რჩევები

როგორ მოვიქცეთ თუ წინასაახალწლოდ ბიუჯეტში შეზღუდულები ვართ?

როგორ მოვიქცეთ თუ წინასაახალწლოდ ბიუჯეტში შეზღუდულები ვართ?

საახალწლო შეთავაზებები მართლაც იმდენად მიმზიდველია, რომ ისეთ ნივთებსაც ვიძენთ, რაც არ გვჭირდება. როგორ ვძლიოთ ასეთ ცდუნებას, რომელიც გადახარჯვას გვიქადის და როგორ გავანაწილოთ ბიუჯეტი სწორად?

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, გასულ 2021 წელს, ამერიკელებმა საშობაოდ $887.7 მილიარდი დახარჯეს და ჯამურად გაყიდვები 14.1%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში დანახარჯები მართლაც იმდენად მაღალია, რომ იანვარ-თებერვალში გაყიდვები მნიშვნელოვნად მცირდება ხოლმე. შესაბამისად, მაღაზიები შობა-ახალი წლის შემდეგაც გვთავაზობენ ფასდაკლებებს, რაც გასათვალისწინებელია.

როგორ მოვიქცეთ, თუ ეს საყოველთაო სამზადისი ჩვენც გვიბიძგებს გაუთვალისწინებელი შენაძენებისკენ, თუმცა ასეთი ტემპით ხარჯვისთვისაც არ ვართ ფინანსურად მზად?

შოპინგის დაწყებამდე ჩამოვწეროთ, რისი შეძენა გვსურს

იმპულსურად შეძენა მართლაც ადამიანურია და ყველას შეიძლება დაგვემართოს, თუმცა ამის თავიდან აცილების გზებიც არსებობს. საშობაო შოპინგის დაწყებამდე უნდა განვსაზღვროთ მკაფიო მიზანი, რის შესაძენად მივდივართ მაღაზიებში, შემდეგ ჩამოვწეროთ ყველაფერი, იქნება ეს საკვები პროდუქტები, საჩუქრები თუ საახალწლო აქსესუარები და მოვაქციოთ გარკვეულ ბიუჯეტში. ასე უკეთ შევძლებთ იმპულსების დათრგუნვას და გააზრებული შენაძენის გაკეთებას, რაც ბიუჯეტის სწორად მართვისთვის უმნიშვნელოვანესია.

დავაწესოთ ფასების ლიმიტი საჩუქრებზე

საჩუქრის არსი არა მის ღირებულებაში, არამედ იმაშია, რამდენად სწორად გამოვიცანით ადრესატის გემოვნება და რა ფორმით გავუკეთეთ სიურპრიზი. ხანდახან სულ მცირედიც  ყველაზე ძვირფასია ხოლმე.

ამასთან, ახალი წლის პერიოდში ისედაც გაზრდილი ხარჯების ფონზე ნაკლებად გვაქვს საშუალება, ყველა საყვარელი ადამიანი ძვირადღირებული საჩუქრებით გავანებივროთ. გადახარჯვის თავიდან ასაცილებლად საჭიროა, წინასწარ განვსაზღვროთ, ვისი საჩუქარი რა ფასის ფარგლებში უნდა შევიძინოთ და შესაბამისად მივიღოთ გადაწყვეტილებები.

არ არის აუცილებელი, გემოვნებიანი საჩუქარი ძვირადღირებული იყოს.

ჩამოვწეროთ, რამდენი დავხარჯეთ და რა პროდუქტების შესაძენად

გაუთვალისწინებელი ხარჯები ყველაზე წინდახედულ ადამიანებსაც კი აქვთ. ისინი განსაკუთრებით იზრდება სადღესასწაულო პერიოდში. როცა ბიუჯეტი შეზღუდული გვაქვს და მცირედი გადახარჯვები გვიფიქსირდება, მნიშვნელოვანია, ამის შესახებ დეტალურად ვიცოდეთ, რათა განვსაზღვროთ რა თანხა გვრჩება თავისუფალი.

საახალწლო სუფრა გავაწყოთ მხოლოდ იმ კერძებით, რომელთაც რეალურად მივირთმევთ

ხშირად სუფრაზე ხვდება ისეთი კერძები, რომლებიც თითქმის არავის უყვარს, შემდეგ დიდი რაოდენობით რჩება და ვადის გასვლის შემდეგ იყრება. რეალურად, ამის თავიდან აცილება შეიძლება, თუ დავფიქრდებით, რა კერძებს მიირთმევს ოჯახში ყველა საახალწლოდ და რა არის ნაკლებად საყვარელი მათთვის. დამეთანხმებით, ზოგიერთი სალათა საცივს, გოჭს და სხვა საახალწლო კერძებს კონკურენციას ვერ უწევს, ამიტომ იქნებ წელს სულაც არ მოგვემზადებინა?

არ გაგვაბრუოს ფასდაკლებებმა

ტექნიკაზე, ავეჯზე, კოსმეტიკაზე, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე თუ ჭურჭელზე ფასდაკლებები წელიწადის სხვა დროსაც არის ხოლმე, იქნება ეს 14 თებერვალი, 8 მარტი, აღდგომა თუ სხვა დღესასწაულები, ამიტომ საჭირო არ არის, ყველა სასურველი პროდუქტი დეკემბრის თვეში შევიძინოთ და შემდეგ ფაქტობრივად, ფინანსური სახსრების გარეშე დავრჩეთ.

შეგვიძლია, მათგან არჩევანი ყველაზე საჭიროზე გავაკეთოთ ან იმაზე, რომელზეც ყველაზე დიდი ფასდაკლება ვრცელდება. ამგვარად ჩვენც კმაყოფილები ვიქნებით და გადახარჯვის პრობლემასაც ავირიდებთ თავიდან.

დაბოლოს, სწორად ხარჯვა და დაზოგვა გამომუშავებადი ჩვევაა, რომელი განსაკუთრებით გვეხმარება დღესასწაულების პერიოდში, ამიტომ სასურველია, საყიდლების სია და დასახარჯი თანხის ლიმიტები სხვა დროსაც ვაკონტროლოთ ხოლმე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close