დღის ამბებიისტორიარეგიონი

გვიანფეოდალური ხანის თელავის საქალაქო მმართველობა

გვიანფეოდალური ხანის თელავის საქალაქო მმართველობა

თეიმურაზ ვახტანგიშვილის წიგნიდან : თელავის საქალაქო თვითმმართველობის ისტორიიდან

საქართველოს ქალაქებს შორის თავისი კოლორიტით და მრავალსაუკუნოვანი ისტორიით თელავს ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილი უკავია.

ცნობილია, რომ თელავი, როგორც ქალაქური ტიპის დასახლებული პუნქტი, გვიან ანტიკურ ხანაში იღებს სათავეს. ქართული ნარატიული წყაროების მიხედვით, ქ. თელავი X-XI ს.ს. მიჯნაზე წარმოიშვა. იგი მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი იყო განვითარებული და გვიანდელი ფეოდალიზმის ეპოქის საქართველოში. სახელდობრ, XI- XII სუკუნის დასაწყისსა და XVII-XVIII საუკუნეებში თელავი კახეთის მეფეთა რეზიდენციას წარმოადგენდა. მას მეფის მიერ დანიშნული მოურავი და მისი დამხმარე სხვა მოხელენი მართავდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კვლევის მიზანს ამჯერად თელავის საქალაქო თვითმმართველობის გაშუქება წარმოადგენს XIX ს. მიწურულსა და XX საუკუნის პირველ ოცწლეულში (1896-1921წ.წ.), საჭიროდ ჩავთვალეთ ზოგადად შევხებოდით ფეოდალიზმის ხანის ქ. თელავის მართვა-გამგეობის საკითხს, კერძოდ კი, მოურავის ინსტიტუტს, მის უფლება-მოვალეობებს. რამდენადაც ადრეული და განვითარებული ფეოდალიზმის ეპოქის ქართულ და უცხოურ ისტორიულ წყაროებში ქ. თელავის მოურავის ინსტიტუტის შესახებ მასალები ძალიან ძუნწია და, შეიძლება ითქვას, ფაქტობრივად დღემდის არ მოგვეპოვება, ამიტომ ამჯერად, კვლევის ობიექტად ზოგადად გვიანდელი ფეოდალიზმის ხანის თელავი ავიღეთ. მის შესახებ საკმაოდ მრავალი მასალა აქვს მოტანილი აკადემიკოს შოთა მესხიას თავის ფუნდამენტურ ნაშრომში – „ფეოდალური საქართველოს ქალაქები და საქალაქო წყობილება XVII-XVIII საუკუნეებში“.
საქართველოს სხვა ქალაქებისაგან განსხვავებით, გვიან ფეოდალურ ხანაში თელავის მოურავი „ბაზრის მოურავის“ ან „ტარუღას“ სახელით იყო ცნობილი. თელავი, სიღნაღის მსგავსად, კახეთ-ქიზიყის საგამგებლოში შედიოდა და ბაზრის მოურავიც კახეთ-ქიზიყის მოურავს (მეფის ნაცვალს) უნდა დამორჩილებოდა.
ისტორიულმა წყაროებმა შემოგვინახეს გვიანი ფეოდალური ხანის თელავის ბაზრის მოურავთა არა მარტო ვინაობა, არამედ მათი ფუნქციები და სარგოც. როგორც ირკვევა, თელავის მოურავებად თეიმურაზ II-ის დროიდან, 1740 წლიდან მოკიდებული, ერეკლე მეორისა და გიორგი XII-ის ჩათვლით, თავად გურგენიძეების გვარის წარმომადგენლები, სახელდობრ, სოლომონი და იროდიონი ინიშნებოდნენ, მათ ფაქტობრივად ეს თანამდებობა მემკვიდრეობით ეკავათ.
ისტორიული მასალები მოწმობენ, რომ, როგორც ერთიანი საქართველოს სამეფოში, ასევე ცალკეულ სამეფო-სამთავროებად დაშლილ გვიან ფეოდალური ხანის ქალაქებშიც, მხოლოდ მეფის მიერ დანიშნული ერთი მოურავი უნდა ყოფილიყო. ქალაქში სხვა პირებს, ყმათა საკმაოდ დიდი რაოდენობის მფლობელ საერო თუ სასულიერო პირებს გვიანფეოდალური საქალაქო განწესების მიხედვით, არ შეიძლება თავიანთი მოურავები ჰყოლოდათ, მაგრამ ეს ნორმები ქალაქებში გაბატონების მოსურნე საერო თუ სასულიერო ფეოდალების მიერ, როგორც ჩანს, ირღვეოდა და ფეოდალები ცდილობდნენ სამეფო მოურავის გვერდით მსხვილ ქალაქებში საკუთარი მოურავებიც გაეჩინათ.
