დღის ამბებისაზოგადოება

კახეთი (კახური) – საინფორმაციო კამპანია გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის შესახებ

„ღვინო უნდა იყოს კახური...“

„საქპატენტმა“ საქართველოს გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების შესახებ საინფორმაციო კამპანია დაიწყო. გეოგრაფიული აღნიშვნა „კახეთი (კახური)“ „საქპატენტში“ 2007 წლის 10 დეკემბერს არის რეგისტრირებული.

პური ქართლისა,

ღვინო კახისა,

ყველი თუშისა,

ერბო ფშავისა“.

ხალხური პოეზია ამბობს, რომ ღვინო უნდა იყოს კახური. კახეთი საქართველოს მეღვინეობის ბირთვია. საქართველოში გაშენებული ვენახების 50-70%, სწორედ, კახეთის რეგიონზე მოდის. რაოდენობასთან ერთად, კახური ღვინის წარმატებაში უდიდეს როლს ასრულებს ნეშომპალაკარბონატული ნიადაგები, რომლებიც უმაღლესი ხარისხის ყურძენს იძლევა. რაც შეეხება განსაკუთრებულსიკეთეს“, რომლითაც კახური ღვინო ნამდვილად დაიკვეხნის, სპეციალისტების აზრით, ისიც ნიადაგიდან მოდის, თუ მასში კირის მაღალი კონცენტრაცია ფიქსირდება. ასე რომ ნიადაგი, ჰავა, კლიმატი, მზიანი მხარე, კახელი გლეხის სიყვარული, დაუღალავი შრომა და ვაზის ჯიშები, ყველაფერი ერთად, ქმნის კახური ღვინის ფენომენს. ამ ჩამონათვალში მთავარი გვირგვინი კი ვაზია, კახეთი გამორჩეულია 80 სახეობის მაღალხარისხოვანი ადგილობრივი ჯიშით, რაც კახური ღვინოების მრავალფეროვან დასახელებებზეც აისახება.

კახეთის პოტენციალი არ გამოჰპარვია რუსეთს. XIX საუკუნის დასაწყისშივე, როდესაც რუსეთმა საქართველო დაიპყრო, მეფის მთავრობა მიხვდა, რომ ქართულ და განსაკუთრებით კახურ ღვინოს შეეძლო ბაზარზე გაბატონებული საფრანგეთისთვის კონკურენცია გაეწია და დაიწყო ორგანიზებული, სისტემური სამუშაოები ღვინის წარმოების გაფართოებისთვის. ჩაერთო იდეოლოგიაც. იმდროინდელი გაზეთები წერდნენ, რომ კახეთი იყო ვაზის კულტურის უმთავრესი კერა. რუსეთმა შეისყიდა მამულები და გააფართოვა წარმოება. XX საუკუნის დასაწყისში მოპოვებული დამოუკიდებლობის დროს, საქართველოს მთავრობამაც გამონახა დრო ღვინისთვის და დამოუკიდებლობის 3 წლის განმავლობაში არაერთი სტრატეგიული იდეა დაიგეგმა ღვინის წარმოების გაუმჯობესების მიზნით. მოესწრო კონკურსის ჩატარებაც, სადაც შეიკრიბნენ და მოხსენებებით წარდგნენ მევენახეები, მეღვინეები, განიხილეს კახეთის მდგომარეობა და ვაზის კულტურის პოტენციალი. სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის დაკარგვას ბევრი ასეთი იდეა და გეგმა შეეწირა, თუმცა, იმთავითვე ცხადი იყო, რომ კახეთის პოტენციალს საბჭოთა კავშირი არ გაუშვებდა ხელიდან და სულ მალე გამოჩნდა კომუნისტური გაზეთები სათაურებითკახეთი, საბჭოთა კავშირის მევენახეობის მარგალიტია“, „კახური ღვინო დამსახურებულად ითვლება საბჭოთა კავშირის სიამაყედ“.

ასე გაშენდა თვალუწვდენელი ზვარ-ვენახები მდინარე ალაზნის გაყოლებით. აშენდა ღვინის ქარხნები და დაიწყო მასობრივი წარმოება. 1931 წელს შეიქმნა საკავშირო მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც 1932 წელს გადატანილ იქნა თელავში. გამრავლდა ღვინოების მარკირება, დასახელებები და სახეობები. კახური ღვინო „კახეთი“ ზუსტად ეს მაგალითია – ერთი დასახელება სხვადასხვა სახეობებით.

ღვინო „კახეთი“ ფერის მიხედვით შესაძლოა იყოს თეთრი, წითელი, ვარდისფერი, ან ქარვისფერი. ხოლო, შაქრიანობის მიხედვით მშრალი, ბუნებრივად ნახევრად მშრალი, ბუნებრივად ნახევრად ტკბილი, ან ბუნებრივად ტკბილი.

ზემოთ ჩამოთვლილი ღვინოები ხასიათდება შემდეგნაირად: თეთრი მშრალი ღვინოები ღია ჩალისფერი შეფერილობით. უზადო, გემოზე ნაზი, რბილი, ჰარმონიული, ხალისიანი და დახვეწილი გემოს მქონე. გეოგრაფიული ადგილისთვის დამახასიათებელი ჯიშური არომატით და მინდვრის ყვავილების ტონებით. დავარგებისას უვითარდება მკვეთრად გამოხატული ბუკეტი ხილის ტონებით.

