დღის ამბებიისტორიარეგიონი

თელავის თვითმმართველობა 150 წლის წინ

თეიმურაზ ვახტანგიშვილის წიგნიდან : თელავის საქალაქო თვითმმართველობის ისტორიიდან

ქ. თელავი, საქართველოს სხვა ქალაქების მსგავსად, გარკვეულ ცვლილებებს განიცდის. რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის (1801 წ.) შემდეგ 1917 წლამდე თელავი თბილისის გუბერნიის სამაზრო ცენტრი გახდა. იგი თელავის მაზრის უფროსისა და რუსული ადმინისტრაციული სისტემის სხვა მოხელეთა რეზიდენციას წარმოადგენდა.

როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს მცირე ქალაქებში XIX ს-ის 90-იან წლებამდე საპოლიციო მმართველობა არსებობდა. ქალაქს პოლიციასთან ერთად დეპუტატები განაგებდნენ, ასევე იყო თელავშიც, დეპუტატები იმავე მოვალეობას ასრულებდნენ, როგორც შემდეგ ხმოსნები. მათ უფლებებში შედიოდა გადასახადების გაწერა და აკრეფა, ქალაქის კეთილმოწყობაზე ზრუნვა: გზების შეკეთება, განათება, ქუჩების დასუფთავება, დესეტნიკების (შემდეგ გოროდოვები) შენახვა და სხვ.

XIX საუკუნის 80-იანი წლების დამლევისათვის თელავში ათი ათასზე მეტი მცხოვრები ითვლებოდა. ბევრი იყო ამაზე პატარა ქალაქი, რომელსაც თვითმმართველობა ჰქონდა. იმ დროს მოვლენების თანამედროვე, ცნობილი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე, ამავე დროს თელავის მემატიანე ივანე პაატაშვილი აღწერს რა ქალაქში შექმნილ ვითრებას, აღნიშნავს, რომ „თელავის მცხოვრებნი შესდგებოდნენ ქართველებისაგან _ უმრავლესობა და სომხებისაგან _ უმცირესობა. ეს უკანასკნელნი ვაჭრობას მისდევდნენ და თითქმის მთლიანად ამათ ხელში იყო ქალაქის აღებ-მიცემობა(ვაჭრობა). ამისათვის ესენი უფრო ახლოს იდგნენ და ეტანებოდნენ ქალაქის საქმიანობას. იმთავითვე ქალაქის საჭე მათ ხელთ ეკავათ. უნდა ვიფიქროთ, რომ აქ რაიმე ანგარებას ექნებოდა ადგილი. მაგალითად, ხარჯების გაწერის დროს გასამრჯელოს იღებდნენ პროცენტების სახით, რაიმე კომისიებში მიღების დროსაც. თავიანთი ნების მიხედვით ხდებოდა ხარჯების შეწერა და სხვ. და ეს მოვაჭრე ნაწილი დაინტერესებული იყო დეპუტატის სახით, ქალაქის ბედ-იღბალი მის ხელში ყოფილიყო და ადვილად აღწევდა თავის მიზანს.