გვიანფეოდალურ საქართველოში ფეოდალების ამგვარ ცდას ერთგვარი წარმატებაც ჰქონდა და ზოგი ქალაქი მართლაც ფაქტობრივად გაყოფილი იყო მეფესა და მსხვილ ფეოდალებს შორის. მაგალითად, თელავი, რომელიც თითქმის ქართლ-კახეთის მეფის ერთ-ერთი საჯდომი (სარეზიდენციო) ქალაქი იყო. როგორც ერეკლე მეორის 1768 წლის დადგენილი თელავის ბაზრის მოურავის „სარგოდან“ ჩანს, ფაქტობრივად მეფესა და თავადებს შორის იყო გაყოფილი, განაწილებული. დებულების მიხედვით, თელავის შემოსავლის ერთი ნაწილი თავადების ვახვახიშვილებისა და ყორჩიბაშიშვილების ყმების მიერ თელავში შემოტანილი საქონლის ბაჟსა და სხვ. წარმოადგენდა. ასე რომ, თელავი მარტო მეფის ქალაქი არ იყო, არამედ თავადებისაც. იგი მეფესა, ვახვახიშვილებსა და ყორჩიბაშვილებს შორის იყო განაწილებული. ცხადია, ამგვარ ქალაქში როგორც მეფის, ასევე თავადების მოხელეებიც მოქმედებდნენ. მაგრამ, თელავი მაინც ერთგვარი გამონაკლისი იყო. საქართველოს სხვა ქალაქებს კი, როგორც აღინიშნა, მეფის მიერ დანიშნული მოხელე მოურავი მართავდა.
ქალაქის მოურავს, როგორც სათანადო დებულებიდან ჩანს, უნდა განეგო ყოველივე ის, რაც ქალაქსა და ქალაქში მეფის ბრძანების გატარებას შეეხებოდა. მეფე თავის ბრძანებებს პირველ რიგში ქალაქის მოურავს აცნობებდა, რომ მას იგი დაუყონებლივ გაეტარებინა.
ქალაქის მოურავს განსაკუთრებით ქალაქის ეკონომიკური ცხოვრებისათვის უნდა ედევნებინა თვალყური. თავისი ხელქვეითი მოხელეების დახმარებით იგი ქალაქის ეკონომიკური ცხოვრების ყოველ საკითხში ერეოდა. მას თვალყური ეჭირა ქალაქის ბაჟზე. ქალაქის მებაჟენიც თუ ბაჟის მოიჯარადნიც მის მოხელეებად ითვლებოდნენ. რაკი მოურავი ბაჟსაც მეთვალყურეობდა, მას სათანადო წილი ჰქონდა განკუთვნილი. როგორც დებულებიდან ჩანს, გარკვეული რაოდენობის წილს იღებდა თელავის მოურავიც.
გვიანფეოდალურ საქართველოს ქალაქებში, დავით ბატონიშვილის ცნობით, ვაჭრობა ძირითადად მეფისა და ქალაქის ხელისუფალთა მიერ დაწესებული ნიხრით წარმოებდა. „კახეთ-ქიზიყის სარგოს“ მიხედვით „კახეთსა და ქიზიყში საერთოდ ნიხრის მიცემა „მეფის ნაცვალს“ ეხებოდა, მაგრამ თელავის ბაზარში ნიხრს, როგორც ჩანს, თელავის მოურავი აწესებდა. იროდიონ გურგენიძეს თელავის ბაზრის მოურავის სარგოთა შორის ჩანიშნული აქვს: „სანიხრო ხორცი გვერგებოდა ცხვრისა წელიწადში 50 ლიტრა“ . „სანიხრო ხორცი“ თელავის ბაზრის მოურავს ხორცზე ნიხრის დაწესების შემთხვევაში შეიძლებოდა მისცემოდა. ნიხრი წესდებოდა ქალაქში შემოტანილ ხორცზე, ღვინოზე, თევზზე, ყურძენზე და სხვა სახის ხილზე. მოურავისა და ქალაქის მოხელეთა მიერ დაწესებული ნიხრი ყველა ამქრისათვის სავალდებულო იყო: ნიხრის დაცვისათვის თვალყური თვით მოურავს უნდა ედევნებინა და ნიხრის დამრღვევი-დამნაშავე უნდა დაეჯარიმებინათ. ამიტომაც ჯარიმა მოურავის სასარგებლოდ მიდიოდა.
ქალაქის მოურავის მოვალეობას შეადგენდა აგრეთვე ქალაქში ხმარებული საზომ-საწყაოთა სისწორის დაცვისათვის ზრუნვა. ქალაქის მოურავის ნებართვისა და წინასწარი შემოწმების გარეშე, ზომა-წონის ერთეულები არ შეიძლებოდა ხმარებულიყო.
ამას გარდა, მოურავთა უშუალო მოვალეობას შეადგენდა ქალაქებში საერთო წესრიგისა და წესების დაცვა, ქურდის საერთოდ, „ავი კაცისაა“ და ცუდი ზნის ქალების ძებნა. მათი დაჭერა მოურავის ბრძანებით ხდებოდა და სათანადო ჯარიმაც მოურავის სასარგებლოდ მიდიოდა. წესრიგის დაცვაში მოურავს ქალაქის პოლიციის წარმომადგენლები შველოდნენ, საამისოდ სათანადო მოხელეები (მამასახლისი, ნაცვალი და დაბალი ჩინის პოლიციელები) იყვნენ გამოყოფილი. მოურავს ევალებოდა აგრეთვე თვალყური ედევნებინა პოლიტიკურად საეჭვო პირებისათვის, რომ ისინი ქალაქიდან არ გასულიყვნენ.
