საზოგადოება

iPhone-ზე დამტენი პორტი შეიცვლება

iPhone-ზე დამტენი პორტი შეიცვლება

Apple თავის iPhone-ს, ევროკავშირის მოთხოვნის შესაბამისად, არსებული დამტენი პორტის, Lighting-ის ნაცვლად, USB Type-C პორტით გამოუშვებს. ამის შესახებ ამერიკული კომპანიის მარკეტინგის დირექტორმა, გრეგ ჯოსვიაკმა კალიფორნიაში, WSJ Tech Live კონფერენციაზე განაცხადა, რასაც The Verge ავრცელებს.

„ცხადია, დამორჩილება მოგვიწევს, რადგან არჩევანი არ გვაქვს,“ – აცხადებს ჯოსვიაკი.

ის არ საუბრობს დეტალებზე, თუ როდის დაიწყება iPhone-ების წარმოება USB-C კონექტორით, თუმცა აცხადებს, რომ ევროკავშირში მიღებული კანონით, ყველა მობილურმა ტელეფონმა და პლანშეტმა USB-C დამტენი 2024 წლის შემოდგომიდან უნდა გამოიყენოს. Bloomberg-ის ცნობით, კომპანია iPhone-ის USB-C-ზე გადაყვანას 2023 წელს გეგმავს.

ჯოსვიაკი არ ამხელს, აპირებს თუ არა Apple USB-C-ის გამოყენებას ევროკავშირის ფარგლებს გარეთ გაყიდულ iPhone-ებზე. ამასთან, მისი მტკიცებით, ამერიკული კომპანია მეტად უკმაყოფილოა, რომ სმარტფონების დიზაინის შეცვლა მოუწევს. დამტენებთან დაკავშირებით Apple-სა და ევროკავშირს შორის უთანხმოება ათი წლის განმავლობაში არსებობდა.

ადრე ბრიუსელი Apple-ისგან მოწყობილობაში Micro-USB პორტის დანერგვას მოითხოვდა, რასაც მარკეტინგის მთავარი ოფიცერი საუკეთესო ვარიანტად მიიჩნევს, რადგან უკაბელო დამტენების გამოყენება კონექტორების სტანდარტიზაციის პრობლემას მოაგვარებს, ხოლო Lightning-დან USB-C-ზე iPhone-ის გადასვლა მეტ ნარჩენებს გამოიწვევს.

The Verge-ის შეფასებით, ეს განცხადება უფრო მინიშნებაა იმაზე, რომ კომპანია iPhone-ს USB-C-ის გარეშე განიხილავს და შესაძლოა, მხოლოდ უსადენო დატენვას დაეყრდნოს, რაც თეორიულად ევროკავშირის კანონმდებლობით დაშვებულია.

ოქტომბერში ევროპარლამენტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც ევროკავშირში გასაყიდი გაჯეტების გამოშვებას USB-C დამტენის კონექტორით მოითხოვს. მოწყობილობის მწარმოებლებმა ეს მოთხოვნა 2024 წლის შემოდგომისთვის უნდა შეასრულონ. ახალი წესები, პირველ რიგში, კომპანია Apple-ს ეხება, რადგან მისი მთავარი კონკურენტები, როგორიც არის Samsung და Xiaomi სმარტფონებს ისედაც USB-C პორტით უშვებენ.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close