ეკონომიკა

OPEC-მა ნავთობის მიწოდება მოსალოდნელზე მეტად გაზარდა

OPEC-მა ნავთობის მიწოდება მოსალოდნელზე მეტად გაზარდა

ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია (OPEC+) საერთაშორისო ბაზრისთვის ნედლი ნავთობის მიწოდებას მოსალოდნელზე მეტად ზრდის.

OPEC-ის წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილებით, ივლისსა და აგვისტოში ნავთობის ყოველდღიური წარმოება 648,000 ბარელით გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ წარმოების ზრდის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება წლის დასაწყისში განსაზღვრულ დონეს (450,000).

ორგანიზაციის გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია მსოფლიოს უმსხვილესი ნავთობექსპორტიორი სახელმწიფოს – საუდის არაბეთის მთავრობის პოლიტიკის ცვლილებასთან. შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საუდის არაბეთი მზადაა, ევროპას ნავთობის მიწოდება გაუზარდოს.

გასათვალისწინებელია, რომ OPEC-ის წევრი სახელმწიფოები რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით „ნეიტრალიტეტს“ ინარჩუნებდნენ და ინტერვენციებისგან თავს იკავებდნენ, თუმცა საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკამ და აშშ-ის მთავრობის მკაცრმა პოზიციამ, როგორც ჩანს, შედეგი გამოიღო და ორგანიზაციის დე-ფაქტო ლიდერმა, პრინცმა მუჰამედ ბინ სამან ალ-საუდმა პოზიცია შეცვალა.

ექსპერტების შეფასებით, საუდის არაბეთის პოზიციის ცვლილება მოვლენების განვითარებასთან და მთავრობის მიერ პრიორიტეტების გადაფასებასთანაა დაკავშირებული. გასათვალისწინებელია, რომ ევროკავშირის ბაზრიდან რუსეთის გასვლით საუდის არაბეთისა და OPEC-ის წევრი სხვა სახელმწიფოებისთვის შესაძლებლობების ისტორიული ფანჯარა იხსნება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close