ეკონომიკა

საქართველოს რამდენ მოქალაქეს აქვს 600-ლარიანი ხელფასი? – PMC

საქართველოს რამდენ მოქალაქეს აქვს 600-ლარიანი ხელფასი? - PMC

PMC კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, 2022 წლის მეოთხე კვარტალში იმ ადამიანების საშუალო რაოდენობამ, რომლებიც ხელფასს იღებენ, 929 ათასამდე გაიზარდა. აქედან ყველაზე მეტს 297 ათასს თვიური ხელფასი 1200-2399 ლარის ფარგლებში აქვს. 2021 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, 27 ათასით [10%-ით] არის გაზრდილი 1200-2399 ლარის ხელფასის მქონე პირთა ოდენობა.

გასული წლის მეოთხე კვარტალში 182 ათასამდე შემცირდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებსაც 0-599 ლარის ფარგლებში აქვთ თვიური ხელფასი. 2021 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, ამ ადამიანების რაოდენობა 42 ათასით არის შემცირებული. PMC-ის განცხადებით, 0-599 ლარისა და 600-1199 ლარის მიმღებ პირთა წილის კლება 2021 წლისა და 2022 წლის მეოთხე კვარტალში სავარაუდოდ, გამოწვეული იყო დეკემბერში მე-13 ხელფასის მიმღებ პირთა მნიშვნელოვანი რაოდენობით.

ორგანიზაციის ცნობითვე, 2023 წლის თებერვალში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.9%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11.6%-ით არის გაზრდილი. ამას გარდა, 2023 წლის თებერვალში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0-დან 599 ლარამდე თვიურ ხელფასს, 19.2%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.0 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

2022 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.2%-ით [309.9 ლარით] გაიზარდა და 1 773.7 ლარი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული საშუალო ხელფასის მაჩვენებელი არის დარიცხული ხელფასი, საშემოსავლოს ჩათვლით. თუ ამ თანხას 20%-ს გამოვაკლებთ [საშემოსავლო გადასახადი] გამოდის რომ მეოთხე კვარტალში საშუალო ხელფასი 1419 ლარი ყოფილა. PMC-ც უთითებს რომ ხელფასი გადასახადების ჩათვლით აქვს დათვლილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close