დღის ამბებისამართალი

თელავის რაიონულმა სასამართლომ 14 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს პატიმრობა შეუფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ, საგარეჯოში, 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ პროკურატურის არგუმენტები მიიჩნია სარწმუნოდ და პატიმრობის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. სხდომაზე ბრალდების მხარე განმარტავდა, რომ ბრალდებულების მხრიდან არსებობდა ხელახალი დანაშაულის, მოწმეებზე ზემოქმედების და მიმალვის საფრთხე, რადგან მათ კავშირები აქვთ უცხო ქვეყანაში მცხოვრებლებთან და საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე და ასევე მოწმეებზე წვდომა.

ბრალდებულების ადვოკატი აცხადებდა, რომ ორივე დაკავებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და 5000-5000 -ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

საგამოძიებო უწყება ორივე დაკავებულს მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 დეკემბერს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

გამოძიების ინფორმაციით, ზაფხულში, როდესაც არასრულწლოვანი ქორწინების იძულების მიზნით, ბრალდებულმა გაიტაცა, ის სოფელ ლამბალოში, თავისი ბიძის სახლში მიიყვანა, თუმცა, 27 წლის მამაკაცის ნათესავებმა პოლიციას არ შეატყობინეს.

შეგახსენებთ, რომ პატიმრობაში იმყოფება ასევე მოკლული აითაჯ შახმანოვას დედა და კიდევ ერთი ბიძა – მათ ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში სდებენ ბრალს.

 

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close