— როგორ „დაიბადა“ ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი?
— ადვოკატი ერთ დღეში არ იბადება. პროფესიულად წლების განმავლობაში ყალიბდები — პირველი საქმეებით, პირველი შეცდომებით, პირველი გამარჯვებებით და, განსაკუთრებით, იმ პასუხისმგებლობით, როდესაც ხვდები, რომ შენ წინ უბრალოდ საქმე კი არა, ადამიანის ცხოვრება დგას.
ალბათ, სწორედ მაშინ გავხდი რეალურად ადვოკატი, როდესაც მივხვდი: ჩემი საქმე არ არის მხოლოდ იმ ადამიანის დაცვა, რომლის დაცვაც მარტივი და პოპულარულია. ზოგჯერ ყველაზე მეტად სწორედ იმას სჭირდება ადვოკატი, ვის მიმართაც საზოგადოებას განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს.
— გრძელი გზა და წვეთ-წვეთად შეგროვებული რეპუტაცია.
— რეპუტაცია ერთ დღეში არ იქმნება. მას წლები სჭირდება და, ბუნებრივია, მტკივნეულია, როდესაც ერთი ხმაურიანი პერიოდის გამო იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ყველაფერი, რასაც წლების განმავლობაში აშენებდი, ერთ დღეში შეიძლება გადაიხაზოს.
თუმცა ჩემთვის მთავარი კითხვაა — რას ვეძახით ადვოკატის რეპუტაციას? იმას, რასაც მასზე სოციალურ ქსელში დაწერენ, თუ იმას, როგორი ადვოკატია, როგორ იცავს კლიენტს და რა პროფესიული შედეგები აქვს?
ჩემთვის ადვოკატის რეპუტაცია არის მისი პროფესიული გზა, სასამართლოში გაწეული შრომა, მიღწეული შედეგები და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კლიენტის ერთგულება მაშინაც კი, როდესაც მის დასაცავად თავად ადვოკატს უწევს ძლიერი საზოგადოებრივი ზეწოლის ატანა.
ამ ნაწილში მე სრულიად თავაწეული ვარ…
— თქვენ ხართ ადვოკატი, რომელმაც მოძალადის დაცვა აირჩია.
— პირველ რიგში, ერთ სიტყვას შევასწორებდი: მე არ ამირჩევია მოძალადის დაცვა. მე ავირჩიე ადამიანის დაცვა, რომელსაც ძალადობაში ადანაშაულებენ საჯაროდ და რომელიც ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. ამ ორ ფორმულირებას შორის უზარმაზარი განსხვავებაა.
თუ სასამართლო დაადგენს ადამიანის ბრალეულობას, ეს უკვე სხვა სამართლებრივი რეალობა იქნება. მაგრამ, თუ საზოგადოებამ ადამიანი სასამართლოზე ადრე გამოაცხადა დამნაშავედ, მაშინ დაცვის უფლება საერთოდ კარგავს აზრს.
სამწუხაროდ, ძალიან საშიში ტენდენციაა სისხლის სამართლის საქმეების გახმაურება და შემდეგ აგრესიული ზეწოლა გამოძიებაზე.
— როგორც ქალს, შინაგანი კონფლიქტი არ გქონდათ?
— როგორც ქალს და როგორც დედას, რა თქმა უნდა, ბავშვის შესაძლო სექსუალური ძალადობის ისტორიის მოსმენა ჩემთვისაც უმძიმესია. აქ არანაირი პროფესიული ნიღაბი არ მაქვს — ასეთი რამ ჩემშიც იწვევს ემოციას.
მაგრამ შემდეგ იწყება ჩემი პროფესიული პასუხისმგებლობა: ემოცია არ უნდა გადავაქციო კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენად.
სწორედ ამიტომ, თავიდანვე გავმიჯნე: მე არ ვიცავ ნატა ვიბლიანის მიერ ბავშვობის სექსუალური ძალადობის ეპიზოდებში დასახელებულ სხვა პირებს. მე ვიცავ ჯიმშერ ვიბლიანს მის მიმართ გაჟღერებული ბრალდების ნაწილში, რომელსაც ის უარყოფს.
— რატომ გადაწყვიტეთ ჯიმშერ ვიბლიანის დაცვა?
— საქმის გაცნობისას მოვისმინე არა მხოლოდ საჯაროდ გავრცელებული ვერსია, არამედ მეორე მხარეც. გავეცანი იმ ინფორმაციასა და გარემოებებს, რომლებიც დაცვისთვის გახდა ცნობილი, და დავინახე ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებები საჯაროდ შექმნილ სურათსა და იმ ნაწილს შორის, რომელიც კონკრეტულად ჯიმშერ ვიბლიანს ეხება.
სწორედ მაშინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ამ ადამიანს სჭირდება პროფესიული დაცვა. მე არ ავიღე საქმე იმიტომ, რომ ვინმეს წინააღმდეგ ვიბრძოლო. ავიღე იმიტომ, რომ კონკრეტული ადამიანის უფლებები დავიცვა.
