დღის ამბებიისტორია

თელაველი „თავზეხალაღებული“ ვაჟკაცის და „ხარება და გოგიას“ თავდასხმების თელავური ისტორები

თენგიზ სიმაშვილის წიგნიდან : „ძალისმიერი სტრუქტურები, პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ვითარება მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის “


ამ ნაწილში საუბარია მეტად მნიშვნელოვან მოვლენეზე სადაც ნათალდ ჩანს ხარება და გოგიას მიერ განხორციელებული თავდასხმები თელავში .

1908 წლის 12 თებერვალს ქალაქ თელავის ცენტრში, ბულვარში სოფელ ყვარლის მცხოვრები ივანე ზაუტაშვილი თავს დაესხა თავად სულხან ვახვახოვს, მაგრამ გასროლა ვერ შეძლო – იარაღმა უმტყუნა. 1908 წლის 19 თებერვალს, ანუ ერთი კვირის შემდეგ, ივანე ზაუტაშვილი თელავში ვაჭარ დავით სიმონოვის მაღაზიაში შევიდა და ესროლა. აღსანიშნავია, რომ ეს თავდასხმაც წარუმატებელი იყო – ვაჭარ სიმონოვს ტყვია ასცდა. ზაუტაშვილი თელავში მოქმედი სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკების ადგილობრივი ორგანიზაციის, ეგრეთ წოდებული ,,ჯგუფისტების’’ აქტიური წევრი ყოფილა.
აღნიშნულ თავდასხმებთან დაკავშირებით დაწყებული ძიების საქმეების მიხედვით, ზაუტაშვილის გარდა ,,ჯგუფისტების“ რიგებში გაერთიანებული ყოფილან – თელაველი ალექსანდრე ეგოროვი, ივანე ზურაბოვი, მიხეილ ცინცაძე, გიორგი ძულიაშვილი, იყალთოელი გიორგი ბერძენიშვილი -,,ჟორჟიკა’’ და სხვები. როგორც ვაჭარ სიმონოვის დაკითხვის ოქმიდან ირკვევა, ზაუტაშვილი მის მაღაზიაში შევიდა, სიგარეტი იყიდა და გარეთ გავიდა. ამის შემდეგ უკან მაღაზიაში შებრუნდა და ესროლა.

სულხან ვახვახოვი

დაახლოებით ასეთივე ,,მშვიდ“ სიტუაციაში მოახდინა ზაუტაშვილმა თავდასხმა სულხან ვახვახოვზე, რომელსაც საერთო ჯამში ,,ჯგუფისტები“ 1908 წლის თებერვალში ორჯელ – 12 და 18 რიცხვში დაესხნენ თავს. პირველი თავდასხმისას – 1908 წლის 12 თებერვალს ივანე ზაუტაშვილი თელავის მაზრის პოლიციის სამმართველოს თავისუფლად დაქირავებულ მწერალ სულხან ვახვახოვს უკანიდან მიეპარა, იარაღი ზურგზე მიბრჯნით მიადო და ესროლა, უფრო სწორედ იარაღი არ გავარდა. ვახვახოვმა, თავის მხრივ ამოიღო იარაღი და გაქცეულ თავდამსხმელს ესროლა, მაგრამ ააცდინა და მსროლელი უვნებლად გაიქცა.
თელავის მაზრის უფროსის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებლის ირაკლი ბარათოვის სიტყვებით, მას ამ თავდასხმის შესახებ თელავის სარეზერვო პოლიციის ,,სტრაჟნიკმა’’ ათანასე სოლოპმა* მაშინვე აცნობა. შესაბამისად, იგი დანაშაულის ადგილზე დროულად გამოცხადდა და იქვე მოტრიალე ახალგაზრდა დააკავა, რომელიც გიორგი მესაბლიშვილი აღმოჩნდა.
დაკითხვისას ამ უკანასკნელმა უჩვენა, რომ თავდამსხმელი ივანე ზაუტაშვილი იყო. დაკითხულ იქნა სულხან ვახვახოვიც, რომელმაც განაცხადა, რომ იგი თელავის ცენტრში სეირნობდა. შეამჩნია მესაბლიშვილი და ვიღაც უცნობი თუ თვალს როგორ ადევნებდნენ. ამასთან, კიდევ

