დღის ამბებიეკონომიკა

თხევადი გაზი ძირდება

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა, რომლიც თხევად გაზზე აქციზის გადასახადის ზრდას ითვალისწინებს.

დოკუმენტის თანახმად, თხევადი აირი, ეთილენი, პროპილენი და კიდევ რამდენიმე ტიპის აირი, 300 ლარით დაიბეგრება. აქციზის გადახდა იმპორტის განხორციელებისთანავე მოხდება.

კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ ეს ცვლილებები უაქციზო სასაქონლო კოდების გამოყენებით ნავთობპროდუქტების იმპორტის მანკიერ პრაქტიკას აღმოფხვრის და პარლალელურად საბიუჯეტო შემოსავლები გაიზრდება, მაგრამ როგორ აისახება ეს მოსახლეობაზე, რომლიც თხევად გაზს საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის იყენებდა, ეს იყო სწორედ ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რაც დღევანდელ სასესიო განხილვაზე დაისვა.

როგორც კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი სულხან მახათაძე განმარტავს, ეკონომიკის სამინისტროსგან დოკუმენტის ინიციატორებს აქვთ პასუხი, რომ თუ განხორციელებული ცვლილებების შედეგად საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის თხევადი გაზი გაძვირდა, ფასს მთავრობა დაასუბსიდირებს, თუმცა – რა სქემით, არ დაუკონკრეტებია.

„ეკონომიკის სამინისტროსგან გვაქვს ოფიციალური თანხმობა, რომ თუ ეს ცვლილებები გამოიწვევს საყოფაცხოვრებო მიმართულებით გაზის გაძვირებას, რა თქმა უნდა, ამ ნაწილში და ფაქტობრივად, მოსახლეობა ამ ცვლილებებს ვერ იგრძნობს“, – აღნიშნა მან.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მერაბ ქვარაიამ დასვა კითხვა, რამდენი თეთრით შეიძლება გაიზარდოს თხევადი გაზი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებისთვის. კანონპროექტის ავტორს გარკვეული გათვლები აქვს.

„ამ გათვლებით, იმიტომ რომ დღეს კონკურენტუნარიანი გარემო არ არსებობს და ცალსახად თუ გავითვალისწინებთ, რომ მათი მოგებებიდან გამომდინარე, ბუნებრივი გაზი კონკურენციაში ვერ შედის, მაქსიმუმ შეიძლება მოხდეს ფასის ზრდა 8 თეთრით გაზრდა, თუმცა ვხედავთ, რომ დღევანდელი ეკონომიკური ანალიზის საფუძველზე, შეიძლება ეს ღირებულება კონკურენციამ შთანთქას“, – განაცხადა მახათაძემ

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close