დღის ამბებისაზოგადოება

„იდიოტიზმია, როდესაც ამბობენ, რომ ევროკავშირის წევრობას ხალხი იმსახურებს და ხელისუფლება – არა“

„ფორმულა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობას ხალხი იმსახურებს და ხელისუფლება – არა, არის სრული იდიოტიზმი“, – ასე გამოეხმაურა საკვირაო ქადაგებაში ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა.

მეუფე იაკობის განცხადებით, საქართველოს მესიანიზმი ღუპავს და სანამ ხელისუფლება, ოპოზიცია  და ხალხი ერთ საქმეს არ გააკეთებს, მნიშვნელობა არა აქვს ევროკავშირის წევრი გახდები თუ არა.

„ჩვენ ქართველებმა უნდა მივხედოთ ქვეყანას, ჩვენ რომ დაგვაფასონ, ევროპა იქნება თუ მეზობელი ქვეყნები, უნდა ვიყოთ შიგნით ძლიერები. საქართველოს ყოველთვის ღუპავს მესიანიზმი. ევროკავშირის კანდიდატობაზე მიდის საუბარი, ლამის სამკვდრო-სასიცოცხლოდ გამოაცხადეს, ხსნად გამოაცხადეს… გვიწერია კონსტიტუციაში ნატო და ევროკავშირი, ხომ არ შეიძლება ამის გამო შიგნით რევოლუცია მოვახდინოთ? ხომ არ შეიძლება ერთ ადამიანზე იყოს დამოკიდებული ევროკავშირში მიიღებენ თუ არა?! პირდაპირ გეტყვით, იდიოტებისთვის არის ასეთი ფორმულა და არ მინდა ჩემ ერში იდიოტი გვყავდეს. არის ფორმულა – ხალხი იმსახურებს, მთავრობა არ იმსახურებს, ეს არის სრული იდიოტიზმი, ვინც არ უნდა ამბობდეს, ვინც არ უნდა იყოს და ისე არ უნდა გვექცეოდნენ, როგორც წითელი კომისრები ექცეოდნენ საქართველოს. მთელ ქვეყანას გვიღებთ ისეთს, როგორებიც ვართ, ან არავის გვიღებთ. ვინც იმისთის იბრძვის, რომ არ მიგიღონ, თვითონ მეუბნებიან ევროპელები და ამერიკელები ჩვენ პოლიტიკოსებზე, რომლებიც დადიან და აგიტაციას ეწევიან საზღვარგარეთ, რომ არ მიგვიღონ ევროკავშირში, გვარებსაც დავასახელებ, გამოვალ და ვიტყვი, ბოლოს და ბოლოს ყველამ უნდა იცოდეს, ვინ ვინ არის. ადამიანს არ უნდა გინდოდეს სერგო ორჯონიკიძეობა. დავით აღმაშენებლის, შუშანიკის ერს, ცოტნე დადიანის ერს რად გინა, რომ ორჯონიკიძეს და მისნაირებს მიბაძო?!

რა ტყუილები იყო – თითქოს ჩვენი ქვეყანა არღვევდა სანქციებს, რუსეთს თითქოს ვუთეთრებდით ფულს და ვეხმარებოდით, რომ უკრაინასთან ებრძოლათ. ხომ აღმოჩნდა ტყუილი? სამი უმაღლესი პირი იყო ჩამოსული და აღიარეს, რომ ასეთი რამე არ ხდება, ბორელმაც აღიარა. ახალგაზრდა კაცები  და ქალბატონები რომ გამოდიოდით და თავს იკლავდით, ასე და ასე ხდებაო, არ გრცხვენიათ ტყუილი და ფლიდობა?! ახლავე რომ მატყუებ, ჯვარი გწერია, სადმე რომ მოგიშვა, მერე რაღას იზამ, სკამის გამო ხომ დაღუპავ?! ქვეყნის წინააღმდეგ მიდიხარ? სერგო ხდები? არ შეიძლება ასე! ხომ შეიძლება დავლაგდეთ და მთავრობამაც, პარლამენტმაც, პრეზიდენტმა, პოზიციამ თუ ოპოზიციამ, ხალხმა, ერთი საქმე ვაკეთოთ. რა გვინდა ევროკავშირში? გვინდა, რომ საქართველოს ჰქონდეს კეთილდღეობა, თუ დავჭამეთ ერთმანეთი, გინდ შესულხარ, გინდ არა“, – განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა.

თეგები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Close