— შეგიძლიათ თქვათ: „ნატა ძალადობის მსხვერპლია, თუმცა არა ჯიმშერის მხრიდან“?
— ასე ფორმულირებას მე ვერ გამოვიყენებ, რადგან ადვოკატმა გამოძიების ნაცვლად არ უნდა დაადგინოს, კონკრეტულად რა მოხდა 35 წლის წინ და ვინ ჩაიდინა დანაშაული.
შემიძლია ვთქვა სხვა რამ: ნატა ვიბლიანის მონათხრობი მძიმეა და იმსახურებს სრულ, ობიექტურ გამოძიებას. თუ მის მიმართ დანაშაული ჩაიდინეს, რეალური დამნაშავე აუცილებლად უნდა დაისაჯოს. ხოლო ჯიმშერ ვიბლიანი მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. მე პასუხისმგებელი ვარ სწორედ მისი დაცვის ნაწილზე.
— როგორ იცავთ ბრალდებულ კაცს და, ამავე დროს, არ ხართ ქალის წინააღმდეგ?
— იმიტომ, რომ ეს ორი რამ ერთმანეთის საწინააღმდეგო საერთოდ არ არის.
ქალის უფლება, თქვას — მე ძალადობა განვიცადე, და მეორე ადამიანის უფლება, თქვას — მე ეს არ ჩამიდენია, ერთ სამართლებრივ სახელმწიფოში ერთდროულად შეიძლება არსებობდეს. ერთის მოსმენა მეორის განადგურებას არ მოითხოვს.
ნატა ვიბლიანის მიმართ მტრობა არ მაქვს. მე მაქვს პროფესიული ვალდებულება ჯიმშერ ვიბლიანის მიმართ.
— რას ვერ ხედავს საზოგადოება ძალადობის მსხვერპლი ქალის ისტორიაში?
— ხშირად ვერ ხედავს იმას, რამდენად რთული შეიძლება იყოს ადამიანისთვის ტრავმაზე საუბარი, რამდენი წელი შეიძლება ატარებდეს მას და რამდენად განსხვავებულად შეიძლება გამოხატავდეს ტკივილს.
ამიტომ მე არასოდეს მითქვამს: თუ ადამიანი ემოციურია, მისი მონათხრობი ამიტომ არ უნდა მოვისმინოთ.
მაგრამ მეორე პრინციპიც ისეთივე მნიშვნელოვანია: თანაგრძნობა ვერ ჩაანაცვლებს მტკიცებულებას. მოვუსმინოთ ადამიანს მთელი თანაგრძნობით და შემდეგ ფაქტები პროფესიულად გამოიძიონ შესაბამისმა ორგანოებმა.
ჩემი შეფასებით, ერთ სიმართლეს ათი სხვადასხვა ვერსია ვერ ექნება, ამიტომაც დაზარალებულის ჩვენების თანმიმდევრულობა და დამაჯერებლობა ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი საკვლევი საკითხია.
— შეგიძლიათ დაიცვათ ადამიანი, რომლის უდანაშაულობაშიც დარწმუნებული არ ხართ?
— ადვოკატის პროფესიული მოვალეობა საერთოდ არ არის დამოკიდებული მის პირად რწმენაზე — დაცვის უფლება ყველას აქვს.
თუმცა კონკრეტულად ამ საქმეში ჩემი პასუხი უფრო მარტივია: იმ ინფორმაციისა და გარემოებების საფუძველზე, რაც დაცვისთვის გახდა ცნობილი, მე მქონდა საკმარისი პროფესიული საფუძველი, ამ საქმის დაცვა ამეღო.
დანარჩენს მტკიცებულებები და სამართლებრივი პროცესი დაადგენს.
— ბოლო პერიოდში თქვენ თავად გახდით თავდასხმისა და ბულინგის სამიზნე. სად გადის ზღვარი სამართლიან კრიტიკასა და ბულინგს შორის? და იყო თუ არა ამ კრიტიკაში ისეთი რამ, რაზეც თავადაც დაფიქრებულხართ?
— რა თქმა უნდა. თუ ვიტყვი, რომ ყველაფერში იდეალური ვიყავი, არ ვიქნები გულწრფელი. დღეს შეიძლება ზოგი სიტყვა სხვაგვარად მეთქვა, ზოგი პასუხი საერთოდ არ გამეცა.
კრიტიკას ვიღებ. მუქარას, ოჯახის შეურაცხყოფას და ბულინგს — არა.
და ამ პერიოდმა მეც მასწავლა, რომ ზოგჯერ ყველაზე ძლიერი პასუხი საერთოდ არ არის პასუხი.
— გიფიქრიათ, რომ შეიძლება შევცდი, როცა ეს საქმე ავიღე?
— მიფიქრია, რამდენად მძიმე ფასი შეიძლება ჰქონდეს ადვოკატისთვის არაპოპულარული საქმის აღებას. მაგრამ არ მიფიქრია, რომ ადამიანის დაცვის უფლების განხორციელება შეცდომაა.
