Home დღის ამბები ზალიკო სვიმონიშვილის და ჟორჟიკა ბერძენაშვილის უიღბლო სიყვარულის ისტორია

ზალიკო სვიმონიშვილის და ჟორჟიკა ბერძენაშვილის უიღბლო სიყვარულის ისტორია

თენგიზ სიმაშვილის წიგნიდან : „ძალისმიერი სტრუქტურები, პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ვითარება მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის “


ამ ნაწილში საუბარია ცნობილი ტერორისტების უიღბლო სიყვარულზე.

1911 წლის 25 ნოემბერს სოფელ კალაურთან ,,სტრაჟნიკებთან’’ შეჯახებისას ზალიკო სვიმონიშვილს წერილების შეკვრა ამოუვარდა, რომელიც პოლიციამ შეტაკების ადგილას იპოვა. ჩანს მათ სვიმონიშვილი თან დაატარებდა. წერილების შეკვრაში იმჟამად, ქუთაისის ქალთა დაწყებითი სასწავლებლის წმინდა ნინოს სახელობის მოსწავლის, ქალაქ თელავის მაცხოვრებლის 20 წლის სალომე ბერიევას და ზალიკო სვიმონიშვილის სასიყვარულო მიმოწერა აღმოჩნდა.
ირკვევა, რომ მშობლებმა სალომე ბერიევა ზალიკო სვიმონიშვილთან კავშირის გამჟღავნების გამო, აღმოსავლეთ საქართველოს გაარიდეს და ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებელში გადაიყვანეს. ეს დასტურდება წერილების პოვნის მიზეზით, ქუთაისში პოლიციის მიერ დაკითხული სალომე ბერიევას ჩვენებებით. ბერიევა აღნიშნავს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში თელავში არ იყო ნამყოფი, რადგან მის მშობლებს ეშინოდათ ის ზალიკო სვიმონიშვილს არ მოეტაცებინა. წერილების შეკვრაში ასევე აღმოჩნდა დასახელებული სასწავლებლის მოსწავლის, სალომე ბერიევას ახლო მეგობრის ქეთევან (ქეთო) წულუკიძის წერილები ზალიკო სვიმონიშვილისადმი.

ირკვევა, რომ სალომე ბერიევა და ზალიკო სვიმონიშვილი სასიყვარულო კავშირში ხუთი წლის განმავლობაში ყოფილან – იმ დროიდან, როცა სალომე თელავში წმინდა ნინოს სასწავლებელში იწყებს სწავლას. სალომეს სიტყვებით ეს უკანასკნელი მის საქმროდ ითვლებოდა. საინტერესოა, რომ ბერიევას მეგობარი ქეთო წულუკიძე ზალიკო სვიმონიშვილს ერთ წერილში ხარება ჯიბუტზე ეკითხებოდა როგორი პიროვნებააო და ზალიკოს გულუბრყვილოდ, ,,ბავშვურად“ აფრთხილებდა – ,,ყაჩაღი გოგია მხეცია და მასთან არ იმეგობროო’’?! საიდან იცოდა ქეთო წულუკიძემ გოგია კენკიშვილი კახეთში რა ,,საგმირო საქმეებით“ იყო ცნობილი მასალებიდან არ ჩანს. ინფორმაციის სავარაუდო წყარო, ალბათ, მისი მეგობარი სალომე ბერიევა იყო, რომელიც იმის მიუხედავად, რომ პოლიციას დაკითხვისას უჩვენებდა – ,,სვიმონიშვილს მხოლოდ ერთხელ შევხვდი სოფელ ფშაველში და სხვა პირისპირი კონტაქტი არ მქონიაო’’, რეალურად ამ უკანასკნელს, როგორც ზემოთ უკვე ვნახეთ საკმაოდ ხშირად ხვდებოდა თელავში, თავის სახლში და ვინ იცის, იქნებ გოგია კენკიშვილის ,,ამბებს’’ ამ შეხვედრებისას პირადად ზალიკოსგან ისმენდა.
ზემოთ უკვე ნახსენები ცნობილი თელაველი მასწავლებელი, საზოგადო მოღვაწე, იმ დროს სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის აქტიური წევრი ვანო პაატაშვილი თავის მოგონებებში წერს: ,