ორი ახალგაზრდა – გიორგი ყიფიანი და მიხეილ შიუკოვი მისგან შორიახლოს დადიოდა. როდესაც მიუხლოვდა ღვთისმშობლის ეკლესიას მან იგრძნო, რომ ზურგიდან უბიძგეს და ორჯელ ჩხაკუნის ხმა გაიგო. მოიხედა და დაინახა შავ ბლუზაში ჩაცმული პიროვნება, რევოლვერით ხელში. ვახვახოვმა თქვა, რომ ამის შემდეგ მანაც ამოიღო იარაღი და თავდამსხმელს ესროლა. მინდა მოვიყვანო მესაბლიშვილის ჩვენებიდან ერთი მონაკვეთი, კერძოდ, მისი სიტყვებით, როდესაც სროლის ხმა გაიგონა მას მოჰყვა ვახვახოვის ხმა – ,,შე ნაძირალა იარაღში მარტო ერთი ტყვია მაქვს თორემ სეირს გიჩვენებდიო.’’ (ვახვახოვის დასახასიათებლად ალბათ უფრო ,,თავზეხელაღებული ვაჟკაცი“ თუ გამოდგება, რადგან მისი საქციელი ტერორისტების პირველი თავდასხმის შემდეგ – ქალაქში მარტო და თავისუფლად სიარული, იმ დროს მხოლოდ უმამაცეს და თავზეხელაღებულ ადამიანს თუ შეეძლო.)
დაკავებულმა გიორგი ყიფიანმა და მიხეილ შიუკოვმა ამოიცნეს ზაუტაშვილი, როგორც ვახვახოვზე თავდამსხმელი. აქვე ბარათოვი იოსებ მესაბლიშვილზე საკმაოდ საინტერესო ინფორმაციას იძლევა. მისი სიტყვებით მან ,,ფარულად’’ შეაგროვა ინფორმაცია ამ უკანასკნელზე, რომელიც მიღებული ცნობების თანახმად ,,ცნობილი კოლექტივისტია სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბოლშევიკების, ასე ვთქვათ ,,ჯგუფისტების“ და თელავში რევოლუციური მოძრაობის აქტიური მონაწილეა.’’
ბარათოვი ვახვახოვს საკმაოდ ფიცხ და თავშეუკავებელ ადამიანად მოიხსენიებს და მასზე თავდასხმის შესაძლო მოტივზე საუბრობს. მისი სიტყვებით, ვახვახოვმა თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე თელავში ფირუზ გიორგელაშვილი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბოლშევიკების თელავის ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი დააკავა. ვახვახოვი მაზრის სამმართველოს შენობაში, მის კაბინეტში ხმამაღლა, პირში აგინებდა გიორგელაშვილს. გარდა ამისა, იგი ამის თაობაზე თელავის ბულვარში ტრაბახობდა და გიორგელაშვილის დაპატიმრებას თავის თავზე იწერდა. ბარათოვი წერს, რომ ვახვახოვი გიორგელაშვილზე ხშირად ამბობდა, რომ იგი თელავში ყველაზე საშიში ტერორისტი და ყაჩაღი იყო.
თავდასხმის ადგილიდან გაქცეული ზაუტაშვილი ბარათოვმა მალევე დაპატიმრა. მან საიდუმლო ცნობები მიიღო, რომ ზაუტაშვილი ქალაქ თელავში ყოველ დილით მაწანწრის გავლით ვარდისუბნის მხრიდან შედიოდა. ვახვახოვზე განხორციელებული მეორე თავდასხმიდან ცოტა ხანში, დილით ადრე მაწანწრის ხევთან ჩასაფრება მოაწყო და ზაუტაშვილი დაიჭირა. ჩანს, რომ ამ უკანასკნელს პოლიციის ,,სტრაჟნიკებმა“ კარგად სცემეს და მანაც ,,გულწრფელი“ აღიარებითი ჩვენებები მისცა. მათში სადაც დეტალურადაა აღწერილი როგორც ზაუტაშვილის, ასევე სხვა ტერორისტების მიერ ჩადენილი ტერორისტული აქტები.
ზაუტაშვილის სიტყვებით, 1908 წლის თებერვლის დასაწყისში, თელავში, ე.წ. მაწანწარაზე მას შეხვდნენ ცნობილი ტერორისტი ხარება ჯიბუტი – მესტსახელით ლეკი, ასევე მისი ნაცნობი ტერორისტები გოგია კენკიშვილი, ზალიკო სვიმონიშვილი და ალექსანდრე სუხიტაშვილი. შეხვედრაზე ხარებამ დიდი სახაზინო ტიპის რევოლვერი მოიხსნა, მისცა და უთხრა, რომ სულხან ვახვახოვი უნდა მოეკლა.
ზაუტაშვილი თავის ჩვენებაში ამ თავდასხმის დეტალებს დაწვრილებით აღწერს. საინტერესოა, რომ როგორც ზაუტაშვილის ჩვენებიდან ირკვევა, ვახვახოვზე წარუმატებელი თავდასხმის შემდეგ იგი თელავის მახლობლად, ე.წ. ზუზუმბოს ტყეში მისულა, სადაც დასახელებული ტერორისტები ელოდებოდნენ. როდესაც მათ გაუგიათ, რომ მან ვახვახოვი ვერ მოკლა გოგია კენკიშვილს იგი მაგრად უცემია. ზაუტაშვილი კიდევ ორი დღე ყოფილა ზუზუმბოზე მათთან ერთად და კენკიშვილს მისთვის ახალი დავალება მიუცია – ვაჭარ დავით სიმონოვის მკვლელობის ჩადენა. თუმცა, როგორც აღვნიშნე ზაუტაშვილმა სიმონოვს კი ესროლა, მაგრამ ტყვია ააცილა.
ამის შემდეგ, ზაუტაშვილი კვლავ შეხვდა ჯიბუტს, კენკიშვილს, სუხიტაშვილს და სვიმონიშვილს და აცნობა, რომ სიმონოვი გადარჩა. მათ კი უთქვამთ, რომ ,,ისინი ასე არ ,,მუშაობენ“ და რომ წინა დღეს ვახვახოვი მოკლეს’’.
როგორც საარქივო მასალებიდან ირკვევა, ,,სულხან ვახვახოვზე ზაუტაშვილის მიერ პირველი წარუმატებელი თავდასხმის შემდეგ ,,ჯგუფისტებმა’’ შეკრება მოაწყეს და ვახვახოვზე ტერორის განსახორციელებლად გამოცდილი ტერორისტები – ჯიბუტი, კენკიშვილი, სვიმონიშვილი, არუთინოვი აირჩიეს.’’
აღსანიშნავია, რომ თუ ჩოლოყაშვილზე თავდასხმა, დასახელებულმა ტერორისტებმა სოფლის მიტინგზე გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ განახორციელეს, ვახვახვზე თავდასხმა სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორისტების, ე.წ. ,,ჯგუფისტების’’ მიერ უშუალოდ ყოფილა გადაწყვეტილი. კერძოდ, როგორც ვახვახოვის მკვლელობის შემდეგ დაპატიმრებული ნარიმანოვის, ეგოროვის და სტეპანოვის ჩვენებით ირკვევა, ისინი ,,ჯგუფისტების პარტიის’’ წევრები იყვნენ და გამოძალვას, ტერორს, ძარცვას ეწეოდნენ. ამ დოკუმენტის მიხედვით ,,15 თებერვალს პირველი თავდასხმის შემდეგ ამ და სხვა პირებმა – 24 კაცმა შეადგინეს კოლექტივი და განიხილეს ვახვახოვის საქმე, რომელსაც დაუნიშნეს ტერორი.’’ აქვე ჩამოთვლილია ეს პირები: ,,თელავის მცხოვრებლები – ტიგრან ნარიმანოვი, ბუღდან ეგოროვი, ბაგრატ სტეპანოვი, მიხეილ ამონაშვილი, მკერავი გიორგი კურდღელოვი, ნავთით მოვაჭრე სარქის კაზახელი, უნაგირების ოსტატები ძმები ანისიმ და გიორგი ჩიკვაიძეები, ხეზე მომუშავე ხელოსანი გიორგი ბუიშვილი, ტატო სარმანიძე, რკინის ხელოსანი ეგორ ფირანიშვილი მეტსახელით ,,ტაკვილა’’, ფეხსაცმელების ხელოსანი იოსებ ლეკიშვილი, ქვის ოსტატი საბა ჩიდრაშვილი და სვიმონოვი.’’ აქვე მითითებულია, რომ ,,ცნობების მიხედვით დასტურდება, ჩამოთვლილი ნარიმანოვი, ეგოროვი, სტეპანოვი, ამონაშვილი და სხვები შედიან ,,ჯგუფისტების’’ პარტიაში და არიან მასში საკმაოდ მსხვილი ფიგურები, ხელმძღვანელობენ გამოძალვებს, ძარცვებს, ტერორისტული აქტების ჩადენას.’’
