საზოგადოება

7 თვეში, წამლების ელექტრონული რეცეპტის გარეშე გაცემის ფაქტი 1040 აფთიაქში გამოვლინდა

7 თვეში, წამლების ელექტრონული რეცეპტის გარეშე გაცემის ფაქტი 1040 აფთიაქში გამოვლინდა

11 აპრილიდან 7 ნოემბრამდე პერიოდში, 1040 აფთიაქში მე-2 ჯგუფის წამლების ელექტრონული რეცეპტის გარეშე გაცემის ფაქტი გამოვლინდა. აქედან 542 აფთიაქის მიმართ გამოწერილმა საჯარიმო თანხამ 767 200 ლარი შეადგინა. ამის შესახებ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოდან  გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციაშია ნათქვამი.

უფრო კონკრეტულად, როგორც რეგულირების სააგენტოში განმარტავენ, ელექტრონული რეცეპტის გარეშე, მე-2 ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის გამო სულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 1040 ოქმი შედგა, მათგან 542 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა და საჯარიმო თანხამ 767 200 ლარი შეადგინა. შენიშვნა მიეცა 280 სამართალდამრღვევს. საქმის წარმოება შეწყდა 2 შემთხვევაში, 216 დაწესებულების მიმართ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვა ამ ეტაპისთვის სასამართლოში დასრულებული არ არის.

გარდა ამისა,  როგორც ჯანდაცვის სამინისტროდან მიღებული მონაცემებით ირკვევა, აღნიშნულ პერიოდში გაცემულია 1,284,314 გენერიკული რეცეპტი.

შეგახსენებთ, 11 აპრილიდან ექიმი ვალდებულია მედიკამენტი მხოლოდ გენერიკული, ანუ საერთაშორისო დასახელებით გამოწეროს. ფარმაცევტი მომხმარებელს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ, გენერიკული მედიკამენტების „პოზიტიური სიიდან“ სამ ყველაზე იაფ წამალს სთავაზობს. მოქალაქე კი თავად გადაწყვეტს, რომელი მწარმოებლის და რა ღირებულების მედიკამენტი შეიძინოს. ამასთან, სიახლე მე-2 ჯგუფის ფარმაცევტულ პროდუქტსაც შეეხო. კერძოდ, ფორმა N2 რეცეპტი მატერიალური სახით (ქაღალდზე) აღარ გაიცემა და მისი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით ხდება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close