ბლოგიდღის ამბები

წერილი ჩემს შეყვარებულზე

კახა სუხიტაშვილის ბლოგი

კონკურსი ბლოგერებისთვის, „ჩემი 7 მიზეზი, რატომ მიყვარს კახეთი“ !

დავიწყე მიზეზების ჩამოთვლა, მიზეზი 1,2,3,4,5,6,7…………12,……………..17. ხომ გაგიგონიათ ამას მიზეზები არ დაელიაო და ასე ვარ მეც.:). რას ვიზამთ, კახეთს სიყვარულს 7 მიზეზად ავუხსნი.

წერილი ჩემს შეყვარებულ კახეთზე

პირველი მიზეზი თუ რატომ მიყვარს კახეთი, იმიტომ რომ მეც კახელი ვარ, სულით და გულით კახელი, ისეთი კახელი რომ საუბრის კახური ინტონაციის შეცვლის სურვილიც კი არ გამჩენია. დავრჩი ასე სტაბილურ კახელად. კახური საუბრის მანერის სიღრმე მაფიქრებინებს კახელ ადამიანს საუკეთესოდ ესმის ქართული ენის მნიშვნელობა, დანიშნულება და რაც მთავარია არსი, თუ როგორ უნდა გადმოსცეს აზრი რომელსაც ფიქრობს. ფიქრით ლიტერატურული ქართულით კი ვფიქრობ მაგრამ საუბარი, მაინც ადგილობრივი მაქვს და ეს ჩემთვის საამაყო და სამარკო ნიშანია. მე კახელი ვარ,  საუბრის კახური მანერით!

მეორე მიზეზი?- ეს უკვე ჩემს პროფესიას და მდიდარ პრაქტიკულ გამოცდილებას ემყარება. 45 000 000 წელია რაც კახეთში ტყეები იზრდება დიახ, შეხვალ ტყეში და იქ მილიონობით წლის წინანდელი ისტორია ცოცხლდება…. პრეისტორიული წარმოშობის მცენარეებისა და ცხოველების სახით. ახვალ პანკისში და უზარმაზარი უთხოვრის ტყეები გამოგზაურებენ დროში, ბაწარის ნაკრძალის უთხოვრიანები მხოფლიოში ყველაზე დიდი, ყველაზე ძველი და კარგად შემონახული ტყეა, რომელიც იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის სიაში ყოფნას იმსახურებს. ჩამოხვალ დაბლა ბაბანეურში და რას ხედავ, გორაკებზე რცხილაფოთლიანი ძელქვის ტყე აშოლტილა რომელიც, ერთ დროს არსებული ლეშამბოანი ჭალის სუბტრიპიკული ტყეების ნაწილი იყო. სუბტროპიკებზე გამახსენდა, მდინარე ალაზნის სიგრძივ გაუყვები მზის ამოსვლის მხარეს და დაახლოებით 90 კმ ში ტენიანი სუბრტოპიკული უმდიდრესი ტყე გვხდება ლაგოდეხის ხევის, მაწიმის ხევის, სალესავის ხევის და ნინოს ხევის უსიერი ტყეების სახით. ნახევარუდაბნოებიც გვაქვს-კიი, არ გატყუებთ, კახეთში არის ადგილები რომლებიც ძალიან გავს შუა აზიის ნახევარუდაბნოებს. დავით გარეჯის ქვაბული და სხვა რამდენიმე ადგილი ტიპიური ნახევარუდაბნოა. მაშ ასე, დაახლოებით 12 000 კმ2 ზე  რაც აღარ ნახავთ სუბტროპიკულ ტყეებს და ნახევარუდაბნოებს……. ტაიგა? კი, კი…. თუშეთი, ეს საოცარი და ჯერ კიდევ ბოლომდე ამოუხსნელი რეგიონი, იქ არსებული ფიჭვის ტყეები ხომ ევრაზიული ტაიგის სამხრეთული ვარიანტია. რაღა გავაგრძელო, ამიტომ მიყვარს კახეთი მეორე რიგში-რომ აქ სიცოცხლის მთელი სპექტრია, რომელიც ამ პატარა რეგიონს უნიკალურს და მსოფლიო მნიშვნელობით მიმზიდველს ხდის, ეს მხოლოდ ჩემი სიყვარულის კი არა მსოფლიო პატივისცემის საგანი გახდება, მე ამის მჯერა!

