Home დღის ამბები ეკონომიკა Viber-ის აპლიკაციას საინფორმაციო-ტექნოლოგიურ მომსახურებას საქართველოდან გაუწევენ

Viber-ის აპლიკაციას საინფორმაციო-ტექნოლოგიურ მომსახურებას საქართველოდან გაუწევენ

მთავრობის დადგენილებით, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში (IT) საქმიანობაზე შპს “ვაიბერ ჯიეის” საერთაშორისო კომპანიის სტატუსი მიენიჭა, რომელიც საქართველოში მიმდინარე წლის 8 აპრილს დარეგისტრირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

საწარმოს 100%-ის წილის მესაკუთრე პარტნიორია ლუქსემბურგში რეგისტრირებული კომპანია შპს “Viber Media Sàrl”-ი. შპს “ვაიბერ ჯიეი” აპირებს თავის დამფუძნებელ კომპანიას შპს “Viber Media Sàrl”-ს “Viber”-ის აპლიკაციის სამომავლო საქმიანობის ოპერირებისა და განვითარების მიზნით საინფორმაციო-ტექნოლოგიური მომსახურება გაუწიოს.

უწყების ცნობით, კომპანიას დაგეგმილი აქვს 2022 წლის ბოლომდე დაიქირაოს 50-მდე თანამშრომელი, როგორც iOS და Android დეველოპერები, ასევე, ხარისხის უზრუნველყოფის პერსონალი და შიდა ინტერფეისის (JAVA) დეველოპერები.

შპს “ვაიბერ ჯიეის” საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია: პროგრამული უზრუნველყოფის გამოცემა, კომპიუტერული დაპროგრამება, კონსულტირება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები, საკონსულტაციო საქმიანობები კომპიუტერული ტექნოლოგიების დარგში, ციფრული პროდუქტის დამზადება ან/და მიწოდება, პროგრამული უზრუნველყოფის მხარდაჭერისა და მისი განახლებული ვერსიის მიწოდების ჩათვლით, ვებგვერდის დამზადება ან/და მიწოდება. იმისათვის, რომ საქართველოს საწარმოს მიენიჭოს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი: უნდა ჰქონდეს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; შეიძლება იყოს არარეზიდენტი საწარმოს წარმომადგენელი საქართველოში, თუ ამ არარეზიდენტ საწარმოს აქვს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება; შეიძლება ჰყავდეს 50%-ზე მეტი წილის მქონე პარტნიორი და ამ პარტნიორს აქვს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.