სხვა საარქივო საქმის მიხედვით – ,,ვახვახოვის მკვლელობა ტერორისტებმა თელავის ორგანიზაცია ,,ჯგუფისტების’’ სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკები პარტიის ორგანიზაციის დადგენილებით ჩაიდინეს.’’ ასევე, არსებობს დოკუმენტი, სადაც წერია, რომ სულხან ვახვახოვი სოციალ-დემოკრატიული პარტიის თელავის ორგანიზაციის დადგენილებით იქნა მოკლული. ჩემი აზრით, კონკრეტულად რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის რომელ ფრთას – ბოლშევიკებს თუ მენშევიკებს ეკუთვნოდნენ დასახელებული ტერორისტები მნიშვნელოვანი არაა. ფაქტია, ამ დროს რომ ისინი ტერორისტულ აქტებს სწორედ პარტიული ნიშნით აწყობდნენ. ყოველ შემთხვევაში ხელისუფლება მათ ამ დროს სწორედ ,,ბოლშევიკ-ჯგუფისტებად’’ მოიხსენიებდა.
პარტიის თუ ტერორისტების ჯგუფის მიერ სასიკვდილო განაჩენის გამოტანის საბაბი, ვახვახოვისგან ,,ამ პარტიის ხელმძღვანელის ფირუზ გიორგელაშვილის და ტერორისტ ზაალ სვიმონიშვილის, ,,ჯგუფისტების’’ ტიგრან ნაიმანოვის, ბუღდან ეგოროვის, ბაგრატ სტეპანოვისა და თაზო სვიმონოვის დაჭერა’’ ყოფილა.’’მასალაში ასევე მითითებულია, რომ – ვახვახოვი თელავის ბოქაულის მოვალეობას ცოტა ხნით ასრულებდა და ამ დროს დაპატიმრებული სვიმონოვი, ნარიმანოვი, არშაკა არუთინოვი – ბეგიას ბიჭი და ვიღაც პარტიული მეკასრე* სასტიკად სცემა. აქვე აღნიშნულია, რომ ხარება ჯიბუტის ტერორისტული ჯგუფისათვის ოთხი მაუზერი სწორედ ნარიმანოვს და ეგოროვს გამოუწერიათ.
ზაუტაშვილის ჩვენების მიხედვით მას ტერორისტებმა ასევე უთხრეს, რომ ვახვახოვს ,,ბეგიას ბიჭი’’ ზურგიდან მიეპარა და პირველმა ესროლა, ანუ საუბარია არშაკა არუთინოვზე, რომელიც თავის მოგონებებში ადასტურებს ვახვახოვის მკვლელობაში მონაწილეობას. იგი წერს: ,,1908 წელს მდევნიდნენ იმისთვის, რომ მოვკალით პრისტავის პომოშნიკი სულხან ვახვახოვი, მოვკალით ოთხმა კაცმა – მე, გოგია კენკიშვილმა, ზალიკო სვიმონიშვილმა, სანდრო სუხიტაშვილმა.’’
თელავის მაზრის სამმართველოს მწერალი, თავადი სულხან ვახვახოვი, 1908 წლის 21 თებერვალს თელავის ცენტრში ზემოდასახელებულმა პირებმა: ხარება ჯიბუტმა, გოგია კენკიშვილმა, ზალიკო სვიმონიშვილმა, არშაკა არუთინოვმა და ალექსანდრე (სანდრო) ილიას ძე სუხიტაშვილმა მოკლეს. მასალების ანალიზიდან ჩანს ვახვახოვს თავს მოულოდნელად, ზურგიდან დაესხნენ. მას მაუზერიდან იმ დროს ხმარებაში ახლად შემოსული ე.წ. ფეთქებადი (სახეთქი) ტყვიები ესროლეს, რომლის მოხვედრის შედეგად ვახვახოვს თავის ქალა ახდია. თავდასხმის შემდეგ ტერორისტები ქვემოთ დაეშვნენ და დაადგნენ გზას, რომელიც მიდიოდა სოფლების გულგულის და კურდღელაურისკენ.
მსხვერპლის ბიძაშვილის გიორგი რევაზის ძე ვახვახოვის სიტყვებით იგი ბულვარზე საპარიკმახერო ,,ჟოზეფ“-ში პირს იპარსავდა, როდესაც მასთან მივიდა სულხან ვახვახოვი და უთხრა, რომ მიდიოდა ფეხსაცმელების ხელოსან კიკნაძესთან ჩექმებისთვის. მისი საპარიკმახეროდან გასვლიდან რამოდენიმე წუთში ზალპებად გაისმა ძლიერი სროლის ხმა. გიორგი ვახვახოვი საპარიკმახეროდან გარეთ გამოვარდა და დაინახა ოთხი ადამიანი, რომლებიც იარაღის ჰაერში სროლით ბულვარზე მირბოდნენ. მათ შორის ცნობილი ტერორისტი არშაკ არუთინოვი ამოიცნო, რომელიც ,,გოროდოვოი’’ ტერტეროვის მკვლელობაში, ფეხსაცმელების ხელოსან ალექსანდრე ლაზარიაშვილის დაჭრაში იყო ბრალდებული. გიორგი ვახვახოვმა უჩვენა, რომ არუთინოვი სირბილისას თან ხტებოდა, ტრიალდებოდა, რევოლვერით ჰაერში ისროდა და ყვიროდა ,,ჰოპ, ჰოპ, ჰოპ“. არუთინოვის გარდა თავდამსხმელებს შორის მან ზაალიკო სვიმონიშვილიც ამოიცნო.
მოწმეების დაკითხვის ოქმიდან ჩანს, რომ მსხვერპლის ძმა ალექსანდრე გიორგის ძე ვახვახოვიც იქვე შორიახლოს, ბულვარზე მდებარე სასტუმრო ,,საოჯახო ნომრებში“ თავადის ასულ ვარვარა მაყაევასთან იყო სტუმრად, როდესაც გაიგო სროლის ხმა. გარეთ გამოვიდა და დაინახა გურგენოვის საკონდიტროსთან ძირს მწოლიარე ადამიანი. მასში თავდაპირველად თავისი ძმა ვერ ამოიცნო. თავისგან ოც ნაბიჯში კი დაინახა ოთხი გაქცეული ადამიანი, ვინც ჰაერში ისროდნენ. ერთ-ერთში, რომელიც რევოლვერს ისროდა, დაბალი ტანის იყო და ფეხები თავისებურად დაგრეხილი ჰქონდა, მან მისთვის ნაცნობი თელაველი ტერორისტი ბეგიას ბიჭი – არშაკა არუთინოვი ამოიცნო.
ოქმის მიხედვით, სხვა მოწმემ თავადმა ვახტანგ თარხანოვმა უჩვენა, რომ ,,თავდამსხმელებს შორის იყვნენ თელაველი ტერორისტი, ბეგიას ბიჭი, რომელიც ყვიროდა და ჰაერში ისროდა რევოლვერს, სოფელ გულგულის მცხოვრები ყაჩაღი გოგია კენკიშვილი, ასევე სოფელ კურდღელაურის მცხოვრები სუხიტოვი.’’
სულხან ვახვახოვზე თავდასხმის მონაწილეების ვინაობის შესახებ ჩვენ სხვა წყაროდანაც მოგვეპოვება ინფორმაცია. კერძოდ, ზემოდასახელებული ტერორისტები ამ მკვლელობიდან ცოტა ხანში თავის ნაცნობ მეწისქვილესთან მისულან, რომლისთვისაც ხარება ჯიბუტს უთქვამს რომ: ,,ვახვახოვი როგორც ,,შპიონი’’ და ხულიგანი ამიტომ მოვკალითო.’’


