დღის ამბები

დილის მონაცემებით, 20 ათასამდე მოქალაქეა რეგისტრირებული „სინოფარმზე“

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ, კიბერშეტევის გამო, ვაქცინაციის პორტალზე – Booking.moh.gov.ge შექმნილი ტექნიკური ხარვეზები უკვე აღმოფხვრილია და რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს.

„ტექნიკური ხარვეზები აღმოფხვრილია. დილის მონაცემებით, 20 ათასამდე მოქალაქეა რეგისტრირებული „სინოფარმზე“. რეგისტრაციის პროცესი აქტიურად გრძელდება და ვფიქრობ, რომ აქტივობა იქნება კარგი“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ამ დროის მონაცემებით, 270 ათასზე მეტი მოქალაქეა აცრილი ერთი დოზით, ხოლო ორჯერადად – მათი მესამედი.

დღეიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით, მასობრივი ვაქცინაცია იწყება. იმუნიზაცია ქვეყანაში „სინოფარმის“ ვაქცინით წარიმართება. სრულ მზადყოფნაშია სამედიცინო დაწესებულებები. აღიჭურვა და გადამზადდა 300 ბრიგადა და 150 კლინიკა. კლინიკებთან ერთად ვაქცინაცია სპეციალურად მოწყობილ ამცრელ ცენტრებშიც იქნება შესაძლებელი. თუმცა პროცესში, მოთხოვნის მიხედვით რესურსი გაიზრდება.

ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close