ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში მოსახლეობას ე.წ. „სპაისის“ ტიპის ნარკოტიკული საშუალების შესახებ აფრთხილებს.
მისი განცხადებით, საქართველოში გამოჩნდა ახალი, ძლიერი ნარკოტიკი, რომელიც, მისი თქმით, „სპაისის“ ან „K2“-ის სახელით იყიდება, მათ შორის, „ტელეგრამის“ არხების საშუალებით.
სიხარულიძე განმარტავს, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი მარიხუანა და მსგავსი სინთეზური ნივთიერებები, ის გაცილებით ძლიერი და ჯანმრთელობისთვის უფრო საშიშია.
მისი თქმით, მათი მოხმარება შესაძლოა დაკავშირებული იყოს ისეთ მძიმე შედეგებთან, როგორიცაა:
ძლიერი შფოთვა და პანიკა,
ჰალუცინაციები და ფსიქოზი,
აგრესია,
კრუნჩხვები,
გონების დაკარგვა,
სუნთქვის გაძნელება,
ზოგიერთ შემთხვევაში კი – სიკვდილი.
ნარკოლოგის განმარტებით, განსაკუთრებული საფრთხე ისაა, რომ მომხმარებელმა ხშირად არც კი იცის, რა ნივთიერებას იღებს, რადგან „სპაისის“ შემადგენლობა მუდმივად იცვლება.
მისივე ინფორმაციით, ეს ნივთიერებები ზოგჯერ სხვა ნარკოტიკულ საშუალებებსაც ერევა, რაც ჯანმრთელობის რისკს კიდევ უფრო ზრდის.
ნარკოლოგი მოქალაქეებს მოუწოდებს, თუ ასეთი ნივთიერების მიღების შემდეგ, ადამიანს აღენიშნება უცნაური ქცევა, გონების დაბინდვა, კრუნჩხვები ან სუნთქვის პრობლემები, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ 112-ს.














