თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის 180 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დასრულდა და ბაღმა ფუნქციონირება დღეს დაიწყო.
ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
საბავშვო ბაღებში მოეწყო სათამაშო და საძინებელი ოთახები, საპირფარეშოები და სხვა აუცილებელი სივრცეები. ბაღის შენობა აღიჭურვა ყველა აუცილებელი კომუნიკაციით, კეთილმოეწყო და გამწვანდა ეზოს ტერიტორია.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.
ახალი საბავშვო ბაღი აღსაზრდელები საცხოვრებელთან ახლოს მდებარე, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი შენობითა და შესაბამისი მომსახურებით ისარგებლებენ.
ახალი სასწავლო წლიდან ვარდისუბნის ბაღში სოფელ რუისპირის ბაღის აღსაზრდელებიც ივლიან, რომლის სრულ რეაბილიტაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
ვარდისუბნის ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი სესხის ფარგლებში და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. სამუშაოების ღირებულებამ 3.5 მილიონი ლარი შეადგინა.
მუნიციპალური განვითარების ფონდი, „ბაღების მშენებლობა რეაბილიტაციის პროგრამის“ ფარგლებში, კახეთის რეგიონში, ჯამში, 32 ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ახორციელებს, რომლის ჯამური ინვესტიცია 73.5 მილიონი ლარია.
საბავშვო ბაღის გახსნას ადგილზე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.