დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისში, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებში გასტროენტერიტის შემთხვევების გამოვლენისთანავე, კვლევაში ჩაერთნენ.
ცენტრის ცნობით, ამ დროისთვის შემთხვევების კლინიკური მიმდინარეობა კეთილსაიმედოა და არცერთ შემთხვევას მნიშვნელოვანი ან საშიში გართულება არ მოჰყოლია.
ბავშვების უმრავლესობა უკვე გამოჯანმრთელების ფაზაშია და მალე ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.
ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი, მაღალი ალბათობით, ნოროვირუსია.
ნოროვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელია ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა და ზოგჯერ ტემპერატურის მატება.
ცენტრის ინფორმაციით, დაავადება სიცოცხლისთვის საშიში არ არის და, როგორც წესი, ორგანიზმი ინფექციას 1-3 დღეში თავად უმკლავდება.
ნოროვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია ჰიგიენური წესების დაცვა, მათ შორის ხელების საპნით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში დაბანა და დაბინძურებული ზედაპირების სათანადოდ დამუშავება.
ამასთან, საბავშვო-სააღმზრდელო დაწესებულებებში კვების უსაფრთხოების შესწავლის მიზნით, პირველივე ეტაპზე კვლევაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურებიც ჩაერთნენ.