მეწისქვილის სიტყვებით სვიმონიშვილი მოჰყვა მკვლელობის ჩადენის დეტალებს და თქვა, რომ ,,ვახვახოვს ჯერ კენკიშვილმა ესროლა და ააცდინა, შემდეგ ხარებამ ესროლა და თავში მოარტყა ტყვია, ვახვახოვი დაეცა. სხვებმაც – სვიმონიშვილმა, სუხიტაშვილმა და კიდევ ერთმა (ბეგიას ბიჭი) მიირბინეს და ორ ჯერი მისცეს ახლოდან. ამას რომ ყვებოდა სვიმონიშვილი იცინოდა და ამბობდა, რომ ასეთი წარმატებული ტერორისტული აქტი მათ ჯერ არ ჩაედინათ.’’
სხვა მოწმეების – თელავის ბაშკადიკლარის სარეზერვო ბატალიონის ეფრეიტორ ვოლხოვსკის, ასევე რიგითების – პეტრენკოსა და ლენკის სიტყვებით ისინი იმყოფებოდნენ ბაზარში, როდესაც გაიგეს ბულვარიდან სროლის ხმა. მათ ბულვარის ახლოს ქალაქის ბაღის კიდესთან სამი მუხლებზე მდგარი ადამიანი* დაინახეს, რომლებიც ისროდნენ და შემდეგ სხვადასხვა მხარეს გაიქცნენ.
ამავე საარქივო მასალაში არის მოყვანილი თელავის მაცხოვრებლის ქრისტეფორე ტერ-კირაკოზოვის ჩვენება. ამ უკანაკნელის სიტყვებით მას მარქაროვის მაღაზიის ,,პრიკაზჩიკმა’’ ტიგრან ნარიმანოვმა მოუყვა, რომ დაინახა როგორ მოკლეს ვახვახოვი. ნარიმანოვის სიტყვებით ,,თავდამსხმელები იყვნენ ექვსი – ხარება ჯიბუტი, გოგია კენკიშვილი, ბეგიას ბიჭი (არუთინოვი), ალექსანდრე სუხიტაშვილი (მეტსახელით პეტუშოკ), ზაალ სვიმონიშვილი და სოფელ ყვარლის მცხოვრები ივანე ზაუტაშვილი.’’ შემდეგ აღწერილია მკვლელობა, თუმცა მნიშვნელოვანი უფრო სხვა გარემოებაა, როგორც ამ მასალაშია აღნიშნული ,,ტერ-კირაკოზოვმა იცოდა, რომ ნარიმანოვი პარტიულია და მას ამ საქმეში აუცილებლად უნდა მიეღო მონაწილეობა, ამიტომ დაანამუსა, ახალგაზრდა კაცი ასე სასტიკად რატომ მოკლეს, რაზეც ნარიმანოვმა უპასუხა, რომ მისი მკვლელობა იმიტომ გადაწყვიტეს, რომ მან ბევრი პრობლემა შეუქმნა მათ, პოლიციაში დაათრევდა და შპიონი და ხულიგანი იყო. თქვა რაც ნაკლები იქნებიან ასეთი ადამიანები მით უკეთესიაო.“ თუმცა, თავის მხრივ ტიგრან ნარიმანოვმა, როგორც მოწმემ პოლიციას ჩვენების მიცემისას, თავდამსხმელებში მხოლოდ ზალიკო სვიმონიშვილი დაუსახელა, რაც შესაძლებელია შეგნებულად, წინასწარ განზრახვით გააკეთა. ისე კი, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე ტიგრან ნარიმანოვი სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკი ტერორისტების, ე.წ. ,,ჯგუფისტების’’ აქტიური წევრი იყო და სავარაუდოდ, ვახვახოვის მკვლელობის ადგილზე მისი ყოფნა, ალბათ უფრო სიტუაციის ,,კონტროლის’’ სურვილით იყო გამოწვეული.
აქვე მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ვახვახოვის თავდასხმას შემთხვევით შეესწრო ილარიონ ყაზახოვი, რომელიც ზემოდასახლებულმა ბაშკიდიკლარის ბატალიონის წევრებმა დააპატიმრეს, მაგრამ თელაველი, პატარა მაღაზიის მფლობელი გასპარ მოსიაშვილისა და სხვა მოწმეების ჩვენების საფუძველზე, როგორც მკვლელობის შემთხვევითი შემსწრე მალევე გაათავისუფლეს.
1914 წლით დათარიღებულ ერთ-ერთ დოკუმენტში კი ვკითხულობთ – ,,ხარება და გოგიას“ ბანდა, როგორც უნდოდა ისე იქცეოდა კახეთში თითქმის 8 წლის განმავლობაში. მათ მიერ ჩადენილი მკვლელობებიდან ყურადღებას იქცევს პრისტავ აპუშკინის მკვლელობა თელავში, სტრაჟიკების ოფიცერ პორუჩიკ ცელმანის მკვლელობა ნაფარეულში, თელავის მაზრის ჩინოვნიკ ვახვახოვის მკვლელობა ქალაქ თელავში, ასევე მასობრივი მსხვერპლი სახელმწიფო სტარშინების, სტრაჟნიკების, ურიადნიკების, პოლიციის აგენტებისა და კერძო პირების. ამ ბანდის ხელით მოკლულთა რაოდენობა ორმოცდაათს აჭარბებს. ბანდამ მოაწყო თავდასხმა წინანდლის მამულის ხაზინაზე და გაიტაცა მსხვილი თანხა, მოაწყო თავდასხმა სახელმწიფო ფოსტაზე და სხვა. ბანდის თავხედობას არ ჰქონდა საზღვარი – პრისტავი აპუშკინი და თავადი ვახვახოვი დღისით-მზისით ჩაცხრილეს. თელავის მაზრის უფროსს ანტონოვს თელავიდან 7-8 ვერსის მანძილზე დაესხნენ თავს, დაჭრეს თუში ზარიძე, 1912 წელს ხორხელის მცხოვრები გავარდაშვილი დახვრიტეს ადგილობრივი მოსახლეობის თვალწინ და სხვა.“
