ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში მცხოვრები 28 წლის ავთო მარხვაიძე გომეწრის ხეობაში, სოფელ ბეღელას მიმდებარედ, გარდაცვლილი იპოვეს.
ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი თუშეთის სოფელ ჯვარბოსელში, დღეობაზე მიდიოდა, თუმცა დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწია.
გამოცემას „მთავარი ამბები კახეთიდან“ მისმა ახლობლებმა უთხრეს, რომ მარხვაიძე ჯვარბოსელის მიმდებარე ტერიტორიაზე საღამოს ჩავიდა. მათი ვარაუდით, სწორედ ამ მონაკვეთზე, ხიდზე გადასვლისას, წყალში გადავარდა.
ავთო მარხვაიძეს რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. მისი ცხედარი სამძებრო ოპერაციაში ჩართულმა ადგილობრივებმა აღმოაჩინეს.














