დღის ამბები

ბოდბის დედათა მონასტერში ნინოობა აღნიშნეს

ბოდბის დედათა მონასტერში ნინოობა აღნიშნეს. წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში სადღესასწაულო წირვა- ლოცვა ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა აღავლინა და მრევლს ნინოობა მიულოცა. მოგვიანებით კი წმინდა ნინოს საფლავზე პარაკლისი გადაიხადეს. მრევლი ტრადიციისამებრ ეზიარა.

თითქმის 5- წუთიანი ქადაგების დროს ბოდბელმა ეპისკოპოსმა ქრისტიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა, პანდემიის დროს ექიმების ღვაწლი კიდევ ერთხელ გამოყო და სიმამაცის გამო მათ მადლობა გადაუხადა.

მეუფე იაკობმა არ დააკონკრეტა, თუმცა პოლიტიკურ სპექტრზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მიპატიჟების მიუხედავად ზოგიერთი მათგანი ტაძარში მისვლაზე უარს ამბობს, რაც მისი შეფასებით, არასწორი ნაბიჯია.

“ექიმების სიმამაცეს ნურავინ ნუ დავიბრალებთ, რაც უნდა გაეკეთებინათ იმაზე 100-ჯერ და 1000-ჯერ მეტი გააკეთეს. მივატოვეთ, წინა ხაზზე გავუშვით და რამდენი დავაავადეთ, ყურადღებას ვერ გავქცევთ და მივხედოთ იმ ხალხს “- აღნიშნა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობმა ქადაგების დასაწყისში ემიგრანტები გაიხსენა და სხვა ქვეყნებში შენარჩუნებული ქრისტიანობის მნიშვნელობაზე ილაპარაკა.

მართლმადიდებელი სამყარო წმინდა ნინოს ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ – 27 იანვარს მის გარდაცვალებას და 1 ივნისს საქართველოში შემოსვლას აღნიშნავს. სწორედ წმინდა ნინოს სახელს უკავშირდება საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close