საზოგადოება

სვეტიცხოვლის ტაძარში ერეკლე მეფის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი მიმდინარეობს

სვეტიცხოვლის ტაძარში ერეკლე მეფის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი მიმდინარეობს

სვეტიცხოვლის ტაძარში ერეკლე მეფის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი მიმდინარეობს. პანაშვიდს სასულიერო პირები აღასრულებენ. ტაძარში ასევე ჩატარდება წმინდა მეფე-დედოფალთა სავედრებელი პარაკლისი.

როგორც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ერეკლე მეორის შესახებ გაკეთებულმა განცხადებებმა ძალიან დიდი გულისწყრომა გამოიწვია.

“დროდადრო, ყველაზე უფრო სენსიტიურ თემებზე გაკეთებული მოუფრთხილებელი განცხადებები იწვევს საზოგადოებაში დაპირისპირებას, ადამიანების წყენას. საჭიროა ერთსულოვნება იყოს და ლოცვით გადავლახოთ უკმაყოფილება. იცით, რომ ერეკლე მეორის შესახებ გაკეთებულმა განცხადებებმა ძალიან დიდი გულისწყრომა გამოიწვია ბევრ ადამიანში”,-აღნიშნავს ჯაღმაიძე.

საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების მეთაურის, ზვიად სეხნიაშვილის თქმით, ისინი ყოველთვის იდგებიან წმინდანებისა და სახელოვანი ადამიანების დაცვის სადარაჯოზე.

როგორც მან აღნიშნა, ერეკლე მეფის სულის მოსახსენებელი პანაშვიდზე არამარტო კახეთიდან, არამედ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდა მრევლი.

,,სამწუხაროდ, დადგა ისეთი ჟამი და ისეთი დრო, რომ ვიღაცებმა ყოველგვარი ზღვარი და “წითელი ხაზი” გადალახეს. არის რაღაც, რაც არ უნდა თქვა, რადგან ამის გაკეთება სირცხვილია. ჩვენ აქ დგომით ვაჩვენებთ, თუ როგორ გვიყვარს ჩვენი წმინდანები, ყოველთვის ლოცვით, სიყვარულით დავდგებით იმ სადარაჯოზე. შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანის გესლი და შხამი ამაზე გავლენას ვერ იქონიებს”,- განაცხადა ზვიად სეხნიაშვილმა

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close