ლაგოდეხირეგიონი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული დღეები აღინიშნა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული დღეები აღინიშნა. ღონისძიებები ორი დღის განმავლობაში გაგრძელდა და სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული და სპორტული აქტივობებით იყო დატვირთული.

ახალგაზრდული დღეების ფარგლებში, ისტორიულ მუზეუმში, მთელი დღის განმავლობაში ოთხი სხვადასხვა გასართობ-შემეცნებითი აქტივობა მოეწყო: „ევროპის გზა“, „დიდი თამაში“, მასტერკლასი მობილურ ფოტოგრაფიაში, საგანმანათლებლო სემინარი – „საუბრები უფლებებსა და თავისუფლებებზე“.

შემეცნებითი ღონისძიებების პარალელურად, ლაგოდეხის დრამატულმა და თოჯინების თეატრმა, განახლებული თოჯინებით, პრემიერა „ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“ გამართა.

ახალგაზრდული დღეების ფარგლებში გაიმართა ასევე, ლაგოდეხისა და თემი „ქედელის“ გუნდების ამხანაგური შეჯიბრი, პარასპორტულ სახეობა ბოჩაში.

ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარებისთვის, მაქსიმალურად ვცდილობთ, ხელსაყრელი გარემო შევქმნათ. ტრანსფორმაციისა თუ განვითარების პროცესში, მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა. ჩვენი ერთერთი ძირითადი პრიორიტეტი, ადგილობრივ დონეზე, ახალგაზრდული პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელებაა. დღევანდელი ღონისძიებების მიზანიც, სწორად ახალგაზრდული პოლიტიკის ხელშეწყობა, ბავშვებისთვის ახალი ინოვაციების განსაზღვრა და შშმ პირების აქტიურ ცხოვრებაში ჩართვაა“, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა.

ახალგაზრდული აქტივობები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიის, ევროკავშირის (EU), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელშეწყობით, ახალგაზრდული ფესტივალი „ადამიანი & პლანეტას“ ფარგლებში გაიმართა.

ღონისძიებებს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხებში, ნიკო თათულაშვილი; შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ლია გიგაური; პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის აპარატის უფროსი, ნიკოლოზ პოპიაშვილი; გაეროს განვითარების პროგრამის მოქმედი ხელმძღვანელი, ანა ჩერნიშოვა; ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ვესელინ პეტროვ ვალკანოვი; ესპანეთის საქმეთა რწმუნებული საქართველოში, მარკოს გრანადოს გომესი დაესწრნენ.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close