თავისთავად ცხადია, რომ დღისით-მზისით, სახალხოდ, ასე ღიად და დაუსჯელად ჩადენილი ტერორისტული აქტები უარყოფითად აისახებოდა თელავის მოსახლეობის განწყობაზე. მეტიც, ამ დროს მომხდარი ტერორისტული აქტები გარკვეულწილად ზრდიდა მოსახლეობაში რევოლუციური პარტიების, მათ შორის სოციალ-დემოკრატების მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას. მაგალითად, თბილისში 1908 წლის 28 მაისს საქართველოს ეგზარხოსი ნიკონი მოკლეს. მართალია, ხელისუფლებამ რეპრესიების ტალღა სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის და ამ პარტიასთან დაახლოებულ ე.წ ავტოკეფალური მოძრაობის წევრებს დაატეხა თავს, მაგრამ ერთ-ერთი ვერსიით ნიკონის მკვლელობა 1908 წელს 11 მაისს მეტეხის ციხიდან გაქცეული 18 სოციალ-დემოკრატი ტერორისტების ნაწილმა ჩაიდინა.ამ მკვლელობამ, გარკვეულწილად უარყოფითი გამოძახილი პოვა თბილისში.
გარდა ამისა, ხელისუფლება ზემოდასახელებულ ტერორისტებს და ყაჩაღებს სხვადასხვა დროს მომხდარ მკვლელობებსაც მიაწერდა. დოკუმენტების მიხედვით, ხარება ჯიბუტს და გოგია კენკიშვილს ერთობლივად მოუკლავთ ნაფარეულის ,,სტარშინა“ ბონუხ ტიმიევი და ,,სტრაჟნიკი’’ ალი შახტიევი, ასევე დაუხოციათ ,,შანტაჟისტები’’ ალექსანდრე ეგოროვი და იოსებ ზურაბოვი, მოუკლავთ სოფელ ართანის მკვიდრი აბელ ბეჟინაშვილი. გოგია კენკიშვილს 1908 წლის 19 თებერვალს სოფელ კურდღელაურის სახელმწიფო ,,სტარშინა’’ გოძიევიც მოუკლავს.
აგენტურული მონაცემებით გოგია კენკიშვილსვე ბრალდებოდა თანასოფლელების, სოფელ გულგულის მკვიდრების – ალექსანდრე ჩაველაშვილის, მიხეილ ოხანაშვილის და სოლომონ გიგაურაშვილის მკვლელობები. ხარება ჯიბუტს კი ივანე და ზაქრო რამაზაშვილების, ნაფარეულის ,,სტარშინა’’ ბაქრაძის, ფშავლის მცხოვრებ ჯაჭვაძის, თელავში განლაგებული ბაშკიდიკლარის ბატალიონის რიგითი ჯარისკაც გურსკის და სხვების მკვლელობები. ხელისუფლების აზრით ზალიკო სვიმონიშვილს რამაზაშვილის და ჯაჭვაძის მკვლელობებშიც ჰქონდა მონაწილეობა მიღებული.
სხვა მიზეზებთან ერთად, სოციალ-დემოკრატიული პარტიის რეპუტაციაზე, თბილისსა და პროვინციებში მომხდარი ტერორისტული აქტების უარყოფითი გავლენის შესასუსტებლად, 1908 წლის ივნისში რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ამიერკავკასიის საოლქო კომიტეტმა გამოუშვა პროკლამაცია ,,ტერორის შესახებ“.326 მასში, ერთის მხრივ, სოციალ-დემოკრატები ,,გმობდნენ’’ ტერორს და აცხადებდნენ, რომ სხვა რევოლუციური პარტიებისაგან განსხვავებით, მხოლოდ სოციალ-დემოკრატები გამოდიოდნენ ტერორის წინააღმდეგ – ,,ახლა მხოლოდ საზოგადოების ნაძირლები – ლუმნენ-პროლეტარები მიმართავენ ტერორს“, მეორე მხრივ, კი ემიჯნებოდნენ ეგზარხოს ნიკონის მკვლელობას.
რაც შეეხება თელავს, 1908 წლის 19 ივნისს, თელავში გავრცელდა პროკლამაცია, რომელშიც ეწერა:
,,რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია
გ ან ც ხ ა დ ე ბ ა
გლეხების და მოქალაქეების საყურადღებოდ
თელავის ორგანიზაცია რ.ს.დ.მ.პ. საქვეყნოდ აცხადებს – თანახმად ლონდონის პარტიული სიეზდის გადაწყვეტილებისა წინააღმდეგია ყოველგვარი პარტიზანული მოქმედებისა, ამ მიზნით კიდევაც გააუქმა ყოველგვარი ტექნიკური და ბოევიკური ორგანიზაციები და არ შეადგენს მათ, სანამ ამის საჭიროებას მოძრაობა არ გამოიწვევს.
ორგანიზაციისვე წინადადებით აიყარეს იარაღი ყველა ყოფილმა ბოევიკებმა და მათ შორის გოგიამ და ლეკმა, რომლებიც უკვე გავიდნენ თელავის მაზრიდან.
ორგანიზაცია ამცნობს ყველა თავის თანამგრძნობ გლეხებსა და მოქალაქეებს, რომ დღეიდან მას (ორგანიზაციას) არ ყავს ბოევიკები და თუ ვინმემ იარაღ-ასხმულმა დაიწყოს თარეში და აგრეთვე მოითხოვოს ფული, ის იქნება შანტაჟისტი და არა ახალთაობის კაცი.
მოგიწოდებთ ყოველგვარი საშუალებით ვებრძოლო ამ ვაჟბატონებს
თელავის რ.ს.დ.მ.პ. 1908 წელი 19 ივნისი’’