ქართველები ხელოსნობას და მეურნეობას მისდევდნენ. მათი დიდი ნაწილი მოუცლელობის _ გასვლითი მუშაობა და სხვა მიზეზების გამო ქალაქის საქმეების გარეშე რჩებოდა. მას არც არავინ ირჩევდა და არც იხმობდა მონაწილეობა მიეღო ქალაქის მართვა-გამგეობაში. რაც შეეხება ინტელიგენციას, მას მოსული ელემენტები _ მასწავლებლები და მოხელეები შეადგენდნენ და მათ, როგორც არა მკვიდრთ, უფლება არ ჰქონდათ არჩევნებში მონაწილეობის მიღებისა. დეპუტატობა ასე თუ ისე თბილ ადგილს წარმოადგენდა და იმ თავიდანვე ვაჭართა წრე ეტანებოდა, რომელიც სომხებისაგან შედგებოდა“(სტილი ავტორისა დაცულია -თ.ვ.) დეპუტატთა ე.წ. „საქმიანობაზე“, თელავის მცხოვრებთა ერთგვარ სიდინჯესა და უნარიანობაზე მიუთითებს ასევე გაზეთ „ივერიის“ კორესპოდენტი. იგი აღნიშნავდა, რომ „მხოლოდ ჩვენი თელავი არ იბერტყავდა ყურს და ერთს გველეშაპის ზღაპრისა არ იყოს, რომლის გასაძღომად ხალხს წელიწადში თითო ყმაწვილი უნდა გაეწირა, ისე მოსდიოდა ჩვენ თელავსაც და იმის მცხოვრებთაც, რასაც კი მათი ამორჩეული „დეპუტატები“ შეაწერდნენ, მეტი ილაჯი არ იყო, უნდა გამოეტანათ … აქაური მოქალაქე ხომ ჭკუასა და გონებას, ენერგიისა და ხალხის სიყვარულს არ გაუსინჯავდა „სადეპუტატო“ კაცს! ეს რა იმათი საქმე იყო … როგორც მრუდეთ იყო დაყენებული ამორჩევის საქმე, ისე მრუდეთ იყო ხარჯის განაწილების საქმე, ღარიბი რომ ერთი ათს იხდიდა, მდიდარი იმის ნაათალსაც არა“.

ქ. თელავის „მამების“ (პოლიციისა და დეპუტატების) დაუდევრობის, უგულისყურობის და უსაქმურობის შესახებ არა ერთი წერილი გამოქვეყნდა ქართულ პერიოდულ პრესაში, რომლებიც აშკარად მიუთითებენ იმაზე, რომ ისინი, გარდა პირადი კეთილდღეობისა, ქალაქის სასიკეთოდ არ ზრუნავენ. განსაკუთრებით, აღშფოთებას გამოთქვამდნენ ქალაქის ანტისანიტარული მდგომარეობის შესახებ. გაზეთ „დროების“ კორესპოდენტი წერს: „მიდის ზაფხული და ყოველგან სისუფთავის ჩამოგდებას ცდილობენ, … რათა აიცდინონ ის მმუსრავი სენი, რომელსაც ხოლერას ეძახიან! მაგრამ აქ ჩამი-ჩუმიც არ ისმის; თელავს სძინავს! … ან ვინ აიტკივებს თავს? თუმცა, არა ერთჯერ თქმულა გაზეთში თელავის ბინძურ მდგომარეობაზედ, მის უსუფთავობაზედ, და სხვათა შორის იყო ნათქვამი, რომ ბაზრისათვის ფეხს-ადგილები გაეკეთებინათ, რომ ყოველ ნაბიჯზედ უსუფთაობა აღარ ყოფილიყო, _ მაგრამ ვინ შეიწუხა თავი? განა აქაური მოხელეები და ქალაქის დეპუტატები ეგრე ადვილად გაიბერტყენ ყურებს?! ნუ დაივიწყებთ, რომ დეპუტატებში არც ერთი ქართველი არ ურევია, წელს დეპუტატების არჩევა მაზრის სამმართველოში კი არ მოახდინეს _ რაც სამართლიანი და კანონიერი იქნებოდა _ არამედ სომხის ეკლესიაში, სადაც ბ. ბაღდოევმა, ტერტერობის ქადაგობის შემდეგ საყდარში ერთს თავის მარქაფას დეპუტატობა მიულოცა. თელავში ქართველი ხელოსანი ხალხი უფრო მეტია სომხისაზედ, მაშ რა არის მიზეზი რომ ერთ დეპუტატს მაინც ქართველს არ ირჩევენ??!“ თელავის მოსახლეობას არც პოლიცია მოსწონდა, არც მისი დიქტატის ქვეშ მყოფი „დეპუტატების“ საქმიანობა. სწორედ ამის გამო, იგი თავის განწყობილებასა და სურვილს, არც თუ იშვიათად, პერიოდული პრესის მეშვეობით გამოხატავდა.

ავტორი პროფესორი თეიმურაზ ვახტანგიშვილი / თელავის მკვიდრი 

 


ასევე წაიკითხეთ : პირველი აფთიაქი თელავში 1877 წელს გაიხსნა

1907 წლის თელავი – მენინგიტის ეპიდემიის გავრცელების შესახებ

ყვავილის ეპიდემია თელავში 1900 წელს

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close