დღის ამბებიისტორიარეგიონი

1915 წლის ზაფხულში, თელავში ხოლერის ეპიდემია გაჩნდა

თეიმურაზ ვახტანგიშვილის წიგნიდან : თელავის საქალაქო თვითმმართველობის ისტორიიდან

1915 წლის ზაფხულში, თელავში ხოლერის ეპიდემია გაჩნდა. ქალაქის თვითმართველობამ სასწრაფოდ მოიწვია რწმუნებულთა კრება,

რომელმაც მიიღო დადგენილება, ხოლერის საწინააღმდეგო ღონისძიებების მისაღებად სახსრების მოსაძიებლად მიემართა თბილისის გუბრენატორისათვის, რათა ამ უკანასკნელს მიეცა ნებართვა ქალაქის სათადარიგო კაპიტალიდან დაეხარჯა 2326 მანეთი. გატარებულმა ზომებმა შესაძლებელი გახადა ეპიდემიის შედარებით უმოკლეს ვადაში აღმოფხვრა.
როგორც აღინიშნა, ხოლერისა და სხვა მწვავე გადამდები სნეულების გავრცელების თავიდან ასაცილებლად საჭირო იყო ქალაქს მუდმივად ჰქონოდა სპეციალური თავშესაფარი იზოლატორის სახით, სადაც მოათავსებდნენ ეპიდემიით დაავადებულებს და იქ ჩაუტარებდნენ მკურნალობას. იმის გამო, რომ ქალაქს საკუთარი შენობა არ გააჩნდა, ქალაქის მმართველობას ყოველწლიურად უხდებოდა შენობის ძებნა. დროებითი ბარაკის (თავშესაფრის) მოსაწყობად. იყო შემთხვევები, როდესაც ბინის მეპატრონენი, შეიტყობდნენ რა ქალაქის მმართველობას სურვილი აქვს დაიქირავოს ესა თუ ის შენობა, უზომოდ მაღალ ფასს ითხოვდნენ, ან საერთოდ უარს ამბობდნენ იზოლატორის მოსაწყობად სახლის გაქირავებაზე. ასეთ პირობებში, ქალაქის მმართველობა იძულებული იყო ერთი უბადრუკი ოთახისათვის 120-150 მანეთი გადაეხადა. ქალაქის მმართველობამ თელავის ერთ-ერთ უბანში, მაწანწარაზე მოიძია ვინმე ნიკოლოზ არუთინოვის სახლი, რომელიც ოთხი ფართე ოთახისა და სხვა დამხმარე ნაგებობისაგან შედგებოდა. იგი დასახელებული მიზნისათვის სრულიად ხელსაყრელი იყო. მართალია, ქალაქის თვითმმართველობას ამ სახლის დაქირავების სურვილი ადრევე ჰქონდა, მაგრამ სახლის მეპატრონე თავს იკავებდა მის გაქირავებაზე.1916 წელს ბოლოს და ბოლოს დათანმდა დაეთმო სახლი აღნიშნული საჭიროებისათვის არა ნაკლებ სამი წლის ვადით, წელიწადში 150 მანეთის საფასურად. ეს პირობა აშკარად ხელსაყრელი იყო ქალაქის მმართველობისათვის. სიტყვიერი შეთანხმება 1916 წლის 15 აპრილს მოხდა. სახლის მეპატრონე ვალდებულებას კისრულობდა, როგორც კი წერილობითი ხელშეკრულება გაფორმდებოდა დამქირავებელთან, სახლს დაუთმობდა, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ კი ქალაქის მმართველობა გარკვეული მიზეზების გამო თავს შეიკავებდა ხელშეკრულების გაფორმებაზე, სახლის მეპატრონე სახლს სხვა მსურველს გადასცემდა. საჭირო იყო ქალაქის მმართველობას ამ სახლის დაქირავებაზე ნებართვა თბილისის გუბერნატორისაგან მიეღო. 1916 წლის 17 სექტემბერს, თელავის ქალაქის მამასახლისი თბილისის გუბერნატორს №1371 წერილით მიმართავს თხოვნით, რომელსაც თან ერთვის რწმუნებულთა კრების 1916 წლის 6 სექტემბრის საგანგებო სხდომაზე მიღებული დადგენილების ოქმის ასლი, სადაც საუბარია სახლის დაქირავებასთან დაკავშირებით გუბერნატორის მიერ დასტურის მიცემაზე.