თუ მხოლოდ იმიტომ დავტოვებ კლიენტს, რომ სოციალურ ქსელში შეურაცხყოფას მაყენებენ, ეს უკვე პროფესიული გადაწყვეტილება აღარ იქნება — ეს იქნება ზეწოლისადმი დამორჩილება.
— თუ ნატა ვიბლიანის შვილები გკითხავენ: „რატომ ეწინააღმდეგებით დედაჩემის მონათხრობს?“, ხოლო ჯიმშერ ვიბლიანის შვილები გკითხავენ: „რატომ უნდა ვატაროთ ჩვენ მამასთან დაკავშირებული ბრალდება?“ რას უპასუხებთ ორივე მხარეს? შეიძლება სამართალმა თავისი პური ჭამოს, სიმართლე დადგინდეს და, თუ ვინმე დამნაშავეა, დაისაჯოს, მაგრამ ისე, რომ ჩვენმა შვილებმა ეს ტვირთი არ იტვირთონ?
— აქ მინდა, ჩემი პოზიცია საერთოდ გასცდეს მხარეებს. ნატა ვიბლიანის შვილებსაც აქვთ უფლება, არ ატარონ დედის ტრავმის გამო საზოგადოებრივი აგრესიის ტვირთი. ჯიმშერ ვიბლიანის შვილებსაც აქვთ უფლება, არ ატარონ მამის მიმართ გაჟღერებული ბრალდების ტვირთი. არც ერთი შვილი არ ირჩევს მშობლის წარსულს.
ამიტომ, თუ ვინმე ნატას შვილებს შეურაცხყოფს — ამასაც დავგმობ. თუ ვინმე ჯიმშერის შვილებს დამნაშავის შვილებად მოიხსენიებს — ამასაც დავგმობ.
სასამართლომ უნდა დაადგინოს სიმართლე და, თუ არსებობს დამნაშავე, დასაჯოს ის, მაგრამ სამართალმა ჩვენი შვილები არ უნდა „შეჭამოს“.
პასუხისმგებლობა ინდივიდუალურია. შვილებს მშობლების გამო სასჯელი არ ეკუთვნით.
ნატა ვიბლიანმა მძიმე შეურაცხყოფები, ზეწოლა და ბულინგი განახორციელა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის შვილების მიმართ, რაც საჯაროდ დავგმე.
— ვინც თქვენდამი ნდობა დაკარგა, რას ეტყოდით?
— ვისაც ჩემდამი ნდობა შეერყა, პირველ რიგში ვეტყოდი — მესმის თქვენი.
მე კარგად ვაცნობიერებ, რომ ადამიანების დიდ ნაწილს არ აქვს სრული ინფორმაცია და წვდომა იმ დეტალებზე, რომლებიც ჩვენთვის, როგორც დაცვის მხარისთვის, არის ცნობილი. ამიტომ ზოგიერთ მათგანს შეიძლება გულწრფელად სჯეროდეს, რომ მე არასწორ ადგილას ვდგავარ. შეიძლება, პიროვნულადაც კი სწყინდეთ — რატომ ვიცავ კაცს ასეთ მძიმე და ემოციურ საქმეში. რეალურად, არ იცნობენ და არც ერთხელ მოუსმენიათ პირადად მისთვის, როგორც მინიმუმ…
სწორედ ამიტომ ვცდილობ, მაქსიმალურად ტოლერანტული ვიყო მათ მიმართ, ზოგჯერ მათი ძალიან მწვავე რეაქციის დროსაც. ყველა კრიტიკოსს ჩემს მტრად არ აღვიქვამ. ვიცი, რომ მათ შორის ბევრი ადამიანია, რომელსაც უბრალოდ ძალადობის შესაძლო მსხვერპლის მიმართ გულწრფელი თანაგრძნობა ამოძრავებს.
მხოლოდ ერთ რამეს ვთხოვ მათ: ნუ იჩქარებთ საბოლოო განაჩენის გამოტანას და ნუ მოექცევით მიზანმიმართული დეზინფორმაციისა და სიძულვილის კამპანიის გავლენის ქვეშ. მომეცით დრო და მიეცით დრო სამართლებრივ პროცესს.
ყველა კითხვას, რომელსაც პასუხი შეიძლება გაეცეს ისე, რომ დაცვის ინტერესები და სამართლებრივი პროცესი არ დაზიანდეს, აუცილებლად ვუპასუხებ. ყველაფერს, რისი გასაჯაროებაც შესაძლებელი იქნება, საზოგადოებასაც გავუზიარებთ.
და თუ დღეს ვინმეს ჩემდამი ნდობა შეერყა, არ ვთხოვ, სიტყვაზე მენდოს. დაელოდოს ფაქტებს, მტკიცებულებებს და საბოლოო სამართლებრივ შედეგს.
მე მჯერა, რომ, როდესაც სრული სურათი გახდება ცნობილი, ბევრი ადამიანი, რომელიც დღეს გულწრფელად არის ჩემზე გაბრაზებული, თავად დაინახავს, რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება.
ნდობას მოთხოვნით ვერ დაიბრუნებ — ის ისევ საქმით უნდა დაიმსახურო. მე ამისთვის მზად ვარ.













