სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დასახლებებში საერთო კრებები და მოსახლეობასთან კონსულტაციები მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი ხელისუფლება, მოსახლეობასთან შეთანხმებით, სოფლის განვითარებისკენ მიმართულ პრიორიტეტულ პროექტებს განსაზღვრავს.
2026 წლის 18 თებერვალს სოფელ დუისში, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის (KRDF/SREF) სარგებლობაში არსებული შენობის ეზოში, სოფლის საერთო კრება გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი მოსახლეობა, ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი და მერიის წარმომადგენლები, ასევე ორგანიზაციის ხელმძღვანელი თამარ (იზა) ბექაური და პროექტების მენეჯერი ნათია ალბორიშვილი ესწრებოდნენ.
შეხვედრის მთავარი განხილვის თემა ორგანიზაციის სარგებლობაში არსებული შენობა გახდა. ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, საქართველოში სამოქალაქო სექტორის საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ გამკაცრებული პოლიტიკის ფონზე, ადგილობრივი მერია ორგანიზაციას იჯარის ხელშეკრულების გაგრძელებაზე უარს ეუბნება და 2026 წლის მარტიდან მათ დაცლას ითხოვს.
სოფლის კრებაზე თამარ (იზა) ბექაურმა მოსახლეობის თანდასწრებით მიმართა ახმეტის მუნიციპალიტეტის მერს და აღნიშნა, რომ აღნიშნული შენობები ორგანიზაციას 2000 წლიდან აქვს სარგებლობაში. მისი თქმით, ამ სივრცეებში წლების განმავლობაში არაერთი საგანმანათლებლო, პროფესიული და კულტურული პროგრამა განხორციელდა.
„ეს არის ადგილი, სადაც ტარდებოდა უფასო პროფესიული და საგანმანათლებლო კურსები, ტრენინგები, სემინარები, იმართებოდა შეხვედრები ელჩებთან, ექსპერტებთან და ცნობილ საზოგადო მოღვაწეებთან. სოფელში მსგავსი სივრცე არ არსებობს და მისი დახურვა განსაკუთრებით მძიმე გავლენას მოახდენს ქალებსა და ახალგაზრდებზე, რომლებიც ცენტრის ძირითადი ბენეფიციარები არიან“, – განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, ცენტრში ამჟამად დაახლოებით 15 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული, ხოლო სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამაში 150-მდე მოსწავლეა ჩართული. ბექაურმა მერს ჰკითხა, რა უფრო ეფექტური მიზნით აპირებდა შენობის გამოყენებას, რაზეც მერის განცხადებით, მუნიციპალიტეტი „უკეთეს პროექტებს“ დაგეგმავს.
შეხვედრაზე შეკრებილი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ღიად გამოხატა მხარდაჭერა ორგანიზაციის მიმართ. მათი განცხადებით, KRDF/SREF წლების განმავლობაში მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს პანკისის ხეობაში და ცენტრის დახურვა სოფელს მნიშვნელოვან შესაძლებლობებს წაართმევს.
მოსახლეობის შეფასებით, ორგანიზაციის საქმიანობა ფასდაუდებელია როგორც განათლების, ისე დასაქმებისა და საზოგადოებრივი აქტივობების მიმართულებით, რის გამოც ისინი შენობის ორგანიზაციისთვის დატოვებას ემხრობიან.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა.
ჩვენთან საუბარში ორგანიზაციის პროექტების მენეჯერმა ნათია ალბორიშვილმა განაცხადა, რომ შექმნილი ვითარების გამო ორგანიზაცია იძულებული გახდა, არაერთი პროექტი შეეჩერებინა.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით და დღესაც ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, ჩვენი ხალხისა და განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები ადამიანებისთვის, რომლებიც არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან. უამრავი ქალი და ახალგაზრდა ჩვენთან სრულიად უფასოდ იღებს განათლებასა და პროფესიას. დღეს მათ ამ შესაძლებლობასაც ვართმევთ, მაშინ როდესაც სახელმწიფო ალტერნატივას ვერ სთავაზობს.
2024 წლიდან ვცდილობთ, მიუხედავად ყველა ზეწოლისა, მუშაობა არ შეგვეწყვიტა, თუმცა არსებული ვითარება ამას პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის. ერთია საკანონმდებლო შეზღუდვები და მეორე – ის ბარიერები, რომლებიც შენობების ჩამორთმევას გულისხმობს.
გვინდა ადგილობრივმა ხელისუფლებამ საჯაროდ განმარტოს, რა არის ამ გადაწყვეტილების საფუძველი. თუ მიაჩნიათ, რომ ჩვენ რაიმე საზიანო საქმიანობას ვეწევით, ეს მოსახლეობას ღიად უთხრან. ასევე განმარტონ, რისთვის სჭირდებათ ეს შენობები და რატომ უშლიან ხელს ორგანიზაციის საქმიანობას,“ – განაცხადა ნათია ალბორიშვილმა.













