დღის ამბები

კახეთში ატმის რთველი დაიწყო

კახეთში ატმის რთველი დაიწყო

კახეთში ატმის რთველი დაიწყო. კორონავირუსის პანდემიით შექმნილი გამოწვევების მიუხედევად, ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის პროცესი რეგიონში შეუფერხებლად მიმდინარეობს.

საქართველოდან ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება. ხილის მიღების პროცესში, ადგილზე 40-მდე სამაცივრე მეურნეობაა ჩართული.

„წელს 35 ტონამდე ატამს ველოდები, გასულ წელთან შედარებით, წელს ხარისხიანი და უკეთესი მოსავალია. ორი წელია, ხილის გაყიდვის საკითხი მოწესრიგებულია, წინა წლებში ძალიან რთული მდგომარეობა იყო და ჩვენი შრომა არ ფასდებოდა, იყიდებოდა 20-30 თეთრად, ახლა კილოგრამ ვაშლატამას ორ ლარად ვყიდით. ჩვენი ხილი გადის ექსპორტზე. თავის ტკივილი ნამდვილად აღარ მაქვს, ხვალ რომ დავკრეფავ, როგორ გავყიდო“, – ამბობს ხილის მწარმოებელი სოფელ ჩუმლაყიდან, მალხაზ ჯოხაძე.

სოფელ ჩუმლაყში მოსავლის დაბინავების პროცესს, ადგილზე გაეცნო კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული. როგორც ირაკლი შიოშვილი აცხადებს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული სახელმწიფო პროგრამების განხორციელება, დადებითად აისახება რეგიონის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

„რამდენიმე წლის წინ, სოფელ ჩუმლაყში სამი სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, ბოლო ორი წლის მანძილზე, მათი რიცხვი 40-მდე გაიზარდა. ამას ხელს უწყობს იაფი აგროკრედიტი, რომელიც შეიმუშავა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ. ფუნქციონირებს ერთი ფანჯრის პრინციპი და მწვანე დერეფანი. ყველა პირობაა შექმნილი რეგიონში, რომ ფერმერი იყოს დაკმაყოფილებული იმ ყველაფრით, რაც დამოკიდებულია ხელისუფლებაზე“, – აცხადებს ირაკლი შიოშვილი.

წელს კახეთში ატმისა და ვაშლატამას უხვ მოსავალს ელოდებიან. მოსავლის საპროგნოზო რაოდენობა 35 000 ტონას გადააჭარბებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close