დღის ამბები

არ არის ლესია უკრაინკას ადგილი ნადიკვარზე – კოტე მირიანაშვილი

არ არის ლესია უკრაინკას ადგილი ნადიკვარზე - კოტე მირიანაშვილი

ყოველთვის ვამბობ და ახლაც ვიტყვი: არ არის ლესია უკრაინკას ადგილი ნადიკვარზე. მით უფრო რომ მაღალი რანგის პოლიტიკოსები ჩამოდიან და უფრო და უფრო რთულდება საკითხი. ახლა, ამ ფოტოების მიხედვით, ნადიკვარი უკრაინკას და უკრაინის მემორიალური ადგილი გამოდის. არ არის ასე! ძეგლის თელავის გამორჩეულ ადგილას დადგმა, ნაც მოძრაობის მხრიდან, საბჭოური მიდგომა იყო. უფროსი ძმის სინდრომია! იგივე გრძელდება ახლაც: გვირგვინებით შემკობა და საზეიმო პარადული ფოტოების გადაღება, ასევე საბჭოური მენტალობის გამოვლინებაა ,,ქართ ოცნ” მხრიდან. ეს საპატიო ყარაული რაღაა?! ლენინია? შეგახსენებთ: ლესია უკრაინკას პწკარი არ აქვს დაწერილი საქართველოზე და მით უმეტეს თელავზე. თელავში 4 მისამართზე ცხოვრობდა. გარდაიცვალა სურამში! შესანიშნავი იდეა შემოგვთავაზა და დაბეჭდა ბატონმა ზურაბ არსენიშვილმა: რიყის სანაპიროზე გადავიტანოთო ძეგლი. იქაურობა ხომ მშვენიერ ბულვარად იქცა. იქვეა თელავის ერთ-ერთი დამეგობრებული ქალაქის მემორიალი. სულ ცოტაა საჭირო რომ ეგ ადგილი იქცეს მეგობრობის ბაღად. ძალიან ბევრი საქმე გაკეთდება ერთდროულად: გაჩნდება ახალი პარკი (მინიმალური დანახარჯის ფასად), გაჩნდება ახალი ტურისტული ობიექტი, ნადიკვარი გათავისუფლდება უხერხულად მდგარი მისთვის უცხო ისტორიული პირისგან და ა.შ. აგრეთვე შეგახსენებთ, რომ დიდი ქართველი მწერლის, კლასიკოსის, ვასილ ბარნოვის სახლი ისეთ დღეშია ავ თვალსაც არ ენახვება. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ვერავითარი უკრაინკა ახლოსაც ვერ მივა ბარნოვთან ვერც ლიტერატურის დონით და ვერც საქართველოსთვის ეროვნული მნიშვნელობით, ბარნოვი (ზოგიერთებივით ვინმეს რუსი არ ეგონოს) 3 ათეული წელი ემსახურა თელაველთა და არა მარტო თელაველთა აღზრდას, პატრიოტულად აღზრდილი ქართული ინტელიგენციის თაობები შექმნა. ნუთუ გამოილია, ნუთუ აღარ არის თელავში ის პატრიოტული სული, რითიც გამოირჩეოდა ჩვენი სატახტო ქალაქი და ამიტომ დავადექით სხვისი ლიტერატურული გმირების განდიდებას? შეიცვალა ქართული იდეოლოგიური ფასეულობები? ლესია უკრაინკა არის უკრაინელი ხალხის ეროვნული პოეტი ქალი, ის არ არის მსოფლიო მნიშვნელობის ლიტერატურული მოვლენა. ცხოვრობდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მხოლოდ იმიტომ, რომ ქმარი გამოუშვეს აქ სამუშაოდ. არაფერი დაუწერია თელავზე. მივაგოთ მას მისი კუთვნილი პატივი მეგობრობის ბაღში, სანაპიროზე და არა ისტორიულად ჩამოყალიბებულ თელავის ყველაზე ლამაზ ადგილზე, ნადიკვარზე.“

ასე ეხმაურება  თელავის მკვიდრი რეჟისორი  კოტე მირიანაშვილი ნადიკვარზე ლესია უკრაინკას ძეგლის არსებობას.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, თენგიზ სიმაშვილის შეფასებით  :

ვფიქრობ, რომ ლესია უკრაინკას ძეგლი ნადიკვარზე არ უნდა იდგეს…

ძალიან ხშირად მეკითხებიან თუ რა აკავშირებდა მას თელავთან და ნადიკვართან, მაგრამ ვერაფერს, გარდა იმისა, რომ აქ ცხოვრობდა 5 თუ 6 თვე ვერ ვამბობ… ისტორიიდან  მხოლოდ ცნობილია რომ კლიმენტი ვასილის ძე კვიტკა(ო)ს, რომელიც თელავში მსახურობს მომრიგებელ მოსამართლედ თან ჩამოყავს მეუღლე – ლარისა პეტრეს ასული კოსაჩი… რომლის ლიტერატურული ფსევდონიმიც იყო – ლესია უკრაინკა…

ამიტომ უკვირთ რატომ დგას ეს ძეგლი ნადიკვარზე,  თელაველებს და თელავის სტუმრებსაც…

და საერთოდაც ნადიკვარს  ძეგლები არ სჭირდება…

თუმცა, მე ვინ მკითხავს….

იქ  უფრო ვისურვებდი ვახტანგ ბოჭორიშვილის ბიუსტი ყოფილიყო, რომელითელავში სწორედ ნადიკვარზე მდგარ სახლში ცხოვრობდა, ანდა არტურ ლაისტის, ვისი სიტყვებიც კახეთის სილამაზეზე ჩემი აზრით სწორედ ნადიკვრის გადასახედის მონახულების შემდეგ დაიწერა ,,ნათელო კახეთო! ტყიანი მთების გვირგვინი შემოვლებია შენს მწვანე ველ–მინდორს. მზე და მთვარე შენი მეგობარია … ვისაც უნდა სასწაული იხილოს, მან სავსე მთვარიან ღამეს თელავიდან აღმოსავლეთით ალაზნის ველს უნდა უყუროს”

შეგახსენებთ რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრს, დენის შმიგალს, თელავის მუნიციპალიტეტს გუშნ ეწვია.
პრემიერ მინისტრმა  საქართველოში ვიზიტის ფარგლებში  ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად პარკ ნადიკვარზე ცნობილი უკრაინელი პოეტის, ლესია უკრაინკას ძეგლი გვირგვინით შეამკო.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოდგილე  ფიქრია ყუშიტაშვილი მეუღლესთან ერთად  მას უკრაინული ტრადიციული სამოსით დახვდნენ.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close