყიდა 69,803 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია, 4,217 მლნ დოლარის ღირებულების, ერთი კილოვატი საშუალოდ კი 6 ცენტი დაუჯდა, აზერბაიჯანში შესყიდულ 0,808 მლნ კვტ/სთ-ში კი 56,5 ათასი დოლარი გადაიხადა, ერთი კილოვატი საშუალოდ 7 ცენტად. აღსანიშნავია, რომ წელს აპრილში რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგია მთლიანად საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას მოხმარდა და აფხაზეთს არ მიწოდებია.

ცნობისათვის, იმპორტირებული დენის ფასი შედგება დღის, ღამის და უქმე დღეების ტარიფის შეწონვიდან. ზემოთ აღნიშნული მონაცემი, ანუ ტარიფი გამოყვანილია საშუალო მაჩვენებლიდან და არ ასახავს დღის/ღამის და უქმეების ტარიფს.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველო ყოველწლიურად საშუალოდ 65-78 მილიონი დოლარის ელექტროენერგიას ყიდულობს. მთავარი იმპორტიორები მეზობელი ქვეყნები – რუსეთი, თურქეთი და აზერბაიჯანია.

 

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close