Home ბლოგი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კახეთში რთველის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კახეთში რთველის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო

მთავრობის მეთაური გურჯაანში რთველის საკოორდინაციო შტაბში იმყოფებოდა, სადაც ყურძნის ჩაბარებისა და გადამუშავების პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, მოსავლის დაბინავება კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში შეუფერხებლად მიმდინარეობს.

დღევანდელი მდგომარეობით კახეთში გადამუშავებულია 196 384 ტონა ყურძენი. გადამუშავებული ყურძნის 99% – 194 741 ტონა მაღალი და საშუალო ხარისხისაა. ჩაბარებული ყურძნის მხოლოდ 1% – 1 643 ტონაა უხარისხო და მკვახე. კახეთში ყურძნის მოსავალი 13 800-მდე მევენახემ დააბინავა. გადამუშავებული ყურძნიდან 97 ათასი ტონა საფერავი, 86,2 ათას ტონამდე რქაწითელი, დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

„ველოდებით სარეკორდო მაჩვენებელს. წლევანდელი წელი გამორჩეულად მოსავლიანია. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ხარისხს – შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო თავის დროზე სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და გლეხები და ფერმერები მეტ ყურადღებას აქცევენ შაქრიანობას, დამწიფებას, რაც საბოლოო ჯამში აისახება ქართული ღვინის ხარისხზე. დაახლოებით სამ–ოთხ კვირას გასტანს კიდევ ყურძნის ჩაბარება და რეკორდული მოსავალი სათანადოდ აისახება ეკონომიკის განვითარებაზე. ეს არის ჩვენთვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. ის, რომ სახელმწიფო მაქსიმალურად მხარს უჭერს მევენახეებს, მეღვინეებს, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ღვინო არის ჩვენი კულტურის, იდენტობის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი და მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სახელმწიფო საწარმო შპს „მოსავლის მართვის კომპანია” მევენახეებისგან ყურძენს კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 22 ლოკაციაზე იბარებს.

რთველის საკოორდინაციო შტაბში პრემიერ-მინისტრი მთავრობის, პარლამენტის წევრებსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

„ადგილზე გავეცანით რთველის მიმდინარეობას. ამ დროისთვის ვენახების თითქმის ნახევარი უკვე დაკრეფილია და რთველი პიკურ პერიოდშია. გავეცანით რთველის შტაბის მუშაობას, რიგების მართვასა და ყურძნის ხარისხობრივ სეგრეგაციას. მნიშვნელოვანია, რომ რთველი ორგანიზებულად მიმდინარეობს და ჩაბარებული ყურძნის უმეტესი ნაწილი მაღალი ხარისხისაა. არსებული მონაცემებისა და საპროგნოზო მოსავლის გათვალისწინებით, წლევანდელი რთველი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მაღალი ხარისხის იქნება. წელს პირველად დანერგილმა ყურძნის ხარისხობრივმა დიფერენციაციამ მევენახეებს დამატებითი მოტივაცია მისცა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ყურძნის ხარისხს, რაც საბოლოოდ ღვინის ხარისხზე აისახება. ეს ყველაფერი ერთობლიობაში ქართულ ღვინოს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანს გახდის და საერთაშორისო ბაზრებზე მის პოზიციებს კიდევ უფრო გაამყარებს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.

რთველის ორგანიზებულად ჩატარებისა და მოსავლის სრულად რეალიზაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ჭარბი მოსავლის შემთხვევაში, ყველა მევენახე მოსავალს დააბინავებს. შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ კახეთში მოწეულ ყურძენს ფიზიკური პირებისგან დადგენილი პირობების შესაბამისად იბარებს.

საფერავის შემთხვევაში, რომლის შაქრიანობაც არანაკლებ 20%-ია, 1 კგ ყურძნის ფასი 1,50 ლარს შეადგენს, 16%-დან 20%-მდე შაქრიანობის შემთხვევაში – 1 ლარს, ხოლო 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის ყურძნის შემთხვევაში – 50 თეთრს.

რქაწითელისა და სხვა საღვინე ჯიშების შემთხვევაში, არანაკლებ 19%-იანი შაქრიანობის ყურძნის ფასი 1,30 ლარია, 16%-დან 19%-მდე შაქრიანობის – 90 თეთრი, ხოლო 16%-ზე ნაკლები შაქრიანობის შემთხვევაში – 50 თეთრი.

„16 გრადუსამდე არაკონდიციურად ითვლება ყურძენი, რომელიც არც საღვინედ არის ვარგისი და არც სასპირტედ, არის ფაქტიურად მკვახე ყურძენი. სახელმწიფოს პოზიცია მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში ვუშვებთ გამონაკლისს იმისთვის, რომ მევენახემ შეძლოს გაწეული ხარჯების დაფარვა და მისი ღირებულება იქნება 50 თეთრი, ჰიბრიდი – 30 თეთრი. 
რაც
შეეხება იმ მევენახეებს, რომლებმაც მოქმედი ღირებულებით ჩააბარეს ყურძენი, ახალი ფასებით მოხდება გადათვლა და დაუკომპენსირდებათ შესაბამისი სხვაობა“ – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
ყურძნის ჩაბარების პროცესს ქალაქ გურჯაანში განთავსებული რთველის საკოორდინაციო შტაბი უწევს კოორდინაციას. რთველთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის ნომრებზე – 1501 და 032 2 19 37 18.