მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქვეყნის მასშტაბით, 19 მუნიციპალიტეტში, 36 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ტენდერი გამოაცხადა.
პროექტის ფარგლებში კახეთში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა დაგეგმილია გურჯაანის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლის, ლაგოდეხისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში.
შესყიდვის ფარგლებში გათვალისწინებულია საბავშვო ბაღების დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და შემდეგ, აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების შესრულება.
პროექტების საერთო საორიენტაციო ღირებულება ჯამში 100 მილიონ ლარს შეადგენს.
შედეგად ქვეყნის მასშტაბით 36 ახალი საბავშვო ბაღი აშენდება, სადაც 2 000 მდე ბავშვისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხო და კომფორტული გარემო შეიქმნება.
საბავშვო ბაღების მშენებლობა ეტაპობრივად სხვა მუნიციპალიტეტებშიც იგეგმება.