,თელავის რაიონის სოფელ კისისხევის მცხოვრები და მგზნებარე რევოლუციონერი ზალიკა სვიმონიშვილს ისე ახლოს ვიცნობდი, რომ მე ვიყავი მისი მესაიდუმლე და ის თავისი ინტიმური ცხოვრების ზოგიერთ მოვლენებსაც კი მანდობდა. სხვათა შორის მისი სატრფო იყო ფშავლის მღვდლის ქალი თ. ბ-ძე, რომელიც ცხოვრობდა თელავში, სახლი ჰქონდათ პლეხანოვის ქუჩაზე, სადაც ხვდებოდნენ ხოლმე“. ანუ, პაატაშვილის მოგონების ეს ნაწყვეტიც ადასტურებს, რომ საარქივო მასალებში ასახული ისტორია რეალობას შეესაბამება და ჩვენ თელაველი სალომე ბერიევას ,,უცნობი სიყვარულის ამბავი“

, მართალია ფრაგმენტულად, მაგრამ მაინც ,,გავიგეთ“ თუ ,,გამოვარკვიეთ“.

ზალიკო სვიმონიშვილი

თუმცა, ამ ისტორიას, საკმაოდ ,,პროზაული“ გაგრძელება აქვს – ზალიკო სვიმონიშვილმა წერილების დაკარგვის შემდეგ, რომლებიც პოლიციას ჩაუვარდა ხელში, სალომე ბერიევასთან კავშირი გაწყვიტა, თუ თავისდა უნებურად გაწყდა. როგორც სხვა მასალებიდან ირკვევა, წერილების დაკარგვიდან ერთ წელში მან გიორგი ბერძენიშვილის, იგივე ,,ჟორჟიკას“ ცოლის, თუ საყვარლის ელენე ბაჩიაშვილის ღვიძლი და ანიჩკა ბაჩიაშვილი მიიყვანა ცოლად, ჯვარი დაიწერა მასზე.

გოგია კენკიშვილი და ზალიკო სვიმონიშვილი

ერთ-ერთი თანამედროვის მოგონებიდან ვიგებთ, რომ დები – ელენე და ანიჩკა ბაჩიაშვილები მათმა ბიძაშვილმა ლადო ბაჩიაშვილმა თელავიდან, სადაც ისინი იმ დროს ცხოვრობდნენ და სწავლობდნენ ,,სამკერვალოზე“, 1912 წლის აგვისტოში დედის ავადმყოფობის მიზეზით ,,გაიტყუა’’ და იყალთოში მიმავლებს, გზად გიორგი ბერძენიშვილი, ზალიკო სვიმონიშვილი და სხვა ტერორისტები, თუ უკვე გაყაჩაღებული ,,ხარება და გოგიას’’ სხვა რაზმელები დაახვედრა. ბერძენიშვილმა და მისმა ,,მეგობრებმა“ დები ბაჩიაშვილები გაიტაცეს და მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმავე ღამით ერთ დაზე ბერძენიშვილმა, მეორეზე კი სვიმონიშვილმა ჯვარი დაიწერეს. დასახელებული მოგონების მიხედვით, სვიმონიშვილს პირველად ნანახი ანიჩკა ბაჩიაშვილი ძალიან მოსწონებია. აღსანიშნავია, რომ ასეთი ,,ერთგულება’’ ტერორისტებმა ლადო ბაჩიაშვილს დაუფასეს – ამის შემდეგ იგი როგორც ზალიკო სვიმონიშვილის ბანდის წევრი ისეა ნახსენები, რადგან სხვადასხვა პირებს, მათ შორის რუისპირის მცხოვრებ თავად მაყაევს ზალიკოს სახელით ფულს სძალავდა.
ხელისუფლებისათვის გოგონების გატაცებიდან მალევე ცნობილი გახდა, რომ ელენე ბაჩიაშვილი გიორგი ბერძენიშვილის ან ცოლი ან საყვარელი იყო. 1916 წელს თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსის მოადგილე, თელავში მყოფ პუნქტის უნტერ-ოფიცერს წერდა, რომ უკან უბრუნებდა ,,ყაჩაღ ,,ჟორჟიკას’’ ცოლის – ელენე ივანეს ასული ბაჩიაშვილის ფოტოს. იმავე წლით დათარიღებული სხვა დოკუმენტის მიხედვით კი ,,საიდუმლო აგენტის ინფორმაციით ჟორჟიკა ბერძენიშვილი თელავის მაზრიდან თბილისში მიდის, სადაც მისი საყვარელი ელენე ივანეს ასული ბაჩიაშვილი ცხოვრობს.“
სწორედ დებ ბაჩიაშვილებს ბრალდებოდათ 1913 წლის 8 იანვარს თბილისში მოკლული ზალიკო სვიმონიშვილის გაცემა. დები ბაჩიაშვილები იმ დროს თბილისში დედასთან ერთად ცხოვრობდნენ. საინტერესოა, რომ ჩემს მიერ მოძიებული დოკუმენტების მიხედვით ზალიკო სვიმონიშვილის თბილისში ყოფნის შესახებ ინფორმაციის მიწვდისთვის ორ აგენტს გადაუხადეს თანხა. თუმცა, ეს მხოლოდ არსებული მასალის კონსტატანციაა და მეტი არაფერი, რადგან პირდაპირი მტკიცებულება, თუ ვინ გასცა სვიმონიშვილი, ჯერ კიდევ ვერ მოვიძიე (ავტორი)