თელავის მაზრის უფროსად ყოფნის დროს განბერგი ტერორისტებისა და გაყაჩაღებული წითელრაზმელების დევნაში საკმაოდ აქტიურობდა. თუმცა, მისი კარიერა თელავის მაზრაში 1913 წლის 12 იანვარს სოფელ მაღრანთან მაჭარულას ხეობაში განვითარებულ მოვლენებს – ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ,,ხარებას და გოგიას“ დაჯგუფების ამოხოცვას შეეწირა. როგორც მასალების ანალიზიდან ჩანს, ნიკოლოზ კასრაძის მკვლელობის შემდეგ ხელისუფლებისაგან ,,წახალისებული“ და გათამამებული განბერგი, ყაჩაღების წინააღმდეგ აქტიური საპოლიციო ხასიათის ღონისძიებების გატარებას იწყებს. 1913 წლის 9-10 იანვარს, სწორედ თელავის მაზრის ,,სტრაჟნიკების’’ მიერ განბერგის ხელმძღვანელობით განხორციელებული დევნის გამო ,,ხარებას და გოგიას“ დაჯგუფება სოფლების წინანდლისა და ქვემო ხოდაშნის მიდამოებიდან მდინარე ალაზნისკენ დაეშვა. შემდეგ, მდინარის კალაპოტს ზემოთ აუყვა და სოფლების ფშავლის, ლეჩურის მიმდებარე ტყეში გადავიდა, და ბოლოს სოფელ მაღრანის ზემოთ მდებარე მაჭარულას ხეობას შეაფარა თავი.
1913 წლის 12 იანვარს კი ,,ხარებას და გოგიას“ 12 კაციანი ჯგუფი თიანეთის მაზრის თანამშრომლებისა და პოლიციის ,,სტრაჟნიკებისგან’’ დაკომპლექტებულმა თერთმეტ კაციანმა რაზმმა ეკო დარჩიევის ხელმძღვანელობით ამოხოცა. იმის გამო, რომ ყაჩაღების ამოხოცვა მეზობელი მაზრის ხელმძღვანელობამ მოახერხა და მისი მცდელობები ,,წყალში ჩაიყარა’’, განაწყენებულმა განბერგმა თბილისის გუბერნატორის სახელზე წერილი გააგზავნა, სადაც იგი ,,ხარებას და გოგიას“ დაჯგუფების ამოხოცვას – ,,უგონოდ მთვრალი ყაჩაღების დაუნდობლად ჩახოცვად’’ მოიხსენიებდა. ჩანს, რომ იმდროინდელ პრესაშიც ამ დაჯგუფების ლიკვიდაციის დასახელებული ვერსია სწორედ განბერგის ,,მეშვეობით“ გავრცელდა. არადა, საარქივო მასალებით დასტურდება, რომ დაჯგუფებას, რომელიც რიცხობრივად მათზე ბევრად მეტ მდევარს გაურბოდა, 1913 წლის იანვრის ცივ დღეებში ღვინო არ ჰქონდა, და ამ ამბავს გადარჩებილი გიორგი მახნიაშვილის (უტრუხუნე) სიტყვებით ,,არც ღრეობებს აწყობდნენ’’. (ახლად მოძიებული დოკუმენტებიდან ჩანს, რომ შესაძლებელია დაჯგუფების წევრებს თიანეთის მაზრის პოლიციის ჩინებმა აგენტების მეშვეობით მოწამლული საჭმელი შეაპარეს, თუმცა ეს სხვა ისტორიაა. ამის შესახებ დაინტერესებულმა მკითხველმა შეგიძლიათ ნახოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი ,,ხარება და გოგია (უცნობი დეტალები)’’, რეჟისორი მიხეილ ბერინაშვილი)
თელავის მაზრის უფროს განბერგს თიანეთის მაზრის იმჟამინდელი მმართველი თავადი ყარალოვი და ფშავ-ხევსურეთის ბოქაული მათურელი დაუპირისპირდნენ, რომლებიც მას მიზანმიმართული სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებდნენ. შედეგად, განბერგი თელავის მაზრის უფროსობიდან გაათავისუფლეს.
განბერგი, სავარაუდოდ, ხელისუფლების მიერ ,,შერისხულ“ იქნა და გარკვეული ხანი იგი სამსახურის გარეშე იყო დარჩენილი. 1913 წლის ნოემბრით დათარიღებული მისი თხოვნები რუსეთის იმპერიის სხვადასხვა ქალაქების (ჩერნიგოვოს, ეკატერინოსლავის და სხვების) საპოლიციო სტრუქტურების მიმართ, რომ ხომ არ მოეპოვებდათ თავისუფალი თანამდებობა პოლიციაში, პირდაპირ მიგვანიშნებს ამის თაობაზე.17 თუმცა, თბილისის ,,პოლიცმეისტერმა’’ ზასიპკინმა მისთვის თანამდებობა გამონახა და 1914 წლის იანვრის დასაწყისში განბერგი თბილისში, მე-9 ნაწილის პრისტავად დაინიშნა.
ამავე წლის 13 იანვარს, ანუ ,,ხარება და გოგიას“ დაჯგუფების ამოხოცვიდან ერთი წლის შემდეგ განბერგს თბილისში, ავლაბარში ტერორისტების ილიკო იმერლიშვილისა და ვასილ (ვასო) ფარესიშვილის წინააღმდეგ ჩატარებული საპოლიციო ოპერაციისას კლავენ. უფრო სწორედ, იგი მძიმედ დაიჭრა და 15 იანვარს გარდაიცვალა. ზოგიერთი ცნობით მას ტყვია არა ტერორისტებმა, არამედ საკუთარმა კოლეგა-პოლიციელებმა ,,შეცდომით’’ მოარტყეს.
