საზოგადოება

საქართველოში დედათა და ბავშვთა 6 თავშესაფარი ფუნქციონირებს

საქართველოში დედათა და ბავშვთა 6 თავშესაფარი ფუნქციონირებს

ქვეყნის მასშტაბით, ამ დროისთვის „დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ფარგლებში 6 თავშესაფარი ფუნქციონირებს, სადაც ადგილების საერთო რაოდენობა 85-ია, აქედან, ამ დროის მონაცემებით, 69 ადგილია დაკავებული.

ამის შესახებ  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაციით გახდა ცნობილი.

„დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით მომსახურება, დღეის მდგომარეობით, ხორციელდება 6 თავშესაფარში: ა(ა)იპ ასოციაცია ,,საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი” თბილისი სახლი #1 რეგისტრირებულია 15 ადგილით. დაკავებულია დღეის მდგომარეობით 10 ადგილი; ა(ა)იპ ასოციაცია ,,საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი” თბილისი სახლი #2 რეგისტრირებულია 15 ადგილით. დაკავებულია დღეის მდგომარეობით 12 ადგილი; ა(ა)იპ ასოციაცია ,,საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი” ქუთაისი რეგისტრირებულია 15 ადგილით. დაკავებულია დღეის მდგომარეობით 13 ადგილი; ა(ა)იპ საქველმოქმედო ფონდი “საქართველოს კარიტასი” თბილისი, რეგისტრირებულია 15 ადგილით. დაკავებულია დღეის მდგომარეობით 14 ადგილი; არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი” თბილისი, რეგისტრირებულია 15 ადგილით. დაკავებულია დღეის მდგომარეობით 14 ადგილი; ა(ა)იპ საზოგადოება ,,ბილიკი” ხაშური, რეგისტრირებულია 10 ადგილით. დაკავებულია დღეის მდგომარეობით 6 ადგილი.

ამასთან, დედათა და ბავშვთა თავშესაფრებში ჩარიცხული ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი არიან: უსაფრთხო 24-საათიანი თავშესაფრით, ფსიქოლოგის მომსახურებით, კვების პროდუქტებით, ასაკის, სქესისა და სეზონის შესაბამისი სამოსითა და პირადი ჰიგიენისათვის აუცილებელი ნივთებით, მომსახურების განხორციელებისთვის აუცილებელი სხვა დამატებითი საჭიროებებით, ხელი ეწყობა მათ პროფესიულ და არაფორმალურ განათლებას, გადაუდებელ შემთხვევაში, ხორციელდება ამბულატორიული და სტაციონარული სამედიცინო მომსახურების ორგანიზება“, – ნათქვამია  მოწოდებულ ინფორმაციაში.

ამასთან, ამ დროის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ ერთი, დიდი ზომის ბავშვთა სახლი – თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი ფუნქციონირებს, თუმცა, სააგენტოს უწყებიდან არ მოაწოდეს ინფორმაცია, რამდენი ბავშვი იმყოფება ამ დაწესებულებაში.

რაც შეეხება საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ ნინოწმინდის თავშესაფარს, უწყების ინფორმაციით, იქ ამ დროისთვის მხოლოდ 14 აღსაზრდელია.

„2012 წელს ფუნქციონირებდა 11 დიდი ზომის ბავშვთა სახლი. დღეის მდგომარეობით, ფუნქციონირებს 1 დიდი ზომის ბავშვთა სახლი – თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი, კერძოდ: აღნიშნულ დაწესებულებაში განთავსებული აღსაზრდელების ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება (თუ ეს არ ეწინააღმდეგება მათ საუკეთესო ინტერესებს) ან ალტერნატიულ მომსახურებაში განთავსება. აქვე აღვნიშნავთ, რომ ქვეყანაში ფუნქციონირებს ორი დიდი ზომის სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მფლობელი დაწესებულება – ნინოწმინდის და ფერიის სკოლაპანსიონები, რომლებსაც ადმინისტრირებას უწევს საქართველოს საპატრიარქო. ნინოწმინდის პანსიონში ამჟამად, მათივე სურვილის გათვალისწინებით, ირიცხება მხოლოდ 14 არასრულწლოვანი.

2022 წლის აგვისტოს თვის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს 38 მცირე საოჯახო ტიპის სახლი, სადაც განთავსებულია 245 ბენეფიციარი და 4 “მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვთა სპეციალიზებული საოჯახო ტიპის მომსახურება, სადაც განთავსებულია 27 ბენეფიციარი“, – აღნიშნულია  ინფორმაციაში.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close