ტყის ძმები

დაპატიმრებული ზალიკო სვიმონიშვილი თელავის მაზრის უფროსის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელმა თავადმა ირაკლი ბარათოვმა დაკითხა. სვიმონიშვილმა უჩვენა, რომ ,,პარასკევს მას ფეხსაცმელების ხელოსანი გაგნიძე შეხვდა, რომელმაც უთხრა, რომ ტერორისტული აქტის ჩადენის მოსამზადებლად ეძებდა.“ გაგნიძეს ასევე უთქვამს, რომ პარტიამ მათ – გაგნიძეს, სვიმონიშვილს და სხვებს ურიათუბნის ,,სტარშინის’’ ჩოლოყაშვილის მოკვლა დაავალა. სვიმონიშვილის სიტყვებით – ,,ამის შემდეგ გაგნიძემ იგი თელავის ბულვარში მიიყვანა, სადაც შეხვდა ლეკი – ხარება ჯიუტი, ნიკოლოზ ნადიბაიძე, გიორგი იმერელი და გოგია. ასევე ვიღაცა იმერელი მეტსახელით ბუკან(კ)ა.’
დაპატიმრებული ზალიკო სვიმონიშვილი თელავის სამაზრო სამმართველოს შენობის ერთ-ერთ ოთახში იქნა მოთავსებული, ანუ თელავის ციხეში არ გადაიყვანეს. ალბათ მაზრის ხელმძღვანელობას მისი დაკითხვის გაგრძელება სურდა. თუმცა, მათ ეს ვერ შეძლეს – სვიმონიშვილი ტუალეტში გაყვანის დროს გაიქცა. საქმე იმაშია, რომ მაზრის პოლიციის ,,სტრაჟნიკმა’’ იგი იარაღის გარეშე გაიყვანა და ეს უკანასკნელიც იოლად დაუსხლტა ხელიდან. ვფიქრობ, უფრო სავარაუდოა, რომ ,,სტრაჟნიკმა’’ სვიმონიშვილი გააპარა, რასაც მისი სამსახურიდან დათხოვა მოყვა. აღსანიშნავია, რომ ამის შემდეგ ზალიკო სვიმონიშვილი საარქივო მასალებში როგორც ,,გაქცეული ტერორისტი“ ასე იხსენიებოდა.


ავტორი ისტორიკოსი – პროფესორი თენგიზ სიმაშვილი / თელავის მკვიდრი 

 

 

ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ :

თელავში სტალინის მამის სავარაუდო საფლავის შესახებ
თელაველი „თავზეხალაღებული“ ვაჟკაცის და „ხარება და გოგიას“ თავდასხმების თელავური ისტორები