რაც შეეხება თელავის მაზრას, განერგის შემცვლელად, თელავის მაზრის ახალ უფროსად პოდპოლკოვნიკი ვლადიმერ ნიკოლოზის ძე ოლხოვსკი დაინიშნა. 1914 წლის 15 სექტემბრით დათარიღებული წერილიდან ვიგებთ, რომ შორაპნის მაზრის ყოფილი უფროსი ოლხოვსკი, თელავის მაზრის უფროსად გადაიყვანეს. ოლხოვსკის პიროვნება თელავის მაზრის სხვა უფროსებისაგან საკმაოდ ,,გამოირჩეოდა“ და მისი ასე ვთქვათ ,,ცხოვრების სტილი’’ თელავის მაზრის ,,ტიპიური“ უფროსების ცხოვრებისგან აშკარად განსხვავდებოდა. ეს უკანასკნელი ქალაქ თელავის ,,საზოგადოებრივ კლუბში’’ კარტის თამაშს არ ერიდებოდა, ქეიფებიც უყვარდა, და ქალთა საზოგადოებაში ტრიალიც. თუმცა, დოკუმენტებში ისიცაა ნათქვამი, რომ იგი დიდ თანხებზე არ თამაშობდა და ქრთამებსაც შეძლებული პირებიდან, იგულისხმება ვაჭრები, თითქოსდა არ იღებდა. (მკითხველი ალბათ ფილმს ,,ხარება და გოგია“ გაიხსენებს, რომელშიც ოხლოვსკი თითქოსდა ამ პირების მაზრაში ,,მოღვაწეობის“ დროს თელავის მაზრის უფროსად არის გამოყვანილი, რაც როგორც ვნახეთ სინამდვილეს არ შეესაბამება. საარქივო დოკუმენტების მიხედვით ოლხოვსკი თელავის მაზრის უფროსად ,,ხარება და გოგიას“ დაჯგუფების განადგურებიდან ერთი წლის შემდეგ, 1914 წელს ინიშნება)
მე მოვიძიე კავკასიის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების სახელზე გაგზავნილი ანონიმური წერილები, სადაც უცნობი, ანონიმი ავტორები, თუ ავტორი, რადგან ერთი შეხედვით წერილების ხელნაწერი ტექსტები ერთმანეთს წააგავს, ხელისუფლების ადგილობრივ წარმომადგენლებიდან ზოგს აქებენ და ზოგსაც აძაგებენ. სავარაუდოდ, აღნიშნული დოკუმენტები მათი ე.წ. ,,მომხრეების’’ თუ ,,მოწინააღმდეგეების’’ მიერაა დაწერილი. წერილებში ბევრი რამაა ნათქვამი მაზრის უფროსებზე და მათ შორის ოლხოვსკის შესახებ საინტერესო ინფორმაციებსაც ვხვდებით.
სწორედ ერთ-ერთ ანონიმურ წერილში აღნიშნულია მისი მეტად ,,უცნაური“ ჩვევა – თელავის მაზრის უფროსი ოლხოვსკი ღია ეტლით (შარაბანი) გადაადგილდებოდა, რომელში შებმულ ცხენებსაც ზანზალიკები ეკეთათ, რომლებიც ისე ხმამაღლა წკარუნობდნენ, რომ ,,მათი ხმა 60 ვერსზე ისმოდა“. ოლხოვსკი ამ ეტლით პოლიციის ,,სტრაჟნიკების’’და ყაჩაღების შეტაკების ადგილებსაც სტუმრობდა.
აღსანიშნავია, რომ ოლხოვსკი თელავის მაზრის ჩინოვნიკებისა და ასევე მოქალაქეების ნაწილის მხრიდან საკმაოდ ,,უარყოფითად’’ არის დახასიათებული. მაგალითად მომყავს საარქივო საქმე, რომელიც შეიცავს თელავის მოქალაქეების ალექსანდრე მიკირტუმოვისა და მისი ცოლის ძმის ბაგრატ ბეგიანოვის საჩივარებს საიდანაც ირკვევა, რომ ოლხოვსკი თითქოსდა სომხების საპირისპიროდ ქართველებისადმი კეთილად იყო განწყობილი. მის ,,მოწინააღმდეგე“ პირებს სხვა არგუმენტებთან ერთად მოყავთ თელავის მაზრის სოფელ კონდოლის მცხოვრებ ნიკოლოზ ცუცუნაშვილისთვის ჯარში გაწვევის გადავადება, სოფელ ვაჩნაძიანის მცხოვრებ ლევან ჯანდიერის ცხენების სამხედრო სავალდებულო გაწვევისგან დამალვა და ოლხოვსკის სხვა ამდაგვარი ,,დანაშაულებრივი“ ქმედებები. თუმცა, დანამდვილებით იმის თქმა, რომ ოლხოვსკი თელაველ ქართველებს სომხებთან შედარებით მართლაც სწყალობდა შეუძლებელია. ჩანს ეს ,,სენი“ – მოსახლეობის მიერ ქალაქში თუ მაზრაში მმართველად ჩამოსული ადამიანის ქმედებებში რომელიმე ეთნიკური თუ პოლიტიკური ჯგუფისადმი ,,დაპირისპირების’’ თუ ,,მხარდაჭერის“ დანახვა, მხოლოდ საბჭთა პერიოდისთვის არ იყო დამახასიათებელი.


