თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე მსჯავრდებულებმა, ვასილ მხეიძემ და გიორგი ხაინდრავამ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს.
ვასილ მხეიძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმაა, გიორგი ხაინდრავა კი თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე. ისინი სასჯელს ბურჭულაძესთან ერთად იხდიდნენ.
სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლომ ჯუანშერ ბურჭულაძეს 10 წლით, ვასილ მხეიძესა და გიორგი ხაინდრავას 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სააპელაციო სასამართლოში კი ჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძის მიმართ საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.
საფუძველი კი მათ მიერ დანაშაულის აღიარება და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ ახალ სისხლის სამართლის საქმეზე ჩვენების მიცემა გახდა.
შეთანხმების თანახმად, ვასილ მხეიძესა და გიორგი ხაინდრავას 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, საიდანაც 1 წელსა და 2 თვეს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდიდნენ, ხოლო 3 წელი პირობით ჩაეთვლებოდათ. ორივეს ასევე დაეკისრა 100-100 ათასი ლარის ჯარიმა.
ბურჭულაძეს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე დაეკისრა ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით














