პანკისის ხეობაში მცხოვრებ ჟურნალისტებს ემუქრებიან

0

პანკისის სათემო რადიოს ჟურნალისტს ისლამ გორგიშვილს და მის ძმას, ფოტორეპორტიორ ოსმან გორგიშვილს, სიკვდილით დასჯით ემუქრებიან. ამის შესაებ, მათ დღეს განაცხადეს. მათი თქმით, ჟურნალისტური საქმიანობის გამო, მათ და მათი ოჯახის წევრებს, პანკისის ხეობაში მცხოვრები ქისტი(ჩეჩენი) ეროვნების მოქალაქეები ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ

აფრთხილებენ მის მშობლებსაც, რომ მას და მის ძმას, ოსმან გორგიშვილს, რომელიც „მთავარი ამბები კახეთის“ ფოტორეპორტიორია, დატოვონ სამსახურები და აღარ გააგრძელონ ჟურნალისტური მოღვაწეობა. აქტივისტებზე ფიზიკური თავდასხმაც განხორციელდა.

როგორც ჟურნალისტები აცხადებენ: „გვემუქრებიან სიცოცხლის მოსპობით, მიზეზად კი გვისახელებნ იმას, რომ 21 აპრილს მომხდარი მოვლენები გადავიღეთ ფოტო და ვიდეო საშუალებით, სადაც ადვილი ხდებოდა ძალადობის გამომხატველი ადგილობირივი მოქალაქეების იდენტიფიცირება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს გარდა სხვა ბევრი ჟურნალისტიც მუშაობდა შემთხვევის ადგილზე, ჩვენს მიმართ პრეტენზია აქვთ, რომ ვართ ადგილობრივი მაცხოვრებლები და ეს არ უნდა გაგვეკეთებინა. კერძოდ ოსმანს არ უნდა გადაეღო მათი ფოტოები, არც ლოცვის პროცესში და არც ხელკეტებით როცა მიდიოდნენ სპეცრაზმელების წინააღმდეგ. ყველაზე მეტად დაუცველად ვგრძნობთ თავს, მის მერე რაც პოლიციამ თანადგომა არ გამოგვიცხადა.“ – ნათქვამია განცხადებაში

ისინი აცხადებენ, რომ პოლიციას დახმარებით უკვე მიმართეს. ისლამ გორგიშვილმა დაკითხვისას დაასახელა პირები, რომლებიც მის ოჯახის წევრებს მეჩეთში შეხვდნენ ლოცვის შემდეგ:

„მიუხედავად იმისა, რომ გვაფრთხილებდნენ პოლიციისთვი არ მიგვემართა, ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ მიგვემართა. დაბარებული ვიყავით პოლიციაში და ვთხოვეთ, რომ რეაგირება მოეხდინათ, თუმცა პოლიციელების მხრიდნაც გავხდით შანტაჟისა და მუქარის მსხვერპლი. მათ გვიტხრეს, რომ რეაგირებას არ მოახდენენ და გაგვაფრთხილეს, რომ თუ არ მოვეშვებოდით ჰესების მშენებლობის საკითხზე აქტიურობას და პროფესიული საქმინობის შესრულებას, ისინიც გაგვისწორდებოდნენ.“

ახმეტის შსს პოლიციაში კი აცხადებენ, რომ  შეისწავლიან განცხადებას და მოახდენენ კანონით გათვალისწინებულ რეაგირებას.

შეგახსენებთ, რომ ახმეტის რაიონის სოფელ ძიბახევში, შპს „ალაზანი ენერჯიმ“ „ხადორი 3 ჰესის“ სამშენებლო სამუშაოები, 21 აპრილს, დილის 7 საათზე, პოლიციის და სპეცრაზმის დაცვით განაახლა. ჰესის მშენებლობა მოსახლეობის პროტესტის გამო 2018 წლის ივნისიდან იყო შეწყვეტილი. ადგილობრივები, ხეობაში ჰესების მშენებლობას ორ წელზე მეტია ეწინააღმდეგებიან და სახელმწიფოსგან კომუნიკაციას და კითხვებზე პასუხს ელოდებიან. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს ეკოლოგიური კატასტროფის ტოლფასი იქნება და საცხოვრებელ გარემოს მნიშვნელოვნად დააზარალებს.

ჰესების მშენებლობას კი ძალიან მცირე ნაწილი ემხრობა. ისინი, ვინც სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერები არიან. ჰესის მშენებლობას ასევე ემხრობიან რამზან კადიროვის მხარდამჭერი ჯგუფი, რომელიც ასევე ხელისუფლებასთან თანამშრომლობს. ჰესების მშენებლობა, მათი ინტერესების სფეროშიც ექცევა, რადგან ამით გამარტივდება რუსეთიდან მომავალი საავტომობილო გზის პანკისთან დაკავშირება. ადგილობრივი ქისტები(ჩენები) აღნიშნული გზის მშენებლობასაც ეწინააღმდეგებიან კადიროვის შიშით.

 

Facebook Comments

Don`t copy text!