მე ვერ მოვიძიე საზოგადოების იმ წარმომადგენლების მოგონებები, ვინც ხელისუფლებასთან არ იყვნენ დაკავშირებული, ამიტომ, მეფის ხელისუფლების ორგანოების საარქივო საქმეებში შემორჩენილი დოკუმენტების ანალიზით ვიფარგლები, რომელიც ჩემი აზრით ცალმხრივია. ვფიქრობ ოლხოვსკი, უფრო დარდიმანდი, შინაგანად თავისუფალი პიროვნება იყო და მის უგულისყურო დამოკიდებულებას პოლიციური მოვალეობებისადმი სწორედ ეს განაპირობებდა. თელავში თავისი კარიერის დასასრულს, იგი ამა თუ სხვა მიზეზის გამო მოქმედ არმიაში ითხოვდა გაგზავნას, რაც სხვათა შორის მაზრის არც ერთ სხვა უფროსს, ასევე შემდგომი პერიოდის თელავის მმართველს არ გაუკეთებია!
ვფიქრობ, ოლხოვსკის შეფასების ჩემეულ ანალიზს ადასტურებს სამსახურეობრივი მოვალეობებისადმი მისი დამოკიდებულება. მაგალითად, როდესაც თელავის პოლიციის ,,გოროდოვოი’’ ხახიაშვილი ყაჩაღებმა მოკლეს, ოლხოვსკი ერთ-ერთ შეძლებულ თელავის მაცხოვრებელთან სტუმრად ყოფილა, სადაც, როგორც დოკუმენტშია ხაზგასმული – ,,შეკრებილი იყო ქალთა საზოგადოებაც’’. თანამედროვის სიტყვებით, როდესაც სტუმრად მყოფ ოლხოვსკის შიკრიკმა გააგებინა, რომ მოკლულ იქნა პოლიციის თანამშრომელი, მას უთქვამს – ,,მოკლეს, მოკლეს გააგზავნეთ ვინმე და გაიგეთ რაშია საქმე და ამ სიტყვების შემდეგ შებრუნდა და ისევ მაგიდას მიუჯდა’’. საინტერესოა, რომ როდესაც, თავის მხრივ ხახიაშვილის მკვლელები ,,სტრაჟნიკებმა’’ ქალაქგარეთ დახოცეს, ოლხოვსკი შემთხვევის ადგილზე სწორედ ზემოდასახელებული ზანზალიკებიანი ეტლით გამგზავრებულა.
აღსანიშნავია, რომ ოლხოვსკიზე საკმაოდ უარყოფითი შეხედულების იყვნენ მეფის ხელისუფლების ის წარმომადგენლებიც, ვინც მას იმ დროიდან იცნობდნენ, როდესაც იგი ქუთაისის გუბერნიაში შორაპნის მაზრის უფროსი იყო. როგორც ირკვევა, ოლხოვსკი იქაც მაზრის უფროსისათვის შეუფერებელ ,,ზრუნვას“ და ,,ყურადღებას“ იჩენდა შორაპნის და მის მეზობელ მაზრებში ,,მოქმედი“ ყაჩაღების მიმართ. ზემოდასახელებულ ანონიმურ წერილში მითითებულია ოლხოვსკის მიერ წინა თანამდებობაზე მუშაობის დროს, გამოსასყიდის მიღების მიზნით გატაცებული ექიმის გამტაცებლებისგან თანხის აღება.
საარქივო დოკუმენტების ანალიზი გვიჩვენებს, რომ თელავის მაზრაში ჩამოსვლისთანავე ოლხოვსკის მაზრის ბიუროკრატიული აპარატის შემადგენლობა შეუცვლია. მაზრის სამმართველოს მდივნად დაუნიშნია ათაბეგოვი, რომელსაც ანონიმური წყარო ორი მსუბუქი ყოფაქცევის ქალის ,,შენახვაში“, ქრთამების აღებასა და სხვა ცოდვებში ადანაშაულებდა.
ოლხოვსკის თელავში გადმოყვანის პერიოდში მასზე, როგორც შორაპნის მაზრის უფროსზე, სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებისა და თანამდებობის ბოროტად გამოყენების მოტივით ძიება იყო დაწყებული. ზემოთ აღვნიშნე, რომ მან თელავის მაზრაშიც უამრავი მტერი გაიჩინა. შესაძლებელია არჩია გარიდება და იმ დროს უკვე მიმდინარე პირველ მსოფლიო ომში მოქმედ არმიაში გაგზავნა მოითხოვა. 1915 წლის 30 დეკემბერს თბილისის გუბერნატორმა კავკასიის მეფისნაცვალს, წარუდგინა პოდპოლკოვნიკ ოლხოვსკის თხოვნა გადადგომის თაობაზე. შედეგად, 1916 წლის მაისში ოლხოვსკი მოქმედ არმიაში ჩარიცხეს.


ავტორი იტორიკოსი – პროფესორი თენგიზ სიმაშვილი / თელავის მკვიდრი 

 

 

ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ :

თელავში სტალინის მამის სავარაუდო საფლავის შესახებ 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close