1898 წლის ოფიციალური მონაცემებით ქ. თელავში მოქმედებდა საავადმყოფოს ტიპის ორი დაწესებულება 10 საწოლით და ერთი აფთიაქი. ქალაქში მუშაობდა ორი ექიმი, ორი ფერშალი, ორი ფარმაცევტი, ერთი ბებია ქალი. 1898 წელს „საავადმყოფოებით ისარგებლა მხოლოდ 103 კაცმა და ეს მაშინ, როცა ამ წელს, სხვას რომ თავი დავანებოთ, მარტო ყვავილით დაავადების 300 შემთხვევას ჰქონდა ადგილი.
1901 წლის 18 ივნისს თელავის რწმუნებულთა კრებამ თავის რიგით სხდომაზე მიიღო დადგენილება სასწრაფო დახმარების პუნქტისა და ამბულატორიის გახსნის თაობაზე და ამ საქმისსთვის გამოყო 630 მანეთი.
ოდნავ განსხვავებული მოსაზრება აქვს გამოთქმული იმ დროის თანამედროვეს ივანე პაატაშვილს აღნიშნული პერიოდის თელავის სამედიცინო ქსელის შესახებ, თავის მემუარებში იგი წერს: „თელავის მაზრაში (ეხლანდელი თელავის, ახმეტის, ყვარლის, ნაწილი გურჯაანის რაიონები) სამედიცინო პერსონალი შედგებოდა მარტოდმარტო ერთი სამაზრო ექიმისაგან, ორი ექთნისაგან და ერთი ბებია ქალისაგან, რომელნიც პოლიციის შტატში ირიცხებოდნენ და კერძო პრაქტიკას მისდევდნენ; თვეში მხოლოდ ერთხელ თავიანთი საქმიანობის ანგარიშის ბლანკებს (სამედიცინო ფურცლებს) ავსებდნენ და თბილისის საგუბერნიო სამმართველოს საექიმო განყოფილებაში აგზავნიდნენ. ექიმი სახლში იღებდა ავადმყოფ პაციენტებს და გასინჯვისათვის ართმევდნენ პირველად ერთ მანეთს, 1905 წლის შემდეგ კი1მან. და 50 კაპიკს. ექთნებსაც ჰქონდათ კერძო პრაქტიკა. ისინიც სახლში იღებდნენ ავადმყოფებს და გასამრჯელოდ იღებდნენ 50 კაპიკს. ამ საექიმო დახმარებით მხოლოდ შეძლებულ ოჯახებს შეეძლოთ ესარგებლათ, მოსახლეობის დიდი უმრავლესობა საექიმო დახმარების გარეშე რჩებოდა და შინაური ექიმბაშების, მკითხავების და ხატების ინაბარა იყო დრჩენილი.
რაიმე მოარული სენი- წითელა, ყვავილი, ქუნთრუშა, ყიანახველა და სხვა, რომელიც ეპიდემიურ სახეს ღებულობდა და მუსრს ავლებდა ბავშვებს. მათ „ბატონების“ ავადმყოფობას ეძახდნენ. რაც შეეხება სოციალურ ავადმყოფობას – ჭლექი, მალარია, სახადი და სხვა, საკმარისია მისით ოჯახის ერთი წევრი გამხდარიყო ავად,რომ არა თუ მთელი ოჯახი, არამედ ნათესაობაზე და უბანზეც გადადიოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ხოლერა ხშირი მოვლენა იყო, ხოლო ისეთი საშინელება, როგორიც შავი ჭირი იყო, მას ხანდახან ჩვენს სინამდვილეშიც ჰქონდა ადგილი.
თელავში საავადმყოფო ან რაიმე სამედიცინო დაწესებულება, გინდაც ამბულატორიის სახით დიდხანს არ იყო და მხოლოდ 1916 წელს გაიხსნა საავადმყოფო, ისიც კერძო პირის ინიციატივით. ვინმე თელავის მოქალაქემ მოსესა ხითაროვმა ქალაქს 50 ათასი მანეთი შესწირა იმ პირობით, რომ საავადმყოფო გაეხსნათ. ეს იყო 1916 წელს და ამ დროიდან თელავში დაფუძნდა 30 საწოლიანი საავადმყოფო.

ავტორი პროფესორი თეიმურაზ ვახტანგიშვილი / თელავის მკვიდრი 

 


ასევე წაიკითხეთ : პირველი აფთიაქი თელავში 1877 წელს გაიხსნა

1907 წლის თელავი – მენინგიტის ეპიდემიის გავრცელების შესახებ

ყვავილის ეპიდემია თელავში 1900 წელს

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close