თეიმურაზ ვახტანგიშვილის წიგნიდან : თელავის საქალაქო თვითმმართველობის ისტორიიდან
1900 წლის 20 მარტის რწმუნებულთა კრების სხდომაზე ასევე განუხილავთ ქ. თელავში ყვავილის ეპიდემიასთან დაკავშირებით გატარებულ ღონისძიებათა შესახებ.
მამასახლისის მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ ქ. თელავში ყვავილის გადამდები სნეულების გაჩენასთან დაკავშირებით მ/წლის თებერვლის 10-იან რიცხვებში თელავში თბილისიდან ჩამოსულა თბილისის გუბერნიის ექიმის თანაშემწე ბ-ნი მაჭავარიანი, რომელსაც თბილისის გუბერნატორისაგან დავალებული ჰქონდა დაუყონებლივი ზომები მიეღო თელავსა და მის მაზრაში ყვავილის დავადებათა უვნებელსაყოფად. მაჭავარიანს თხოვნით მიუმართავს ქალაქის მამასახლისისათვის, რომ დახმარება აღმოეჩინა მისთვის, სახელდობრ, ქალაქის ხარჯზე თუნდაც დროებით დაექირავებინათ ორი ოთახი, მოეწყოთ იქ 6 კაციანი იზოლატორი, რათა აქ განეთავსებინათ ავადმყოფები.
მიუხედავად იმისა, რომ ქალაქს თავისი გასავლის ბიუჯეტში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არაფერი ჰქონია გასახარჯი, თელავის სამაზრო ხელისუფლებასთან შეთანხმებით განზრახული ჰქონია შესაფერისი შენობის დაქირავება იზოლატორის მოსაწყობად. ამასობაში ყვავილის ეპიდემია საკმაოდ იყო შესუსტებული და ამ ავადმყოფობით მხოლოდ 3 ადამიანი იყო დაავადებული. რწმუნებულთა კრებამ თავის სხდომაზე მოისმინა რა მამასახლისის მოხსენება, ერთხმად დაადგინა, რომ „მართალია შენობა ჯერ არ დაგვიქირავებია, მაგამ ყოველ შემთხვევაში, საჭიროა მხედველობაში გვქონდეს შესაფერისი შენობის გამონახვა.“
ავტორი პროფესორი თეიმურაზ ვახტანგიშვილი / თელავის მკვიდრი
ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ :