დღის ამბებილაგოდეხი

გივი ჯიბლაძის გზა სცენაზე

გივი ჯიბლაძის გზა სცენაზე

გივი ჯიბლაძე, ლაგოდეხის საპატიო მოქალაქე და ადგილობრივი სახალხო თეატრის უცვლელი რეჟისორია. 55 წელია ლაგოდეხში  სამსახიობო და სარეჟისორო საქმითაა დაკვებული.  რამდენიმე თვის წინ, წარმატებულ მსახიობს ვარსკვლავი გაუხსნეს. ამბობს, რომ ბავშობაში ექიმობა უნდოდა, მაგრამ ნოდარ დუმბაძის ზურიკელამ, მისი ბედი შეცვალა და თეატრში აღმოჩნდა.

– დავიბადე ლაგოდეხში, ბავშობაში ვოცნებობდი ექიმი გამოვსულიყავი. მე- 10 კლასში ყოფნის დროს  სკოლაში ერთი რეჟისორი მოვიდა, ბავშვები გამოგვიყვანა და გვითხრა რომ, ნოდარ დუმბაძის „ მე , ბებია , ილიკო და ილარიონის“ სპექტაკლისთვის ზურიკელას როლის შემსრულებელს ეძებდა.  ასე ჩავდექით რიგში ბავშვები და  მე არ მოვეწონე ?  მოკლედ დამამტკიცა როლზე. მოსწავლე ვიყავი, ჯერ არ  ვიცოდი, რა იყო თეატრი ან როლი. როგორც აღმოჩნდა, მაშინ მე ბედი მეწვია კარზე.  ოჯახში და ნათესავებში დაიწყეს ბუზღუნი, კაცი ექიმი უნდა გამოხვიდე და რა არტისტობა აგიტყდაო. მაგრამ მალე  ლაგოდეხის სახალხო თეატრში, პრემიერაზე როცა მობრძანდნენ მარტო რეჟისორს კი არა, უკვე მათაც მოვეწონე.  ამის მერე აღარც მიფიქრია თეთრ ხალათიან ექიმობაზე და წავედი ჩემი გზით. ზურიკელამ გადაწყვეტილება შემაცვლევინა. ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში და სწავლის დასრულების მერე დავბრუნდი ლაგოდეხის სახალხი თეატრში.

-რამდენი წელია უკვე რაც სცენაზე ხართ ?

-55 წელზე მეტია. 100 ზე მეტი როლი მაქვს ნათამაშები. ჩემთვის საყვარელი როლები იყო, „ვერაგობა და სიყვარული“, ფერდინანდის როლში, „ჩემი შვილი სიმონი“ სიმონის როლში, ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს. ეს ცოტა კურიოზულია ახალგაზრდობაში ამ სპექტაკლში სერგოს როლს ვთამაშობდი, უკვე ასაკში კი ოსეფა გავხდი…  მაყურებელს ჩემში ადრე თუ სერგო უყვარდა, ახლა ოსეფა ახალისებთ.

-დღეს თქვენ თეატრის რეჟისორიც ხართ… ოჯახი და თეატრი ერთად რთულია ?

-ოჯახი და თეატრი არაა რთული, უბრალოდ როცა თეატრში ხარ უკვე ორი ოჯახი გაქვს. აქედან მეტ დროს  თეატრის ოჯახში ატარებ , ცოტა დროს სახლში. რთულია ოჯახური ცხოვრება, ოჯახური პრობლემები, მაგრამ თეატრში ეს არ უნდა გახსოვდეს, აქ სხვა ოჯახზე უნდა იზრუნო.

2 შვილი მყავდა, დამეღუპა ერთი ბიჭი. რთულია ტრაგედიის მერე სცენაზე გასვლა, მაგრამ მსახიობი უნდა იყო რკინა და გაუძელი ტკივილს. ჩემი ვაჟის სიკვდილის მერე ვიფიქრე, რა როლი უნდა მეთამაშა რომ ჩემი ტკივილი და დარდი ხალხისთვის არ მომეხვია თავზე. ამიტომ გადავწყვიტე და დარისპანის გასაჭირი ვითამაშე, რომ ცხოვრება შემეცვალა,  ჩემთვისაც და მათთვისაც ვინც ჩემი გულშემატკივარი იყო სცენაზე.

-მომავალ თაობას რას ეტყოდით ?

-ვუსურვებდი თეატრის სცენის მეტ მტვერი  რომ ჩაეყლაპათ, , ვინც სცენის მტვერი ჩაყლაპა- ის თეატრს ვერ მოშორდება. ამიტომ თეატრს ბევრი ადამიანი სჭირდება

პ.ს. ლაგოდეხის მერიისა და კულტურის აიპის ხელშეწყობით, ბოლო წლებში ბევრი სპექტაკლი გაცოცხლდა სახალხო თეატრის სცენაზე. 2018 წელს  „თეფში“, „ორმაგი სიყვარული,“  2019 წელი „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“, 2021 წლიდან მუშაობენ საბავშვო სპექტაკლებზე “ბურატინო”, “ხარბი”, “იჭვიანი” და “დარისპანის გასაჭირი”.

განსაკუთრებით საბავშვო თეატრის დაუღალავი შრომაა ყურადსაღები. 2018 წლიდან სცენაზე მაყურებელს შეუძლია ნახოს „ბოროტსა სძლია კეთილმან“, „ხარბი საშობაო წვეულება“,  2019 წელი „დედობილი,“  „ფიფქია და 7 ჯუჯა“ ,  საახალწლო ზღაპარი 2020 წელი „ელენე, გიო და მეგობრები“

საინტერესოა თოჯინების დრამატული თეატრის სპექტაკლები, ,  2018 წელიდან  მუნიციპალიტეტის 31 საბავშვო ბაღში მერის ინიციატივით უფასოდ იდგმება  სპექტაკლები: სამი მეგობარი, ლურჯი ბაჭია, თაგუნიას გასაჭირი, მხატვარი მელია, ნანა ტყეში, წითელქუდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close