საზოგადოება

იაშვილის ბავშვთა საავადმყოფო დღეიდან სტაციონარული პაციენტების მიღებას აჩერებს

იაშვილის ბავშვთა საავადმყოფო დღეიდან სტაციონარული პაციენტების მიღებას აჩერებს

რეგულირების სააგენტოში ადასტურებენ, რომ იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში დარღვევებია აღმოჩენილი. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორი ლიანა ჭუმბურიძე განმარტავს, კლინიკის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, დარღვევები სასწრაფოდ გამოასწოროს.

„სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტომ შეამოწმა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო, ინფექციის კონტროლის მექანიზმთან დაკავშირებით. გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები და შესაბამისად, კლინიკის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს დაუყოვნებლივ ამ პრობლემების გასწორება, შესაბამისად, შეჩერებულია ამ ეტაპისთვის დროებით სამედიცინო სერვისების მიწოდება, გარდა ამბულატორიული ცენტრისა და ონკოჰემატოლოგიის მიმართულების. მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს იაშვილის კლინიკასთან, რომ დავეხმაროთ პაციენტების რეფერირებაში შესაბამის კლინიკებში“, – განაცხადა ჭუმბურიძემ.

შეგახსენებთ, რომ იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ კლინიკა სტაციონარული პაციენტების მიღებას დღეიდან დროებით აჩერებს.  კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, რომ,  კლინიკაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც სავარაუდოდ, წლის ბოლომდე დასრულდება.

„გაცხადებული პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ჰოსპიტალური სამედიცინო მიმართულებების რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზე გადადის და პაციენტებისთვის მაქსიმალურად კომფორტული ატმოსფეროს შექმნის მიზნით, 2022 წლის 20 ოქტომბრიდან კლინიკა დროებით აჩერებს სტაციონარული პაციენტების მიღებას.

საავადმყოფო ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინირებით უზრუნველყოფს მხოლოდ განსაკუთრებულად რთული სამედიცინო შემთხვევების კლინიკურ მართვას. ასევე, სამინისტროსთან ერთად მოხდება სტაციონარული საჭიროების მქონე პაციენტების განხილვა და მათი შესაბამისი რეფერირება პროფილურ ჰოსპიტლებში“, – ნათქვამია საავადმყოფოს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში უწყვეტ ფუნქციონირებას განაგრძობს ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური ცენტრი და ონკოჰემატოლოგიური მიმართულება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close