გავაგრძელოთ, მე-3 მიზეზი, იცით თუ არა რომ, კახეთს ექსკლუზივების მთელი თაიგული აქვს ენდემური ბიომრავალფეროვნების სახით. (გთხოვთ, ამ მცენარეებისგან თაიგულს ნუ შეკრავთ ვინაიდან თითოეული მათგანი ძალიან იშვიათია). იმის თქმა მინდა რომ კახეთის რეგიონში არიან მცენარეთა სახეობები რომლებიც კახეთში წარმოიშვნენ და შემსავით ისე უყვართ კახეთი რომ მათი გავრცელების არეალი რეგიონს არ სცილდება. მაგ: მრგვალი წამალი, ლაგოდეხის იორდასალამი, მლოკოსევიჩის იორდასალამი, ყანჩაველის მაჩიტა, კახეთის მაჩიტა, კახეთის ესპარცეტი, გარეჯის სალბი სხვა. არაფერს დავწერ იმ მცენარეებისა და ცხოველების შესახებ რომლებიც მეცნიერებისთვის კახეთიდან გახდნენ ცნობილები და ასეთი ცოცხალი ორგანიზმი ათობით არის-სწორედ ამ თვითმყობადი და „კახური“ ბიომრავალფეროვნებისთვის მიყვარს კახეთი.

მლოკოსევიჩის იორდმი-კხეთის რეგიონის ენდემური მცენრე. ლგოდეხის დცული ტერიტორიები

ჩემი პირველი პროფესიული გამოცდილებისთვის მიყვარს კახეთი. 1994 წლის 16 ივნისი. პირველად სერიოზულად რომ მოვემზადე და წავედი ტყეში იქაურობის გასაცნობად-მარშრუტიც მახსოვს: თელავის ხევი-მთა კაცებისღვედი-კისიხევის ხევი-თელავი. არც ფოტოაპარატი მქონდა და არც სხვა საველე პროფესიული აღჭირვილობა. მქონდა მხოლოდ გაოცება, იქ სადაც მოვხვდი….. მხოლოდ ველური ბუნების სამყაროში კი არა, სრულიად უცნობ ტყეში დამალურ ისტორიაშიც-ესეც მე-4  სიყვარული. ის რაც მომცა ამ დღემ ჩემი ცხობვრების გზად იქცა…

ცუდია, უკვე მე-5 სიყვარულზე ზე ვარ მაგრამ ეს მეხუთე იცით რამხელაა ძალიან დიდია, იმხელაა რომ ათასობით საუკუნეს ითვლის. აი ჩვენებურ ტყეში რომ დადიხარ, ხშირად ნახავ ქვაყრილებს, არ გეგონოთ რომ ნამდინარევი ან ქვების შემთხვევითი გროვაა. ეს ჩვენი ქვეყნის დიდი ისტორიის ნაშთებია, ეკლესიების, სასოფლარების, საწნახელელების, ნაქალაქარების სახით დამალულან ტყეებსა და კლდეთა შორის.  დიახ, მე კახეთი ტყეებში დამალური და შენახული ისტორიის გამო მიყვარს და რამდენ ასეთ ახალ ადგილს აღმოვაჩენ ამ სიყვარულს თითო ტკბილი წვეთი ემატება. წარმოვიდგენ როგორც ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები.  ყოველდღე ბრძოლის და გამარჯვების, მსხვერპლის მოლოდინში და მაინც ასე საგულდაგულოდ ქმნიდნენ ქართულ ცივილიზაციას. როგორ არ უნდა გიყვარდეს ის რაც შენი, უშუალოდ შენი ისტორიაა. იქ სადაც მევენახეობა ვითარდებოდა და ღვინო დგებოდა, იქ სადაც მოყვანილ პროდუქტს იერუსალიმში ეზიდებოდნენ, იქ სადაც პატარა კელიებში წიგნებს წერდნენ და თარგმნიდნენ, იქ სადაც პრეისტოიულ ხანაში მზეს ეთაყვანებოდნენ, იქ სადაც მითიურ დევეებს ებრძოდნენ- აი ეს ყველაფერი კახეთშია ოღონდ არ ჩანს ის ჩვენს ტყეებშია დამალული-ჩვენი ისტორიის, ბუნებაში შენახული დიდი წარსულის გამო მიყვარს კახეთი

ზემოთ წარსულზე ვისაუბრე და ფასი აქვს წარსულს თუ ის მომავალს არ დაუდებს საფუძველს. რათ მინდა წარსული თუ წარსულადვე დარჩება მესხიერებისა და გამოცდილების გაზიარების გარეშე. იმიტომ მიყვარს წარსული რომ მომავალი შექმნას და ეს დაუსრულებელი პროცესი იყოს, მანამ სანამ კაცობრიობა იარსებებს-აი ჩვენი მომავლის გამო მიყვარს კახეთი, იმ ახალგაზრდა გოგო ბიჭების გამო ჩემს გარშემო რომ ტრიალებენ და ჩემთან ერთად ეძებენ ისტორიას, ველურ ბუნებას, თვალები უნათდებათ და მისმენენ-რას ვუყვები. მერე ალბათ ცალკე ფიქრობენ და განსჯიან ამ ყველაფრიდან ქვეყნის და საკუთარი კეთილდღეობისთვის რამე მოიმოქმედონ. წარსული საერთო სამსახურში ჩააყენონ რომ მომავალი შექმნან. თითოეული ახალგაზრდა მიყვარს რომელსაც წარსული მომავლის საფუძველი გონია, ისე კი არა სიტყვით, არამედ საქმით რომ ცდილობენ ამის დამტკიცებას- ესეც მე-6 დიდი სიყვარული.

აქ კი დავფიქრდი რომელი სიყვარულია მე-7 ? მე-8, მე-10 თუ მე-16?

უცნაური ფორმის სიყვარულს მივანიჭე მე-7 საპატიო ადგილი. უამრავი პრობლემა გვაქვს რეგიონში-სოციალური, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სხვა. მე კახეთი ამ პრობლემების დაძლევის პროცესის გამო მიყვარს, გამოწვევების გამო, სულ ფორმაში რომ მამყოფებს და არ მაძლევს მოდუნების საშუალებას. ერთი პატარა პრობლემის მოგვარების შემდეგ მიღებული სიამოვნების გამო მიყვარს კახეთი. რომ შეხედავ შენს ნამოქმედარს ამოისუნთქებ, რაღაც შეცვალე, რაღაც უკეთეს გზაზე დააყენე. პრობლემებთან ბრძოლის დროს გვერდში მდგომი ადამიანების გამო მიყვარს კახეთი, წინააღმდეგობების გამო მიყვარს კახეთი რომელიც მაძლიერებს, მეტი და მეტი წარმატების საწინდარი რომ არის. უამრავი პოტენციური განათლებული ახალგაზრდისთვის მიყვარს კახეთი, მომავალში კიდევ ბევრ პრობლემას რომ მოაგვარებენ, უამრავი უცხოელის გამო მიყვარს კახეთი რეგიონს რომ შეიყვარებს და პრობლემებსაც რომ დაგვანახებს, სიყვარულისთვის მიყვარს კახეთი, ამ გრძნობას რომ მიჩენს იმისთვის.

წნხელის ნშთი XVI-XVII სს.-მრეულის ხეობ, სოფელ მღრაანის მიდმოები

კახა სუხიტაშვილის ბლოგი

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close