ზოგიერთი ქალაქის, მათ შორის თელავის, მოურავის უფლებას შეადგენდა ასევე მოსახლის გაყრის თუ შეყრის წიგნების დამტკიცება, მამულთა, სახლთა თუ დუქანთა გაყიდვის წიგნების დამტკიცება და სხვ.
ქალაქის მოურავის მოვალეობას შეადგენდა მიეღო უცხოელი სტუმარი, გამოეყო მათთვის სათანადო საცხოვრებელი ბინა. უცხოელებიც ვალდებულნი იყვნენ თავისი მოსვლა ამა თუ იმ ქალაქში მოურავისთვის ეუწყებინათ და სათანადო საჩუქრებიც მიერთმიათ.
დავით ბატონიშვილის ცნობით, ქალაქის მოურავები ვალდებულნი იყვნენ თუ მეფე ქალაქში იმყოფებოდა, ყოველ დილით მოეხსენებინათ მისთვის ქალაქში არსებული მდგომარეობის შესახებ, მაგრამ მეფე თუ ქალაქში არ იყო, თვეში ერთხელ მაინც მიეწოდებინათ მსგავსი მოხსენება მისთვის. ამას გარდა, ქალაქების მოურავები ვალდებულნი იყვნენ ქალაქის ყოველწლიური შემოსავალ-გასავლის შესახებ წლის ბოლოს სათანადო ანგარიში ჩაებარებინათ სამეფოს სახლთუხუცესისათვის.
ქალაქის მოურავები თავიანთი მოვალეობის შესრულებისათვის სამეფო ხელისუფლებისაგან ჯამაგირს კი არ იღებდნენ, არამედ ქალაქის შემოსავლიდან ნაწილს, სარგოს. ასე რომ, გვიანფეოდალურ საქართველოში ამა თუ იმ მოურავის შენახვა მთლიანად იმ ქალაქზე იყო დაკისრებული, რომლის მოურავადაც იგი ითვლებოდა.
თელავის ბაზრის მოურავს თბილისისა და გორის მოურავთაგან შედარებით ნაკლები შემოსავალი ჰქონდა. მას წილი ედო თელავის ბაზრის იჯარაში და თუ იროდიონ გურგენიძეს დავუჯერებთ, აქედან მას ყოველწლიურად ათი თუმანი ერგებოდა. თელავის სამოურავო დებულებაში არაფერია ნათქვამი ვაჭართა მიერ მოურავისადმი მისართმევ ფეშქაშზე (ძღვენზე), მაგრამ თელავის ბაზარში გაყიდულ და გასაყიდ საქონელზე მოურავს თავისი ბაჟი უნდა აეღო. ასევე მას ეკუთვნოდა „ღვინის ჭაშნიკიც“; ბაჟი ხმელ თევზზე, ხიზილალაზე, ბამბაზე და სხვ.
აღსანიშნავია, რომ თელავისადმი ერეკლე II-ის მიცემული 1768 წლის განწესებით სატარუღო-სამორავო სხვაგვარი იყო, ვიდრე თბილისსა და გორში „სატარუღო შეძლებულზე აბაზი და ღარიბზე ორი შაური“. XVIII საუკუნის მიწურულს კი თელავის სატარუღო გათანაბრებია სხვა ქალაქების სატარუღო რაოდენობას და იროდიონ გურგენიძის ცნობით, აქაც ექვსი შაური ყოფილა განსაზღვრული. ამას გარდა, თელავის „ბაზრის კაცები“ მოურავის წინაშე სხვადასხვა საჩუქრებით სხვაგვარ სამსახურსაც წევდნენ. თელავის მოურავის იყო „თავის გასამტეხლო კაცზე თორმეტი მინალთუნი“, საბატონო ჯარიმის მესამედი და სხვ. თელავის ბაზრის უკანასკნელი მოურავის იროდიონ გურგენიძის ცნობით, მისი შემოსავალი საშუალოდ 46 თუმანსა და 3 მინალთუნს (463 მანეთს) უდრიდა, თითქმის 5-ჯერ ნაკლებს, ვიდრე გორის მოურავის ოთარ ამილახვრისა, რომლის ყოველწლიური შემოსავალი 210 თუმანი (2100 მანეთი) იყო.
ამგვარად, როგორც ზემოგანხილული მასალებიდან ჩანს, ქ. თელავის მართვა-გამგეობას ფეოდალური ხანის დამახასიათებელი ნიშან-თვისება ჰქონდა.


ავტორი პროფესორი თეიმურაზ ვახტანგიშვილი / თელავის მკვიდრი  

 

ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ : 100 წლის წინ თელავის სავალდებულო დადგენილება სანიტარულ ნაწილში


მეტი

მსგავსი სიახლეები

Close