წითელი მშრალი ღვინოები მუქი წითელი ფერისაა. მათ უზადო, გემოზე სავსე, ექსტრაქტული, ხავერდოვანი და ჰარმონიული გემო აქვთ. მათაც გეოგრაფიული ადგილისთვის დამახასიათებელი ჯიშური არომატი გამოარჩევთ. დავარგებისას კი უვითარდებათ მკვეთრად გამოხატული ბუკეტი ხილის ტონებით.

თეთრი ნახევრად მშრალი, ნახევრად ტკბილი და ტკბილი ღვინოები ღია ჩალისფერი შეფერილობისაა. უზადო, გემოზე ნაზი, რბილი, ჰარმონიული და დახვეწილი გემოვნური თვისებებით, ამ გეოგრაფიული ადგილისთვის დამახასიათებელი ჯიშური არომატით.

წითელი ნახევრად მშრალი, ნახევრად ტკბილი და ტკბილი ღვინოები მუქი წითელია. მათ გამოარჩევს უზადო, ჰარმონიული, ხავერდოვანი და დახვეწილი გემო კარგად გამოხატული ხილის ტონებით და ამ გეოგრაფიული ადგილისთვის დამახასიათებელი ჯიშური არომატით.

ვარდისფერ ღვინოებს ამოიცნობთ ღია ვარდისფრიდან მუქ ვარდისფრამდე შეფერი­ლობით. მათაც გამოარჩევს უზადო, გემოზე ნაზი, რბილი, ჰარმონიული, ხალისიანი და დახვეწილი გემო, რა თქმა უნდა, ადგილობრივი ჯიშური არომატით.

რაც შეეხება ქარვისფერ ღვინოებს, მათი შეფერილობა მერყეობს ქარვისფრიდან ჩაისფრამდე. აქვთ სხეულიანი, ენერგიული, ექსტრაქტული და ხავერდოვანი გემო, კარგად გამოხატული ჯიშური არომატით. თან დაჰყვება ზომიერი და რბილი სიმწკლარტე, რაც მის ტიპურობას განაპირობებს. დავარგებისას უვითარდება მკვეთრად გამოხატული ბუკეტი ხილის ტონებით. ქარვისფერ ღვინოებს უნდა ახასიათებდეს ჭაჭაზე მაცერაციის დამახასიათებელი მთრიმლავი გემო.

მშრალი ღვინის შემთხვევაში, ფაქტობრივი მოცულობითი სპირტშემცველობა არ უნდა იყოს 11,0%-ზე ნაკლები, ქარვისფერი ღვინისთვის – 12%-ზე ნაკლები, ხოლო ნახევრად მშრალი, ნახევრად ტკბილი და ტკბილი ღვინოებისთვის კი – 10,5%-ზე ნაკლები.

ღვინო „კახეთის“ წარმოებისთვის განკუთვნილი ვაზის ჯიშები მრავალფეროვანია. თეთრი და ქარვისფერი ღვინისთვის გამოიყენება თეთრყურძნიანი ვაზის ჯიშები: რქაწითელი, კახური მწვანე, ქისი, ხიხვი, მცვივანი კახური და ჩიტისთვალა. წითელი ღვინის წარმოებისთვის გამოიყენება წითელყურძნიანი ვაზის ჯიშები: საფერავი, საფერავი ბუდეშურისებრი და კაბერნე სოვინიონი. ვარდისფერი ღვინო მზადდება წითელყურძნიანი ვაზის შემდეგი ჯიშებისგან: საფერავი, საფერავი ბუდეშურისებრი, რქაწითელი ვარდისფერი და კაბერნე სოვინიონი. ყველა შემთხვევაში, ყურძენი უნდა იყოს აუცილებლად მწიფე მდგომარეობაში. მისი შაქრიანობა კრეფის დროს იზომება შემდეგი მონაცემებით: მშრალი და ნახევრად მშრალი ღვინის შემთხვევაში არ უნდა იყოს 20,0%-ზე ნაკლები, ნახევრად ტკბილისთვის – 22,0%-ზე ნაკლები და ტკბილი ღვინოებისთვის – 24%-ზე ნაკლები.

ღვინო „კახეთის“ წარმოების არეალი გაცილებით ფართოა, ვიდრე კონკრეტული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის მიკროზონა. ამიტომ, კახეთის მევენახეობის ზონა მოიცავს არა კონკრეტულ სოფლებს, არამედ ახმეტის, თელავის, გურჯაანის, სიღნაღის, დედოფლისწყაროს, ყვარლის, ლაგოდეხისა და საგარეჯოს მუნიცი­პა­ლიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს.

კახეთის კლიმატური პირობები ზედმიწევნით ხელშემწყობი პირობაა მაღალი ხარისხის მეღვინეობისთვის. ამ რეგიონში გამოიყოფა სამი აგროკლიმატური ზონა: სუბტროპიკული, თბილი და ზომიერად თბილი. შესაბამისად, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის „კახეთის“ წარმოებაც სწორედ ამ ზონაში უნდა მოხდეს, ზემოთ ჩამოთვლილი მუნიციპალიტეტების ვენახებზე მოწეული ყურძნიდან. რაც შეეხება ყურძნის გადამუშავებას და ბოთლებში ჩამოსხმას, შესაძლებელია ეს პროცესი გაცდეს კახეთის რეგიონს, თუმცა სავალდებულოა მოექცეს საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close